ლინდსი გრემი - საქართველო დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოსადმი დახმარება მუდმივად დგას სენატის დღის წესრიგში. ბახტაძის თქმით, სწორედ ლინდსი გრემის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სენატორმა გრემმა, თავის მხრივ, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველო ამ მხრივ ლიდერია რეგიონში.

„სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მან დადებითად შეაფასა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

სენატორმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის.

პრემიერ-მინისტრმა და სენატორმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

სენატორმა ლინდსი გრემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა