ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ლაშა გოგიას გადადგომის საკითხის განხილვას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადება ცნობად მიიღო. აღნიშნული საკითხის განხილვას საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და მოუწოდა, რომ თანამდებობიდან გადადგეს, რადგან მერის მიერ შეთავაზებული საკითხები სხდომაზე სწორედ მას გაჰქონდა.

„იმ კორუფციული სკანდალში, რომელშიც გარეული არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, მონაწილე არის მამუკა წოწერიაც. მას აკისრია პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გადადგეს, რადგან მერის ყველა გადაწყვეტილება მას გამოჰქონდა საკრებულოზე და იცავდა უპირობოდ“, - აღნიშნა წითლიძემ.

მამუკა წოწერიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობას, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიაც. ის ზუგდიდის ყოფილი მერის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დარჩენას სამარცხვინოს უწოდებს. „ყოველივე იმის შემდეგ, რაც წინა კვირას ვიხილეთ, ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აეღოთ, მივიღეთ გადაჯგუფება. გვაქვს ბიძინა ივანიშვილისა და ბახტაძის პატარა სცენარი ზუგდიდში. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და საზოგადოების დაცინვა „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - აღნიშნა შელიამ სხდომაზე.

რაც შეეხებას მამუკა წოწერიას, მან განმარტა, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებენ. „ემოციური განცხადებებისგან, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ. არ უნდა გამოვიდეთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან და არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმპცია. მერმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ველოდებით გამოძიების შედეგებს. გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა მივიღებთ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. კორუფციული სქემები კი ჯერ კიდევ დასადგენია“, - აღნიშნა წოწერიამ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად 17 სექტემბერს დაწერა. გოგიას მოვალეობას მისი მეორე მოადგილე მაიზერ ნანავა ასრულებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა