მამუკა მდინარაძე - ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა: დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, გამჭვირვალობის შესახებ და ეროვნულ ინტერესებს არაფერს ანაცვალებთ! - ეს დავალება შესრულდება!

ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა: დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, გამჭვირვალობის შესახებ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევთ და ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს! ეს დავალება შესრულდება!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მცდელობა, თქვან, რომ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე ერთი და იგივე რაოდენობის ადამიანი ეტევა, სითავხედეა.

„უპირველესად, ქართულ ჯარს მივულოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს. მათ მაგალითებზე, პატრიოტიზმზე უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები, ამას ალტერნატივა არ აქვს. ასევე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს 200 ათასზე მეტ მოქალაქეს, რომელთაც გუშინ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს, აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის ძალა, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეგვიძლია, ქართველებმა ამით ვიამაყოთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ახლა, ამ ხალხის დამნახველები. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათვე მოითხოვეს და მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ხალხი გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო და ეთქვა ერთხელ და სამუდამოდ: დიახ, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა; დიახ, ჩვენ გვინდა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და დიახ, ჩვენ გვინდა გვემსახურებოდეს ჩვენი ხელისუფალი ისე, რომ ატარებდეს ეროვნულ ინტერესებს და არავინ არასდროს ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნების, სხვა ფონდების და ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებდეს, არამედ, პირველი ინტერესი იყოს ქართული ინტერესი, რომელიც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და ჭეშმარიტ ევროპულ ინტერესებთან. ესენი რასაც „ახერხებენ“, ცდილობენ ისაა, რომ თქვან (არ მოიშალეს თავების თვლა), რომ თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე. 10-ჯერ ნაკლებთან დაკავშირებით, ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო. თავხედობაა, რა თქმა უნდა, ცხვრებს რომ ეძახით. როგორ ჰკადრებთ, ერთ ქართველს მაინც, სულ რომ შეცდომაში იყოს შეყვანილი, როგორ უნდა იკადროთ ეს. იმერეთში კოლორიტი ადამიანი რომ გარდაიცვლება ხოლმე, 500-600-კაციანი სამგლოვიარო პროცესია ერთ კილომეტრზე იწელება და ამ გაწელილ პროცესიას დაარქვეს 100 ათასი ადამიანი. შემდეგ, იქ მართლა 200 ათასი ადამიანი რომ დადგა, უყურებდა, აქცია როგორ მიმდინარეობდა და შეიკრიბა, მასაც 100 ათასი ადამიანი დაარქვეს. პიარული თავხედობა ჰქვია თუ რა, არ ვიცი. რა ვუყოთ იმ ძველ ამბებს, რასაც იმავენაირად ატყუებდით ხალხს, როგორც ე.წ. ვითომ რუსული კანონია სინამდვილეში ქართული კანონი? „ისფედმა“ პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და არჩევნები გაყალბდაო, ვიღას ახსოვს? ჩაიარა, თითქოს არაფერი, არადა რამხელა ტურბულენტობა მოახერხეს. მიშა კვდებაო და მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კეთილი ინება და აღარ ვკვდები კარგად ვარო, სარჩელი გამოიხმო. სად არიან ის უცხოელები, პარტნიორები, წარმომადგენლები, „ენჯეოები“, კვდება მიშა, სასწრაფოდ გაათავისუფლეთო, რომ ამბობდნენ?! სად არიან, ამ ტყუილზე ვინ აგებს პასუხს? დავაკვირდებით, როგორ განვითარება მოვლენები და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ პროცესებს, ჩვენ ვიზამთ ამასო - გამყალბებელი „ისფედი“ აცხადებს ამას. ანუ, ძალადობის მოწოდებაზე გადადიან. ვინ ეკითხება მოწოდებას, მითუმეტეს ძალადობისას? დღეს რომ „ისფედი“ ამას აანონსებს, რომელი დონორი იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? თუ შეიძლება, ვიღაცამ გაგვცეს ამაზე პასუხი , ვინც აფინანსებს ან თავად „ისფედმა“, რატომ გააყალბეს თავის დროზე, რა თანხებით გააყალბეს და ვინ იღებს პასუხისმგებლობას. ამაზე ვინმემ გვითხრას პასუხი და შემდეგ ვისაუბროთ, გამჭვირვალობა საჭიროა, თუ არა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება