გიგი წერეთელი - ევროპარლამენტის ეს უმძიმესი რეზოლუცია მმართველი ძალის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკის შედეგია

ევროპარლამენტის ეს უმძიმესი რეზოლუცია მმართველი ძალის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკის შედეგია , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოზე გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ევროპარლამენტში გამართული მსგავსი ტიპის მსჯელობა საქართველოს რეპუტაციისთვის ძალიან მძიმე მოვლენაა.

„იმის ნაცვლად, რომ გვესმოდეს რეკომენდაციების შესრულების რეფორმების მხარდაჭერასა და მონიტორინგზე საუბარი, მთავარი საკითხებია - სანქციები, ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და სხვა მხოლოდ ნეგატიური აქცენტები.

ზუსტად იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება, "ქართული ოცნების" ანტიდასავლური ნაბიჯები და კონკრეტულად „რუსული კანონის“ ჯიუტად თავსმოხვევა არანაირად არ აძლევს ჩვენს პარტნიორებს საშუალებას იმოქმედონ ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის.

სრულიად მკაფიოა, რომ ამ კანონის მიღება გამოიღებს უაღრესად ნეგატიურ შედეგებს ქვეყნისთვის, არამხოლოდ ინდივიდების სანქციების სახით არამედ იმ რეპუტაციული ზიანით რაც გავლენას ახდენს პოლიტიკაზეც, ეკონომიკაზეც და შესაბამისად ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ნებისმიერი კონფრონტაცია დასავლეთთან მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია და ეს განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ამ პერიოდში როდესაც უკრაინაში ომია და ევროპული უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ მხრივ საქართველოსთვის ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ამიტომაც ვხედავთ ასეთ მძაფრ პროტესტს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ჩვენ თანამოქალაქეებზე უკეთ, ამიტომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატიული მომავალი ჩვენი საზოგადოების ხელშია და ამის რეალიზების საუკეთესო საშუალება არჩევნებში ცვლილებების მხარდაჭერაა”, - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს