არჩილ გორდულაძე - გავაგებინოთ ჩვენს საზოგადოებას რა მსგავსება და განსხვავება არის ამა თუ იმ კანონმდებლობაში, რომელიც ახლა არსებობს ან შემდეგში იქნება მიღებული

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დეტალები განმარტა და ოპოზიცია მოსახლეობის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„იმდენ ტყუილს, შეურაცხყოფას ვიღებთ, რომ უკვე შეუძლებელია ამდენი ტყუილის მოსმენა. ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ათიათასობით ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა, ხახვზე და კარტოფილზე გაყიდული უწოდა, თურმე ეს ოპოზიციის წარმომადგენლებს პრობლემას არ უქმნის, წარბიც არ უტოკდებათ“,- განაცხადა გორდულაძემ.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კანონპროექტის დეტალები და სხვა ქვეყნების კანონმდებლობებთან მსგავსებები და განსხვავებები განმარტა.

„გავაგებინოთ ჩვენს საზოგადოებას რა მსგავსება და განსხვავება არის ამა თუ იმ კანონმდებლობაში, რომელიც ახლა არსებობს ან შემდეგში იქნება მიღებული. რეესტრში რეგისტრაცია აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში, საქართველოში, ყველგან სავალდებულოა. დეკლარაციის შევსება, გამჭვირვალობა აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში, საქართველოში სავალდებულოა. ვისზე ვრცელდება ეს? ვრცელდება თუ არა ნებისმიერ პირზე? აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში დიახ, ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. მხოლოდ საქართველოში ვრცელდება იურიდიულ პირებზე და არა ფიზიკურ პირებზე. უცხოური ძალა მოიცავს თუ არა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, დიახ მოიცავს.

რა არის ყველაზე საინტერესო, რა პასუხისმგებლობებია ხომ გვაინტერესებს? აშშ-ში ჯარიმა და 5-წლამდე პატიმრობა, რუსეთში 6 წლამდე პატიმრობა, ევროკავშირი არ მოიცავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაგრამ იურიდიული პირი წლიური ბრუნვის ერთი პროცენტით ჯარიმდება, ხოლო ფიზიკური პირისთვის 1000 ევროა ჯარიმა. საფრანგეთი - 3-დან 5-წლამდე პატიმრობა, საქართველო - სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს და მხოლოდ 25 ათას ლარიანი ჯარიმაა. ხშირად საუბრობენ, რომ ეს კანონი ორგანიზაციების საქმიანობას შეაჩერებს. კანონი გვეუბნება ერთ მარტივ რამეს, მითხარი საიდან ჩაირიცხა თანხა, რისთვის ჩაირიცხა, რას მოახმარე და რამდენი მოახმარე. თუ ამ იურიდიული პირების საქმიანობა არის კეთილსინდისიერი, თუ მათი მიზანი არის კეთილშობილური, შესაბამისად თანხებიც ჩაირიცხება.

გასულ წელს გავიწვიეთ ეს კანონი, რადგან შეიძლებოდა არაჯანსაღი მოვლენები განვითარებულიყო და დავიცავით მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობის უფლება. მაგრამ, საინტერესო არის ამის შემდეგ რა ხდებოდა. თითოეული დონორი, თითოეული არასამთავრობო ორგანიზაცია და განსაკუთრებით ის შვიდი ოდიოზური ორგანიზაცია დებდა პირობას, რომ მათი ფინანსები იქნებოდა გამჭვირვალე და საიტზე დაიდებოდა. ეს კიდევ ერთი ტყუილია. ამ ორგანიზაციების საიტებზე იდება მხოლოდ ის ნაწილი, რის დადებაც სურთ, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი და ამ ანგარიშების გადამოწმების მექანიზმებიც არ არსებობს. მაგალითად ერთ-ერთ ტელევიზიას, „ნაციონალური მოძრაობის“ არხს, რომელსაც ნიკა გვარამია უწოდებს პარტიულ ტელევიზიას თუ სატელევიზიო პარტიას, ჩაერიცხა კონკრეტული თანხა ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე. ასეთი არაერთი მაგალითია“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დასძინა, რომ ტყუილია ოპოზიციის ნარატივიც.

„ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ოპოზიციის ცრუ ნარატივი, თითქოს ერთ მხარეს არის ევროპა, გამჭვირვალობა და სააკაშვილი, ხოლო მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. ამ ტყუილს არ მიიღებს ქართული საზოგადოება“,- დასძინა არჩილ გორდულაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს