გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნება“ დასავლეთის წინააღმდეგ უკვე დეკლარირებული, დაუფარავი ომის ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის მიზანიც საქართველოს სრული იზოლაციაა

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოო და მკაფიოდ დეკლარირებული ომი გამოუცხადა საკუთარ ერს და სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობას - ეს არის ომი, რომელშიც იმარჯვებს ქართველი ერი და ჩვენი ევროპული არჩევანი, - ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა ამერიკის შეერთებულ შტატებზე“.

„დადგა მომენტი, როდესაც რუსეთის მსახური მთავრობის ხელმძღვანელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ღიად დასდო ბრალი სახელმწიფო გადატრიალების ორი სხვადასხვა მცდელობის მხარდაჭერაში. ამით „ქართული ოცნება“ დასავლეთის წინააღმდეგ უკვე დეკლარირებული, დაუფარავი ომის ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის მიზანიც საქართველოს სრული იზოლაციაა.

ამერიკის ელჩი იძულებული გახდა საზოგადოებისთვის ემცნო, რომ რუსულმა ხელისუფლებამ უარი თქვა აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტის გამართვაზე, რადგან ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას, რუსულმა ხელისუფლებამ ამჯობინა პუტინის კანონი, რომელიც მხოლოდ საქართველოს დაუძინებელ მტერს, რუსეთს მოსწონს და რომელიც საქართველოს დააკარგვინებს კანდიდატის სტატუსს, ვიზა-ლიბერალიზაციას და ევროპულ პერსპექტივას.

დღეს საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს რუსული დაზვერვის სპეცოპერაცია, რომლის მიზანი ნამდვილად არის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ოღონდ ე. წ. ქართული ხელისუფლების ხელით. გუშინ სწორედ ამ შენობაში უნდა გამოცხადებულიყო მოღალატე რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაექცა კითხვებს და ჩირგვებში მიიმალა“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს ესაუბრა და გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული “ენჯეოების” მეშვეობით განხორციელდა“.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიიწვიეს შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, თუმცა „ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“. ამის საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა. უწყების შეფასებით, ეს „პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება“.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება