კახა კალაძე - ახლა ვაკვირდებოდი, არ მინახავს არცერთი მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, მწვრთნელი გამოსულიყო და დაეგმო ის ძალადობა, ვანდალიზმი, რაც თბილისის ქუჩებში გუშინ ხდებოდა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ გუშინდელი ძალადობა არავინ დაგმო. კახა კალაძე დარწმუნებულია, ბევრი გულწრფელი და გონიერი ადამიანი მიხვდება ყველაფერს, გამოვა და იტყვის, რომ შეცდომა დაუშვეს.

„ეს ყველა მათი პასუხისმგებლობაა. ისინი არ შეიძლება აღნიშნულ მოვლენებს გამოეყონ იმიტომ, რომ რაც ხდებოდა და რაც იყო დაგეგმილი მათი პატრონების მიერ, ეს ყველაფერი ხორციელდებოდა. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ძალადობრივი აქცია, პირდაპირ ამ სიტყვების მეშვეობით. ვიხილეთ ძალიან მძიმე ფაქტები, დაზიანებები, ვანდალიზმი. ვერ წარმომიდგენია როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და შენი ქალაქი, რომ ასეთი ქმედებები განახორციელო, თუმცა, ცხადია, დანაშაულს კანონის ფარგლებში შესაბამისი პასუხი გაეცემა. მინდა ერთი რამ ვთქვა, ჩვენ გუშინ ვიხილეთ კადრები, ასევე წინა დღეების განმავლობაში, ეს ყველაფერი არის იმ დროს, როდესაც ხდებოდა რეკრუტირება ამ ახალგაზრდების "აკერმანის" წიგნის საშუალებით. ყველაფერი არის იგივე. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ერთ ძალიან საინტერესო ფოტომასალას, რაც ვფიქრობ, დღევანდელი მოვლენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

მან მედიას აჩვენა ფოტომასალა, სადაც სიძე-პატარძალი არიან და ფოტოები კიევშია გადაღებული. კალაძის განმარტებით, იგივე შინარსის „დაგეგმილი სპექტაკლი“ განმეორდა აქციაზე რამდენიმე დღის წინ.

„ეს ფოტომასალაც არის ვითომ ქორწილი, სიძე- დედოფალი ერთმანეთს ეხუტებიან და კოცნიან. ეს არ არის საქართველო, ეს არის უკრაინა, კიევი „მაიდნის“ რევოლუციის დროს. ალბათ, გახსოვთ, კადრები რამდენიმე დღის წინ დადგმული სპექტაკლი, როდესაც სიძე-პატარძალი მოვიდა აქციაზე. ისევ იქ არიან ჩარჩენილები და მიყვებიან აკერმანს საფლავში. ვისაც უნდა გაყვეს, რა თქმა უნდა, გზა ხსნილია, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები, ზოგი მართლა გულწრფელია, ზოგმა შეიძლება არ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ასეა თუ ისე, ყველა ამ ქვეყნის შვილები არიან, ჩვენი შვილები არიან და მათზეც უნდა ვიზრუნოთ და მათზეც მოგვიწევს ზრუნვა. ის, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა გავამყაროთ და ამ ყველაფრით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ ამ ახალგაზრდებზეც და მათ მომავალზეც. დარწმუნებული ვარ, ბევრი გულწრფელი და გონიერი ადამიანი, რადიკალებზე არ ვსაუბრობ, მიხვდება ყველაფერს, გამოვა და იტყვის, რომ შეცდომა დაუშვეს. დღეს, ახლა ვაკვირდებოდი, არ მინახავს არცერთი მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, მწვრთნელი გამოსულიყო და დაეგმო ის ძალადობა, ვანდალიზმი, რაც თბილისის ქუჩებში გუშინ ხდებოდა, ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა კალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს