ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2018

მძღოლებმა პარკირებისთვის წელიწადში 1 500 ლარი უნდა იხადონ

რუსეთი ისრაელის წინააღმდეგ - რა მოჰყვება სირიაში 15 რუსი სამხედროს დაღუპვას

***

მძღოლებმა პარკირებისთვის წელიწადში 1 500 ლარი უნდა იხადონ

"დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირება მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობისათვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემის შემოღებით გადასახადი თბილისში საგრძნობლად გაიზრდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თუკი ტარიფი კომერციული პარკირების საფასურს დაუახლოვდება, როგორც ეს ვიცე-მერმა განაცხადა, პარკირების წლიური ხარჯი დაახლოებით 1 500 ლარს მიაღწევს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, მძღოლებმა პარკირებისთვის წელიწადში 1 500 ლარი უნდა იხადონ

"მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება ტარიფთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვთ, მაგრამ რამდენიმე დეტალი უკვე ცნობილია. კერძოდ, მომავალი წლიდან პარკინგის წლიური 50-ლარიანი გადასახადის გარდა, მძღოლებს თბილისის ზოგიერთ უბანში დამატებით საათობრივად მოუწევთ პარკინგის საფასურის გადახდა. „შეიძლება, აღებული იყოს კომერციული პარკირების საფასური, როგორც მაქსიმალური ზღვარი. როგორც იცით, დღესაც არსებობს კომერციული როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგები და მათი საფასური მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალური პარკირების წლიურ საფასურს. შესაძლებელია, დაახლოებით ამ ზღვარში იმსჯელოს საკრებულომ", - განაცხადა ხმალაძემ", - აღნიშნავს გამოცემა.

"გამოდის, რომ რჩება წლიური 50-ლარიანი გადასახადი და შემოდის საათობრივი პარკირების გადასახადი. ადამიანმა 2-ჯერ რომ გააჩეროს მანქანა. დღეში დამატებით 4 ლარს გადაიხდის, რაც თვეში 120 ლარია, ხოლო წლიური გადასახადის მოცულობა 1440 ლარამდე აღწევს. თუ ამ თანხას 50-ლარიან გადასახადს დავამატებთ, პარკირების ხარჯი ყოველწლიურად დაახლოებით 1490 ლარს მიაღწევს. ეს არის საშუალო მაჩვენებელი, სინამდვილეში, მძღოლებს მეტის გადახდაც მოუწევთ.

ფაქტობრივად, `სითი პარკის~ ქალაქიდან დათხოვნას მძღოლებისათვის არაფერი სასიკეთო არ მოუტანია. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ საბოლოოდ რა მოდელს წარმოადგენენ, ჯერ კიდევ გაუგებარია. ცუდი გადაწყვეტილება იქნება, თუ 50-ლარიან გადასახადს ისევ ძალაში დატოვებენ. „პარკირებაში არის არაერთი პრობლემა, მათ შორის - „უწყინარ სტაიაშიკებთან" დაკავშირებით, როგორც მათ მერიაში უწოდებენ. რეალურად ისინი გადაიქცნენ მიწათმფლობელებად, ვინაიდან ის ფართი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, საჯარო სივრცეა და „სტაიაშიკების" მიერ არის დაკავებული. წინასწარ თანხას თუ არ გადაუხდი, დასაპარკინგებლად არც გიშვებენ. ამისთვის იყენებენ რკინის ჯაჭვებსა და მინისა თუ რკინის სხვადასხვა კონსტრუქციას. ვფიქრობ, რომ მერიას პირველ ეტაპზე ეს საკითხი აქვს მოსაგვარებელი", - განაგრძობს გამოცემა.

"გაცილებით მეტი ფული გვეხარჯება „სტაიაშიკებთან", შეიძლება, 10-ჯერ მეტიც კი წლის განმავლობაში. ვის ინტერესშია და ეს ფული სად მიდის, ჩვენთვის უცნობია. ამ დროს უამრავი შემოღობილი ადგილი აქვთ მითვისებული კერძო თუ იურიდიულ პირებს, რომლებიც თვითნებურად აწესებენ გადასახადს პარკირებისათვის. გარდა განცხადებისა, რომ იქნება ზონალური თუ საათობრივი გადასახადი, ჩვენ მერიისაგან ველოდებით კონკრეტულ პროექტს. ამის შემდეგ გვეცოდინება, ტარიფები როგორ დაითვლება. აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ მძღოლებს საკმაოდ მაღალი გადასახადის გადახდა მოუწევთ, ხოლო კომერციული პარკინგის ტარიფს თუ დაუახლოვდება, წლიური გადასახადი, სავარაუდოდ, 1500 ლარს მართლაც მიაღწევს და რეალურად შეიძლება, მძღოლებს მეტის გადახდაც მოუწიოთ", - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ პარკირებასთან დაკავშირებით ცვლილებები არათუ თანამხვედრი, ელემენტარულად, თანმიმდევრულიც არ არის. პარკირების სისტემის ცვლილებები წინ უსწრებს ავტობუსების რაოდენობის შევსებას. როგორც ვხედავთ, პარკირება ძვირდება, ადამიანები შეიძლება, ვერც მივიდნენ ქალაქის ცენტრში მაღალი გადასახადის გამო. ისინი რაღაცით ხომ უნდა გადაადგილდნენ ცენტრალური უბნების მიმართულებით და გარეუბნებშიც, მაგრამ აქ სერიოზული პრობლემები ხვდებათ. გადაადგილება ძალიან გართულდა, ტრანსპორტი გადატვირთულია, ოქტომბერში ვითარება ამ მხრივ ნამდვილად დამძიმდება. როცა მოქალაქეებს ავტომობილით სარგებლობას უზღუდავ (რაც რეალურად ასეა), მაშინ ალტერნატივას უნდა სთავზაობდე. ამის შესაძლებლობა მოქალაქეებს, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ 2020 წელს ექნებათ მაშინ, როცა 2019 წლიდან უკვე პარკირების გადასახადი უნდა გაძვირდეს. ავტობუსების შემოყვანა არის კარგი, რაც მოგვწონს და ამას ვაღიარებთ, მაგრამ ცვლილებები უნდა იყოს თანმხვედრი მაინც, თუ თანმიმდევრული არა", - აცხადებს მესხიშვილი", - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება პარკირების ახალ მოდელს, ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის" ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია ფასიანი პარკირების არსებობა დედაქალაქის უბნებში, რაც შეიძლება, მოქალაქეებისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ ქალაქისათვის სასარგებლო იქნება. „მნიშვნელოვანია ისეთი პარკირების სისტემის შემოღება, რაც გულისხმობს ზონირებას. ფასებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, სანამ ეს ოფიციალურად არ გახდება ცნობილი, თუმცა ყველა ევროპულ ქალაქში ასე ხდება: ცენტრალურ ნაწილში ბევრად ძვირი ღირს საათობრივი პარკირება, ვიდრე გარეუბნებში. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხედვა ნამდვილად ევროპულია. ცხადია, ამის პარალელურად აუცილებელია ავტობუსებისა და ტრანსპორტის განვითარება. როცა სახელმწიფო, ერთი მხრივ, მტკივნეულ რეფორმას გაატარებს, მოქალაქეებს ალტერნატივაც უნდა შესთავაზოს. მერიამ უნდა შექმნას ის გარემო, რომ მოქალაქეებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული იყოს და კერძო ავტომობილებით ყოველდღე არ იარონ", - წერს სტატიის ავტორი.

რუსეთი ისრაელის წინააღმდეგ - რა მოჰყვება სირიაში 15 რუსი სამხედროს დაღუპვას

"სირიის კონფლიქტში რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები იძაბება, რისი მიზეზიც ისრაელის ავიაიერიშების დროს სირიის სამთავრობო ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული დაზვერვის თვითმფრინავი და დაღუპული 15 რუსი სამხედროა. მართალია, მოსკოვი აღიარებს, რომ რუსული "ილ-20" რუსულივე რაკეტით სირიის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს არა მისი მოკავშირე სირიის, არამდე ისრაელის პროვოცირების ბრალია და ამ მტრულ ქმედებას მოსკოვი ადეკვატურად გასცემს პასუხს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რუსეთი ისრაელის წინააღმდეგ - რა მოჰყვება სირიაში 15 რუსი სამხედროს დაღუპვას

"რა იგულისხმება ადეკვატურ პასუხში, კრემლში ამაზე არაფერი უთქვამთ და ამ მუქარის შემდეგ დაიწყო მსჯელობა იმაზე, შესაძლოა თუ არა, სირიაში რუსეთი ისრაელს ღიად დაუპირისპირდეს. ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე მეტად პრობლემა უფრო 15 რუსი სამხედროს დაღუპვაა და ამას ძალიან სერიოზული გამოძიება და ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული პერიოდი მოჰყვება, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა. მისი თქმით, თუკი რუსეთი დარწმუნდა, რომ ისრაელის მხრიდან წინასწარ გათვლილ პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, ის საპასუხო ქმედებას აუცილებლად დაგეგმავს, მაგრამ ეს პირდაპირი დაპირისპირება მაინც არ იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ადეკვატურ პასუხს გავცემთ - ასე თქვა რუსეთმა. ადეკვატური პასუხი არ არის, ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვან ან სხვა რამე სისულელე ჩაიდინონ. ისრაელს უშუალოდ არ ჩამოუგდია ეს თვითმფრინავი, მას პროვოცირებაში სდებენ ბრალს. ველოდები იმას, რომ ისრაელის მიმართულებაზე სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებს გააძლიერებს და ისრაელის წინააღმდეგ "სხვისი ხელებით" იმოქმედებს", - ამბობს სალუქვაძე. მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება დროში დაემთხვა სოჭში ერდოღანი-პუტინის შეხვედრასა და შეთანხმების გამოცხადებას, რომ რუსეთი და თურქეთი სირიაში, იდლიბში 15-20-კმ-იანი დემილიტარიზაციის ზოლს შექმნიან და ოპოზიციური ძალები იდლიბიდან მძიმე ტექნიკას გაიყვანენ. ამიტომაც გაძლიერდა ეჭვი, რომ, გამორიცხული არ არის, ეს ინციდენტი შემთხვევით არ მომხდარა, თუმცა რუსეთი, რომელიც ადეკვატური ნაბიჯით იმუქრება, ისრაელს პირდაპირ ვერ დაუპირისპირდება. "ასეთი მძლავრი არმიების მქონე სახელმწიფოებს შორის უშუალო დაპირისპირებამდე მისვლა იოლი არ არის. ისრაელთან დაპირისპირება, ფაქტობრივად, აშშ-თან დაპირისპირებას ნიშნავს. ამიტომაცაა, რომ ირიბად ეომებიან ერთმანეთს", - განაგრძობს გამოცემა.

"ასე იყო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ყველა კონფლიქტში, რომლებიც ყოფილა ვიეტნამში, ახლო აღმოსავლეთში, ერთი მხრიდან იყო საბჭოთა კავშირი რომელიმე ქვეყნის მხარდამჭერი და მეორე მხრიდან იყო ნატო ან აშშ, ან კოალიცია. ასეა ახლაც სირიაში. 2017 წლის დეკემბრიდან სირიაში ახალი ფაზა დაიწყო, როდესაც გარე მოთამაშეებს შორის არაპირდაპირ დაპირისპირებას ვხედავთ და ეს არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოვლინება. თუ რუსეთი დარწმუნდება, რომ ისრაელმა ეს განზრახ მოაწყო, რუსეთი აუცილებლად გააძლიერებს სირიის საჰაერო თავდაცვას ისრაელის მიმართულებით და შესაძლოა, გააკეთოს განცხადება, რომ სირიის საჰაერო სივრცეში ისრაელის საფრენი აპარატების შემოფრენის შემთხვევაში მიღებული იქნება ზომები. ასეთ განცხადებას არ გამოვრიცხავ. რაიმე უშუალო დაპირისპირებას ისრაელთან გამოვრიცხავ", - აცხადებს სალუქვაძე. სირიაში რუსული თვითმფრინავი 17 სექტემბერს ისრაელის მხრიდან სირიის მიმართულებით ავიაიერიშის დროს ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ რუსული დაზვერვის თვითმფრინავი "ილ-20", რომლის ბორტზეც 15 ჯარისკაცი იმყოფებოდა, სირიის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული სარაკეტო დანადგარით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ტრაგიკულ ინციდენტში დამნაშავე არა სირიის ჯარები, არამედ ისრაელის სახელმწიფოა", - დასძენს გამოცემა.

"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა, ვინც მანამდე ერთი დღით ადრე მსოფლიოს არწმუნებდა, რომ მალაიზიის ბოინგი ჩამოგდებული იყო რუსული რაკეტით, მაგრამ უკრაინელების მიერ, განაცხადა, რომ "ილ-20" ჩამოაგდეს სირიელებმა რუსული რაკეტებით, მაგრამ ეს ისრაელის ბრალია - სირიული საჰაერო თავდაცვის სისტემების სამიზნე ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავები იყო, თუმცა ისრაელის ავიაგამანადგურებელი "ეფ-16"-ები, რომლებმაც სირიის ობიექტების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ "ილ-20"-ს ამოეფარნენ. ამიტომაც სირიის საჰაერო ძალების რაკეტა რუსულ თვითმფრინავს მოხვდა. რუსული მედიის ცნობით, 17 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი "ეფ-16"-მა მართვადი საჰაერო ბომბებით იერიში მიიტანა სირიის სამხედრო სამიზნეებზე ქალაქ ლატაკიაში და ისრაელის თვითმფრინავებმა განზრახ შექმნეს სახიფათო სიტუაცია, რადგან დაბომბვა განხორციელდა ძალიან ახლოს იმ ადგილიდან, სადაც მდებარეობდა ფრანგული ფრეგატი და უშუალო სიახლოვეს, სადაც რუსეთის სადესანტო "ილ-20" ეშვებოდა დასაჯდომად. რუსული მედიის მტკიცებით, სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებულ "ილ-20"-ში სისტემა "მეგობარი ან მტერი" ვერ ამუშავდა, რადგანაც ძალიან ახლოს იყვნენ ისრაელის გამანადგურებლები. სირიის არმიამ კი ისრაელის გამანადგურებლების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის სიგნალი მიიღო და გახსნა ცეცხლი. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, ისრაელის მხარემ არ გააფრთხილა რუსეთი, რომ იერიშისათვის ემზადებოდა. "ცხელ ხაზზე" შეტყობინება იერიშამდე მხოლოდ ერთი წუთით ადრე მიიღეს, რის გამოც სახიფათო ზონიდან რუსული თვითმფრინავის გაყვანა ვერ მოხდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ისრაელელ კოლეგას განუცხადა, რომ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო ბრალი მთლიანად ისრაელზეა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისრაელის ქმედებებს მტრულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ადეკვატური რეაგირების უფლებას იტოვებს", - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა