საქართველოში თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება

საქართველოში თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, 27 მარტს კი ტემპერატურა საგრძნობლად დაეცემა და ქარიც გაძლიერდება.

"დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმები იქნება, თუმცა, ხვალ გამოიდარებს და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 18 გრადუსამდე მოიმატებს. 27 მარტიდან ისევ აცივდება. ტემპერატურა 7-8 გრადუსამდე დაეცემა. გაძლიერდება ქარი. მთაში თოვლი, ბარში კი წვიმა იქნება", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ. მისივე ინფორმაციით, 28 მარტს გამოიდარებს, 29-დან კი ამინდი ისევ გაფუჭდება.