ანა წითლიძე - “რუსულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის

“რუსულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, არ დაიღლებიან, ვიდრე საქართველო არ გაიმარჯვებს.

„ყველას, ვისაც ხელში გიჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშა, მინდა გთხოვოთ, რომ აწიოთ ძალიან მაღლა - ასე უნდა იფრიალოს ორივე დროშამ, უნდა იფრიალოს ამაყად და რაც არ უნდა გააკეთოს „რუსულმა ოცნებამ", უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როდესაც მოუწიათ საპროტესტო აქციების გამო „რუსული კანონის“ გაწვევა, ძალიან ბევრს გულწრფელად სჯეროდა, რომ მეორედ ვერ გაბედავდნენ კანონის დაბრუნებას. ძალიან ბევრ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორსაც ასე სჯეროდა, მაგრამ გაბედეს, გაბედეს იმიტომ, რომ არიან რუსები, გაბედეს იმიტომ, რომ „რუსულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ხანია თანამდებობებში, ფულში გაცვალა საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ამიტომ გაბედავენ მანამ, სანამ არ ნახავენ ჩვენს წინააღმდეგობას, რადგან „რუსული ოცნებისგან“ განსხვავებით ჩვენ ვკარგავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს.

მახსოვს 2013 წელი, როდესაც ძალიან ცოტა ადამიანს სჯეროდა იმისი, რომ ეს ხელისუფლება იყო რუსული და ძალიან მიხარია, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არის ერთიანი და აცნობიერებს იმას, რომ არა „რუსულ კანონს“! ნიშნავს არა რუსულ ხელისუფლებას! სანამ ჩვენ არ მივაღწევთ საბოლოო მიზნამდე და არ მოვაშორებთ „რუსულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყოველთვის ექნება მათი მხრიდან დაბრკოლებები. ძალიან დიდი ხანია ეს ბრძოლა გასცდა პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლას და გახდა საქართველოს თითოეული მოქალაქის ბრძოლა. შემთხვევით არ არის ,რომ პირველი სამიზნე „რუსული ოცნების“და ოლიგარქი ივანიშვილის არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„რუსულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ყველაფრის ყიდვა შეუძლია ფულით. ჰგონიათ, რომ ქართველები არიან ისეთი უთავმოყვარეოები, რომ ფულს გადაუხდის და აუცილებლად იყიდის. „რუსულ ოცნებასა“ უნდა, რომ დაგვყოს, ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, დაღალოს ის ახალგაზრდები, რომლებიც ახლა რუსთაველზე იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, სიმტკიცე, სიჯიუტე და არ უნდა დავიღალოთ. არ უნდა დავიღალოთ საქართველოს გამარჯვებამდე და მანამ, სანამ „რუსულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ყველა ერთად არ დავასრულებთ“,- განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს