კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქნება შესაძლებელი.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, განახლებული პირობების თანახმად, ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მოიპოვოს დაფინანსება 50 000 ლარის ოდენობით.

„თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 2022 წლიდან ხორციელდება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში უკვე არაერთი ახალგაზრდული პროექტი თუ ინიციატივა დაფინანსდა.

პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნესმოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას.

პროგრამას აქვს ერთი მხრივ სოციალური, მეორე მხრივ კი ეკონომიკური მიზანი, ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ- ეკონომიკურ გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ისეთი სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლები ასევე ახალგაზრდები იქნებიან.

პროგრამის მიხედვით, შესაძლებელია დაფინანსდეს სოციალური მისიის მქონე პროექტები, მათ შორის: მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე- ბარების, სასწავლო ცენტრების, გასართობ-სარეკრეაციო ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით.

ვიწყებთ რეგისტრაციას აღნიშნულ პროგრამაზე, განახლებული პირობებით. განახლებული პირობების თანახმად, ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მოიპოვოს დაფინანსება 50 000 ლარის ოდენობით. რეგისტრაცია დღეს, 24 აპრილს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მერიის ვებგვერდზე“,-განაცხადა კალაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს