ხათუნა ლაგაზიძე - რუსეთში საქართველოსთან მიმართებაში შესაძლოა ახალი, სახიფათო სცენარი მზადდებოდეს, შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მის ნაწილად მიიჩნეოდეს? - შეიძლება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ვინაიდან ქვეყანა კარგა ხანია საპრეზიდენტო არჩევნების რეჟიმშია და ვინაიდან წლევანდელი შემოდგომის უმთავრესი პოლიტიკური მოვლენა სწორედ ამ არჩევნების შედეგები იქნება, ჩვენი საუბარის ამ თემით დაწყებაც აბსოლუტურად გასაგებიც უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები საკმაოზე მეტად შეკვეცილია, თუ მასში მონაწილე კანდიდატების სიას გადავავლებთ თვალს და იმასაც, თუ რა ვნებათაღელვა ახლავს ამ პროცესს, რომელიც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა იმაზე მეტ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ვიდრე ქვეყნის მოსახლეობა 28 ოქტომბერს საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს, თქვენ როგორ შეაფასებდით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

- საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებაში არის ხელისუფლებისა და ზოგადად, არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ მზარდი უნდობლობა და მიუღებლობა, გაცვდა და არაფრის მომცემია.

დიდი ალბათობით, ხელისუფლება ეცდება დროს დაასწროს და არჩევნები 2019-ში გადმოწიოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ კვლავ „ოცნების“ უმრავლესობას მაჟორიტარების წყალობით, პლუს „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“ - სავარაუდოდ ასეთია ხელისუფლების გათვლა

ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, სად არის გამოსავალი. ამ არჩევნებზე ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ის საოცარი უკმაყოფილება ხელისუფლებით, რომელიც დღეს არის, 2020-ში კონკრეტულ საარჩევნო ხმებად უნდა იქცეს.

ამისი ასპროცენტიანი შანსია: 2020-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი პოლიტიკური სუბუექტები შეიქმნას, მით უფრო, რომ 3%-იანი საარჩევნო ბარიერი მართლაც ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს ქმნის. დრო ცოტაა: არსებული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ხალხის დამოკიდებულება არ შეიცვლება, ხელისუფლების მიმართ კი მკვეთრად გაუარესდება.

ეს იცის ხელისუფლებამ, ამიტომ დიდი ალბათობით, ის ეცდება დროს დაასწროს და არჩევნები 2019-ში გადმოწიოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ კვლავ „ოცნების“ უმრავლესობას მაჟორიტარების წყალობით, პლუს „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“ - ასეთი იქნება ხელისუფლების გათვლა და პრინციპში, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება მიიჩნევს კიდეც, რომ ის ამ გზით ხელს შეუწყობს არაპროდუქტიული „ოცნების“ უფრო ინოვაციური და დასავლური პარტიებით ევოლუციურ ჩანაცვლებას.

ხოლო როგორ იქნებიან პრორუსული პარტიები წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაგრძელდება რუსეთის შემოღწევის ტემპები საქართველოში.

რას ვაკეთებთ ამ დროს, სამოქალაქო თუ საზოგადოებრივი აქტივისტები?! არაფერს, თავზე ნაცარს ვიყრით ფეისბუკზე. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო ნაკლები ხალხი მივა არჩევნებზე, მით უფრო რეალური გახდება ზურაბიშვილის გამარჯვება, რადგან ხელისუფლება მობილიზებას გაუკეთებს ადმინისტრაციულ რესურსს და ცოტა ამომრჩეველში ადმინისტრაციული რესურსის ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდება.

რაც უფრო ნაკლები ხალხი მივა არჩევნებზე, მით უფრო რეალური გახდება ზურაბიშვილის გამარჯვება, რადგან ხელისუფლება მობილიზებას გაუკეთებს ადმინისტრაციულ რესურსს და ცოტა ამომრჩეველში ადმინისტრაციული რესურსის ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდება

ან თუნდაც ის, რომ ამომრჩეველთა უმეტესობამ არ იცის, რომ ყველა კანდიდატის გადახაზვის შემთხვევაში, ბიულეტენი ბათილდება და ამით ისევ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი მცირდება. რა ძალისხმევა უნდა იმას, რომ შევიკრიბოთ 20-25 კაცი, გავაკეთოთ თუნდაც კუსტარული სოციალური კლიპი, სადაც ზემოთ თქმულს გასაგებად ავუხსნით ამომრჩეველს და დავატრიალოთ იგივე ფეისბუკში. ფული უნდა ამას?! არა, თავის და გულის განძრევა უნდა. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია: მე ჩემს პატარა ბიზნესს მივხედო, თქვენ - თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობას, სხვა ჩვენმა კოლეგამ თუ მეგობარმა თავის არასამთავრობოს და გრანტებს და ვართ ასე ჩვენც, სხვისი ხელის შემყურეები, მესიის მოლოდინში.

მე მგონი, ყველას გვაკმაყოფილებს ჩვენი როლი, სალომე - პრეზიდენტად, „ოცნება“ - სათავეში და წუწუნი - უბედობაზე. სხვა სურვილი არც გვაქვს. ჰოდა, ვიქნებით ასე, სანამ ხელს არ გავანძრევთ და მეტის მიღწევის სურვილი არ გაგვიჩნდება.

- პრეზიდენტობის კანდიდატების სიმრავლის მიუხედავად ფაქტია, რომ გაპრეზიდენტების ყველაზე მეტი შანსი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატად მიიჩნევს.

პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის აზრით - “ოცნებამ“ ზურაბიშვილზე არჩევანი იმის გამო გააკეთა, რათა აკონტროლოს სახელმწიფოს მეთაურად გამწესებული პირი, რომელსაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია“. თქვენი დაკვირვებით, რატომ დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილს?

- დიახ, მომავალ პრეზიდენტს, მიუხედავად მცირე უფლებებისა, აქვს რეალური შანსი საერთო-სახალხო ლიდერად ქცევის, უკმაყოფილო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების და ამ ტალღაზე 2020-ში ხელისუფლების ცვლილების. უნდა ეს „ოცნებას“?! არ უნდა. ამიტომაც აირჩიეს უკიდურესად კონფრონტაციული ზურაბიშვილი, რომელიც ვერასდროს ვერავის გააერთიანებს.

ხელისუფლებამ არჩევანი უკიდურესად კონფრონტაციულ ზურაბიშვილზე იმიტომ გააკეთა, რომ იგი ვერასდროს ვერავის გააერთიანებს მმართველი გუნდის წინააღმდეგ

ვფიქრობ, ეს არის ძირითადი მიზეზი მასზე არჩევანის შეჩერების. გარდა ამისა, უშანსო ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანით ბიძინა ივანიშვილი, უპირველეს ყოვლისა, თავის ამბიციურ ლიდერებს დაანახვებს: „ატამანს ნუ აუხირდები“, ჩემთან შერკინების შანსი არ გაქვთ, მე წაგებულ თამაშსაც კი ვიგებო.

- უკვე ვიცით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბიშვილი 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით კრემლის ვერსიას იმეორებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ პირად საუბარში ქალბატონ ზურაბიშვილს მისთვის აქვს ნათქვამი - თუ საქართველოს განვითარება უნდა, აფხაზეთი უნდა მოიშოროს ანუ უარი თქვას მის დაბრუნებაზე.

“რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობის თემას საკმაოდ ვრცელი სტატუსი მიუძღვნა. მისი აზრით, ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილზე ფსონის დადებით მესიჯი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ზურაბიშვილის განცხადებების გათვალისწინებით წარმოუდგენელიც კი იქნებოდა კრემლში არ ახარებდეთ საქართველოში ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების დიდი ალბათობა. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რას შეიძლება ფიქრობდნენ მოსკოვში ზურაბიშვილზე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატზე და ზურაბიშვილზე ფსონის დადებით, სავარაუდოდ, რა მესიჯი გაუგზავნა ივანიშვილმა პუტინს?

- ბევრი რამ ისეთი აუხსნელი ხდება ამ წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ხანდახან იმასაც კი იფიქრებ, ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის თავსმოხვეული კანდიდატი ხომ არაა: აბა რას უნდა მივაწეროთ, გაგანია საარჩევნო კამპანიისას, როცა იცი, რომ გყავს კანდიდატი, რომლის რეიტინგიც ორციფრა ნიშნულს ქვემოთაა, კანაფის კულტივაციის თემის შემოტანა და ისედაც იმედგაცრუებული ამომრჩევლის კიდევ უფრო გაღიზიანება.

ან მარიხუანის გამო სამღვდელოების პროტესტის მეორე დღეს შენი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება, რომ მე გავწევ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ ახსნა-განმარტებით, საინფორმაციო კამპანიასო.

სულ უფრო სახიფათო ხდება რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართაც - შესაძლოა, ხელისუფლებას ზურაბიშვილის კანდიდატურა რუსეთთან დროის მოსაგებად სჭირდებოდეს

რეალურად კი მოდით ვნახოთ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო. დასავლეთის ახალი სანქციები, რომლებიც ძალაში ნოემბრიდან შევა რუსეთს, ფაქტობრივად, კედელთან აყენებს. რუსული სააგნეტოების ინფორმაციით, ჩინეთიც კი შეუერთდა დასავლეთის ანტირუსულ სანქციებს და რუსულ კომპანიებს უარს ეუბნება ტრანზაქციებზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის ეკონომიკას. რუსეთის მოსახლეობისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებაც.

ასეთ პირობებში, პუტინის ხელისუფლებას შეიძლება დასჭირდეს ძლევამოსილი გამარჯვება პატარა ფრონტზე. მეზობელი ქვეყნები, რა თქმა უნდა, რისკის ზონაში ექცევა. რუსული პოლიტიკა სულ უფრო აგრესიული ხდება საკუთარი პარტნიორების მიმართაც კი: სულ ახლახანს რუსეთმა სომხეთი აიძულა სამხედრო შენაერთი გაეგზავნა სირიაში რუსეთის სამხედროების მხარდასაჭერად.

საბჭთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის აგრესიულ სამხედრო ოპერაციებში ყოფილი საბჭოთა ქვეყნის საჯარისო შენაერთის ოფიციალური ჩართვა უპრეცედენტო მოვლენაა. და სომხეთი დაისაჯა კიდეც ამისთვის: სომხეთის ახალ პრემიერთან შეხვედრაზე ტრამპმა უარი განაცხადა.

სულ უფრო სახიფათო ხდება რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართაც: მხოლოდ ბოლო ინფორმაციები ჩამოვთვალოთ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენთვის კარგად ცნობილ იგორ გიორგაძის ცნობებზე დაყრდნობით, ითხოვს დაიწყოს გამოძება საქართველოში ამერიკელების მიერ აშენებულ ლუგარის ლაბორატორიაში თითქოსდა ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ, რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეობა ენიჭება საბჭოთა კავშირში დაბადებულ, რუსულად მოსაუბრე ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი დღევანდელი საცხოვრებელი ადგილისა.

ბევრი რამ მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა რუსეთში საქართველოსთან მიმართებაში ახალი, ძალზედ სახიფათო სცენარი მზადდებოდეს. შეიძლება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიიჩნეოდეს ამ ახალი სცენარის ნაწილად?! მისი განცხადებებიდან გამომდინარე, შეიძლება

ჩვენი მკითხველისთვის ცხადი რომ იყოს, ეს რაზეა გათვლილი, შევახსენებ, რომ რუსეთს ღიად აქვს გაცხადებული, რომ დაიცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

არ დაგვავიწყდეს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებაც, რომ ის შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოსთან დიალოგის დაწყებას.

ეს ყველაფერი და ბევრი სხვაც მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთში შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში ახალი, ძალზედ სახიფათო სცენარი მზადდებოდეს. შეიძლება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიიჩნეოდეს ამ ახალი სცენარის ნაწილად?! მისი განცხადებებიდან გამომდინარე, შეიძლება. ეს მოვლენათა განვითარების პესიმისტური ვერსიაა.

ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში კი ხელისუფლებას ზურაბიშვილის კანდიდატურა რუსეთთან დროის მოსაგებად შეიძლება სჭირდებოდეს, რათა კედელთან მიყენებული რუსეთის აგრესიის მსხვერპლად მორიგ ჯერზე არ ვიქცეთ. მით უფრო მაშინ, როცა ჩვენი უსაფრთხოების მთავარ გარანტორს - ამერიკას - დღეს ჩვენთვის ნაკლებად სცალია.

თუ ამერიკამ საქართველოს ინტერესების დაცვა არ გააძლიერა, შეიძლება ნამდვილად დავიქცეთ

ამერიკის დღევანდელ პოლიტიკას საქართველოს მიმართ ასე აღვწერდი: ჯერ რუსეთს და სხვა პრობლემებს მოვუაროთ, საქართველო - არსად გაიქცევა. გაქცევისა რა გითხრათ, მაგრამ თუ ამერიკამ საქართველოს ინტერესების დაცვა არ გააძლიერა, შეიძლება ნამდვილად დავიქცეთ.

- საპრეზიდენტო არჩევნებში საკმაოზე მეტად ბევრი კანდიდატი კი მონაწილეობს, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ რამდენიმე მათგანს შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ მეტ-ნაკლებად გასწევს კონკურენციას.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა საკმაოდ დაბალი იქნება, შესაბამისად, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი გახდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტობის კანდიდატების შანსებს მოახლოებულ არჩევნებში და თქვენი აზრით, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი?

- ხელისუფლება სწორედ ამას ითვლის, რომ მეორე ტურში გასვლის მაღალი შანსები აქვთ „ნაციონალების“ და ყოფილი „ნაციონალების“ კანდიდატებს. ჯერ სახელსუფლო პიარი სრული სვლით არ ჩართულა: მალე დაიწყება საუბრები იმაზე, რომ გრიგოლ ვაშაძის ან დავით ბაქრაძის გამარჯვების შემთხვევაში, პირველი აქტი, რომელსაც ისინი მიიღებენ, იქნება სააკაშილის შეწყალების აქტი, შემდეგ მისი დაბრუნება საქართველოში და დანარჩენს თავად მიხვდებით - შეშინებული ხალხი წავა და ისევ ზურაბიშვილს მისცემს ხმას, სულ მინიმუმ, მის გაპრეზიდენტებას არ გააპროტესტებს.

თუ ხელისუფლებას მართლაც დამოუკიდებელი კანდიდატი უნდოდა, დავით უსუფაშვილზე უკეთეს კანდიდატურას ვერ იშოვიდა

არადა, თუ ხელისუფლებას მართლაც დამოუკიდებელი კანდიდატი უნდოდა, დავით უსუფაშვილზე უკეთეს კანდიდატურას ვერ იშოვიდა. უსუფაშვილს ახლაც აქვს შანსი, რომ „აგრესიული“ საარჩევნო კამპანიის შემთხვევაში სერიოზული შედეგი დადოს, თუკი დარჩენილ მოკლე დროში ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ ვისაც არ უნდა „ნაციონალები“ ან მისგან გამოსული პარტიები და არც სარუსეთოდ უძგერს გული - სწორედ მას მისცეს ხმა. თუმცა, აგრესიულ კამპანიას სოლიდური ფინანსები და ენერგია სჭირდება. ვნახოთ, დარჩენილ დროში რას მოასწრებს ის.

- ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო კომისიამ იმსჯელა და საკმაოდ სერიოზული დასკვნაც დაიდო. მმართველი გუნდი ამ თემაზე ოპოზიციის დასკვნას არ ეთანხმება.

კომისიამ ამ ამოცანას მეტ-ნაკლებად თავი გაართვა, მაგრამ საქმეზე სამართლიანი განაჩენი უნდა დადგეს. ეს ამოცანა კი დღემდე გადაწყვეტილი არაა, რის გამოც შვილმკვდარი მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველზე აქციებს მართავენ. რატომ აყოვნებს ხელისუფლება იმ ადამიანების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებსაც ამ საქმის თავიდანვე არაკვალიფიციურად გამოძიებაში ედებათ ბრალი? და კიდევ, სავარაუდოდ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს სარალიძე-მაჩალიკაშვილის გააქტიურებამ პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე?

- ხელისუფლების დამოკიდებულებას „სარალიძის საქმესთან“ ჰქვია სიბეცე, ერთი სისულელის თუ დანაშაულის მეორე, უფრო დიდი დანაშაულით გადაფარვის ბრიყვული მცდელობა, წინამორბედების შეცდომების გაუთვალისწინებლობა, რითიც საბოლოოდ ხელისუფლების თვითგანადგურების რეჟიმი ირთვება.

რამდენადაც ვიცი, „სარალიძის საქმე“ ისეა გაფუჭებული, რომ დარწმუნებულნი რომც ვიყოთ რეალური მკვლელი ვინ არის, მტკიცებულებები გამქრალია და მტკიცებულებებთან ერთად გამქრალია მკვლელის დასჯის სამართლებრივი საფუძლებიც.

ხელისუფლების დამოკიდებულებას „სარალიძის საქმესთან“ ჰქვია სიბეცე, ერთი სისულელის თუ დანაშაულის მეორე, უფრო დიდი დანაშაულით გადაფარვის ბრიყვული მცდელობა

სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მხოლოდ ემპირიული ცოდნით ვინმეს დაჭერა და პასუხისგებაში მიცემა, კიდევ უფრო დიდ უბედურებას დაუდებს სათავეს. მაგრამ შვილმკვდარ მამას ჰკითხეთ, მისთვის ეს რა შეღავათია?!

რაც შეეხება იმას, როგორ აისახება ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მინდა გითხრათ, რომ ამ არჩევნებისგან მე გარღვევას არ ველი.

ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები შეწყვეტენ ნაცრის ქექვას, დროებით მაინც გვერდზე გადადებენ ამბიციებს და აქტიურ პოლიტიკაში გუნდურად ჩაერთვებიან.

- ახლა ჩვენში აქტიურად განიხილება ხელისუფლების გადაწყვეტილება დაიწყოს მარიხუანის წარმოება და იგი საექსპორტო პროდუქციად და ქვეყნისთვის შემოსავლის წყაროდ აქციოს. ამ დღეებში სხვა ქვეყნებში მარიხუანის წარმოების მასალების გაცნობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ თემაზე მსჯელობისას რაც შეიძლება პრაგმატულები ვიყოთ. მაგრამ, რეალურად ასე არაა, ფაქტია. საზოგადოების ნაწილის გარდა ამ თემის გამო ხელისუფლებას ეკლესიაც დაუპირისპირდა.

თქვენ როგორ შეფასებდით ერთი მხრივ ხელისუფლების ინიციატივას დაიწყოს მარიხუანის წარმოება, მეორე მხრივ მასზე ეკლესიისა და საზოგადოების ერთი ნაწილში რეაქციას? თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რით დასრულდება ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი და რა გავლენას იქონიებს იგი საპრეზიდენტო არჩევნებზე?

- ამ სკანდალურმა ინიციატივამ ბევრი საინტერესო რამ ამოიტანა ზედაპირზე. ჯერ ერთი, როგორც ჩანს, ვიღაცამ ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს დაარწმუნა ივანიშვილი, რომ კანაფის წარმოება-ექსპორტზე გატანა, ქვეყნის ეკონომიკაში სწრაფი ფულის შოვნის ერთადერთი საშუალება იყო. ხელისუფლებას ისიც ეგონა, რომ „ციანიდის“ საქმით წელში გატეხილი ეკლესია წინააღმდეგობას ვერ გაბედავდა.

რა დაინახა ბიძინა ივანიშვილმა ამ ინიციატივაზე რეაქციით: დღეს, როდესაც კანაფის კულტივაცია-წარმოების კანონპროექტის გამო, ოპოზიცია ივანიშვილისთვის „ბარიგის“ იარლიყის მორგებას ცდილობს, მისი პარტიის უმრავლესობა, რომლის დიდი ნაწილი ტალახიდან ამოიყვანა და მათი კაცებად ქცევის მცდელობა ჰქონდა, ჩირგვებში ზის და საკუთარ, არარსებულ იმიჯს მომავალ ხელისუფლებასთან სავაჭროდ ინახავს. ერთი შს მინისტრის მოადგილე ამტკიცებდა, მონოპოლია კი არა, 150-მდე ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებს კანონპროექტიო.

დაინახა ისიც, რომ ეკლესიამ ხმა ამოიღო.

რაც უფრო მეტი პროცენტით გაამარჯვებინებს ხელისუფლება ზურაბიშვილს და რაც უფრო მარტივად გაურიგდება ეკლესიას, მით უფრო ხელფეხგახსნილი და „თამამი“ იქნება იგი საკუთარ ქმედებებში საპრეზიდენტო არჩევნების მერე. დაახლეობით ისე, როგორც „ნაცმოძრაობა“ გათამამდა და „აიშვა“ 2010 წლის არჩევნების შემდეგ

რა მოცემულობა გვაქვს დღეს?!

შედეგები მინდა გითხრათ, რომ ფრიად საინტერესოა -

- კანაფის კულტივაციის კანონპროექტი, დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგომ პერიოდამდე გადაიდო, რითიც ეკლესიამ სახე შეინარჩუნა, ამასთან, ხელისუფლებასთან მორიგებისთვის გზაც დაიტოვა;

- სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც, როგორც სააგენტოები იუწყებიან, თავის თავზე აიღო ამ კანონპროექტის ახსნა-განმარტებითი სამუშაოების წარმოება მოსახლეობაში;

- შს მინისტრი გახარია, რომელიც სანამ ამ კანონპროექტის მთავრობაში შეტანის ინიციატორი გახდებოდა, მოკლე დროში მოასწრო საზოგადოების საკმაო ნაწილის სიმპათიის მოპოვება;

- კახა კალაძე, როგორც სალომე ზურაბიშვილის მთავარი წარმდგენი და „პატრონი“ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ბიძინა ივანიშვილი, მარგველაშვილისგან განსხვავებით, ზურაბიშვილს აღარ დაჰყვება ქალაქ-ქალაქ და უბან-უბან მხარდასაჭერად და ამ როლის შესრულება სწორედ კალაძეს უწევს.

რაც შეეხება, კანაფის კულტივაციას, ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ ამ კანონს პარლამენტი მაინც მიიღებს, საზოგადოების და ეკლესიის მომავალი კი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ჩააბარებენ მორჩილების ტესტს: რაც უფრო მეტი პროცენტით გაამარჯვებინებს ხელისუფლება ზურაბიშვილს და რაც უფრო მარტივად გაურიგდება ეკლესიას, მით უფრო ხელფეხგახსნილი და „თამამი“ იქნება ხელისუფლება საკუთარ ქმედებებში საპრეზიდენტო არჩევნების მერე, დაახლეობით ისე, როგორც „ნაცმოძრაობა“ გათამამდა და „აიშვა“ 2010 წლის არჩევნების შემდეგ.

სამწუხაროა, რომ ამ საერთო კაკაფონიაში ჩაიკარგა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, რომელიც განათლების დაფინანსების უპრეცედენტო ზრდას ითვალისწინებს: საერთო ბიუჯეტის ხარჯების 10-12%-მდე. განათლებას თუ ეშველა, ჩვენც ყველას გვეშველება, დღეს თუ არა, ხვალ მაინც.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა