გიორგი კლდიაშვილი - თუ დაპირებას და ბოდიშს ხელისუფლება რეალურ პრაქტიკაში არ გვაჩვენებს, მაშინ ნდობა შემცირდება და შემდგომ ბოდიშს არავინ დაიჯერებს

თუ დაპირებას და ბოდიშს ხელისუფლება რეალურ პრაქტიკაში არ გვაჩვენებს, მაშინ ნდობა ხელისუფლებისადმი შემცირდება და შემდგომ ბოდიშს არავინ დაიჯერებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდგომ განვითარებული მოვლენების შეფასებისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უნდა გვქონდეს პოზიტიური ნდობა ხელისუფლებისადმი, რომ დაპირებას შეასრულებს.

„თუ დაპირებას და ბოდიშს ხელისუფლება რეალურ პრაქტიკაში არ გვაჩვენებს, მაშინ ნდობა ხელისუფლებისადმი შემცირდება. ჩვენ გვაქვს ნდობა ხელისუფლებისადმი და ხელისუფლებამ ეს ნდობა უნდა გაგვიმართლოს. როდესაც ჩვენ ვისმენთ ასეთ სასიამოვნო ბოდიშს მინისტრისგან, ამ ბოდიშს უნდა მოჰყვეს პრაქტიკაში განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომ ბოდიშს არავინ დაიჯერებს“, - განაცხადა კლდიაშვილმა.

მისივე თქმით, მოლოდინი, რომ შსს-სა და პარლამენტთან გამართული აქციების ორგანიზატორების მოლაპარაკებების პროცესი იქნებოდა მარტივი, არავის ჰქონდა.

„თუმცა, მთავარი შედეგი, რაც აქციის ორგანიზატორებისთვის იქნება მისაღები, ეს არის ძირითადი საკითხი - ნარკოპოლიტიკის გადახედვა. უკვე დიდი ხანია ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ვაჭრობა და ვფიქრობ, რომ უკვე დროა ხელისუფლებამ მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიგვიყვანს ევროპულ მოდელამდე. წლებია, საქართველოში ნარკოპოლიტიკა არ შეცვლილა, ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული და პრობლემები, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვხვდება, ნარკოპოლიტიკის ბრალია. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გარეშე ვერ ავიცილებთ ისეთ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ“, - განაცხადა კლდიაშვილმა.

IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ზუსტი პასუხები უნდა გაეცეს იმ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 12 მაისს.

„მართალია ჩვენ შს მინისტრის მოადგილისგან, ნათია მეზვრიშვილისგან მივიღეთ გარკვეული პასუხები, მაგრამ მაინც კვლავ რჩება კითხვები. უნდა დაიდოს კლუბებიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ექსპერტიზის შედეგები თუ რამდენი იყო ეს ნარკოტიკული ნივთიერებები, რამდენ ადამიანს ჰქონდა, რეალურად მიმდინარეობს თუ არა ნარკორეალიზაცია ამ კლუბებში. ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ ნარკომომხმარებლებს, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზაციას. უნდა გადაიკეტოს ყველა გზა საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის“, - აღნიშნა კლდიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა