გიორგი ვაშაძე - მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში დისკუსია, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, საუბარი იყო სანქციებზე - უფრო და უფრო ძვირი უჯდება საქართველოს ბიძინა ივანიშვილი

მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - დააყენეთ სამშობლო უფრო წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დავალება, დააყენეთ სამშობლო და ჩვენი ქვეყანა უფრო წინ და არა სიჯიუტით გამოწვეული რაღაც პოზიციის დაკავება, - ამის შესახებ “სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც 23 აპრილს, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას გამოხმაურა.

გიორგი ვაშაძის თქმით, გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მისი შეფასებით, "რუსულია", წარსულს ჩააბარებენ და ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას გააგრძელებს.

„უმძიმესი მოსასმენი იყო ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დისკუსია. სამწუხაროდ, საქართველოს ყოველდღიურად უფრო და უფრო ძვირი უჯდება ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვართ მსხვერპლი იმ უმძიმესი პოლიტიკის, რომელიც მათ აქვთ [“ქართულ ოცნებას]. რუსული კანონით, საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი იყო განცხადებები, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, სანქციებთან დაკავშირებით საუბარი, რაც ამძიმებს ჩვენს ყოველდღიურობას. მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - დააყენეთ სამშობლო უფრო წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დავალება, დააყენეთ სამშობლო და ჩვენი ქვეყანა უფრო წინ და არა სიჯიუტით გამოწვეული რაღაცა პოზიციის დაკავება. დღეს არის გადამწყვეტი მომენტი - საქართველო გააგრძელებს ევროკავშირისკენ სწრაფვას, თუ ჩიხში შევალთ, რომელსაც 10-წლეულების განსაზღვრა შეუძლია ჩვენი ბედის. დღეს ევროპარლამენტში კანდიდატის სტატუსის შემდეგ უნდა იყოს საუბარი, რამდენი თანხა უნდა დაიხარჯოს საქართველოში? ევროპულსა და ამერიკულ ინვესტიციებზე უნდა იყოს საუბარი, რომელიც სამუშაო ადგილებს შეიქმნის, ეკონომიკას განავითარებს და რაზეა საუბარი? - უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, კანდიდატის სტატუსის გადახედვაზე, სანქციებზე. ამიტომ მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, რადგან ამ ძნელბედობის ჟამს, მშვიდობიანად სამშვიდობოს გავიდეთ და საქართველომ გაგრძელოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა. ეს არის დიდი ისტორიული საქმე, რომელიც ჩვენს თაობას დავალებად აქვს შეასრულოს - ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. ამიტომ ძალა ერთობაშია. გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც "რუსულ კანონს" და ყველაფერ რუსულს ჩავაბარებთ წარსულს და გავაგრძელებთ სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს