17 მაისს „ვარდების მოედნიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, „ვარდების მოედნიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „ვარდების მოედნიდან“ მსვლელობის დაწყებამდე, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს. ასევე, 10:00 საათზე სადღესასწაულო წირვა დაიწყება ქაშვეთის ტაძარში, სადაც 10 მეუფე წირავს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 11:30 საათზე, ფილარმონიასთან პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები, ასევე მრევლი შეიკრიბება და „ვარდების მოედნისკენ“ გაემართება.

12:00 საათზე კი, აწყურის ღვთისმშობლის ხატით „ვარდების მოედნიდან“ ქაშვეთის ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ, ქაშვეთთან ექვსშვილიან 300–მდე ოჯახს დალოცავენ. შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

მანამდე სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება, რომლის დროსაც ჯვარს 50–მდე წყვილს დაწერენ. მათ უწმინდესი დალოცავთ.

საყოველთაო ჯვრისწერა რეგიონებშიც გაიმართება, სადაც ჯვარს 400–ზე მეტი წყვილი დაიწერს. ეს ის ოჯახებია, რომლებიც კარგა ხანია შეიქმნა, მაგრამ დღემდე არ აქვთ ჯვარი დაწერილი.

20:00 საათზე, „რუსთაველის თეატში“ ასევე ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს გამოცხადდა.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, უკვე მე–5 წელია საქართველოს ეკლესია ერთკვირიანი მსვლელობით აღნიშნავს წმინდა ანდრია მოციქულისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში შემობრძანებას. ხატით მსვლელობა იწყება 10 მაისს და 17 მაისს თბილისის სამების საკათედრო ტაძარში მთავრდება.

წელს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა