ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024

გიორგი კობერიძე - “ამ საკითხის გარშემო შუა გაკრეფილია - კომპრომისისა და შეთანხმების შანსი ნულოვანია"

ორად გაყოფილი აქცია და ორგანიზატორები? - რა პერსპექტივა აქვთ ცალ-ცალკე ოპოზიციასა და არასამთავრობოებს

ვახტანგ ხმალაძე - “ამ კანონის შემობრუნების რეალური მიზეზი სულ სხვაა...”

უკრაინის დახმარებას რუსული აქტივების კონფისკაციაც დაემატა - მსოფლიოს რეაქცია კონგრესის გადაწყვეტილებაზე

ირაკლი მელაშვილი - “საქართველო შეიძლება დიდი შავი ფულის სამრეცხაო გახდეს”

* * *

გიორგი კობერიძე - “ამ საკითხის გარშემო შუა გაკრეფილია - კომპრომისისა და შეთანხმების შანსი ნულოვანია"

“თავდაპირველად, მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ მსოფლიოში არ გაგონილა მსგავსი რამ, რომ დიპლომატები დებატებში გამოიწვიო. ელჩები დებატებზე არავისთან სხდებიან. კობახიძის ეს შეთავაზება სასაცილო, ყოვლად მიუღებელი ამბავია. ელჩს აქვს პოზიცია, რომელსაც გამოხატავს მისი სახელმწიფო, მათი პოზიცია შენთვის ან მისაღებია, ან არა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ითქვას, მსგავსი კანონის გამოცდილება არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში და ლაპარაკი, რომ ასეთივე კანონი მუშაობს ამერიკაში, სიცრუეა. აშშ-ში მოქმედი კანონი, რომელიც 1938 წელს შეიქმნა, პირდაპირ მიმართული იყო მოწინააღმდეგე ქვეყანაზე დამოკიდებული ორგანიზაციების საქმიანობის გასაკონტროლებლად, იმჟამად ფაშიზმი მძვინვარებდა და მიმართული იყო სწორედ ფაშიზმის წინააღმდეგ. ეს კანონი იმჟამად სრულიად სხვა რეალობას პასუხობდა და თუ თავდაპირველად ფაშიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული, შემდეგ იქცა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან ლობიზმის გაკონტროლების საფუძვლად და დღესაც ასეა”, - აცხადებს ექსპერტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამწუხაროდ, შუა უკვე გაკრეფილია, ამიტომ...“ - არის თუ არა კომპრომისის შანსი?!”

“ხოლო კანონპროექტი, რასაც “ქართული ოცნება” წარმოადგენს, ლობიზმის კონტროლს კი არ ემსახურება და მტერზე მომუშავე ლობისტურ ორგანიზაციებს კი არ გულისხმობს, არამედ მიზნად აქვს თავისუფალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანუ “არასამთავრობო ორგანიზაციების” აკრძალვა. ხელისუფლება ცდილობს სწორედ ამ ორგანიზაციების საქმიანობისა და მედიის შეზღუდვას. კარგად ვიცით, როგორ იმუშავა ამ კანონმა რუსეთში. თავდაპირველად, როდესაც მიიღეს იქაც ამბობდნენ, აგერ ამერიკაში აქვთ და იქიდან გადმოვიღეთო. მოგვიანებით კანონს დაემატა ან კანონქვემდებარე აქტებად გამოიცა შემზღუდავი მუხლები, რომელთა თანახმად, პირს, რომელსაც გავლენის აგენტად გამოაცხადებენ, არ შეუძლია პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობა, სოციალურ ქსელში პოსტის დაწერაც კი, თუ არ მიაწერა, რომ გავლენის აგენტია. სახელმწიფოს შეუძლია მას ფარულად უთვალთვალოს და შეამოწმოს, როდესაც მასზე ვინმე “დანოსს” დაწერს. ეს არის კანონი, რომელიც სახელმწიფოს ტერორის საშუალებას აძლევს. საბოლოოდ, ეს დასრულდა იმით, რომ რუსული პოლიცია და მასთან დაახლოებული რაზმები თავს ესხმიან ადამიანებს, სცემენ. აიძულებენ დატოვონ ქვეყანა, ამასთანავე, რუსეთში გაქრა თავისუფალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ეს ყველაფერი ხდებოდა ეტაპობრივად და ვითარება მივიდა იქამდე, რაც დღეს ხდება რუსეთში, კვლევითი ინსტიტუტებიც კი დაიხურა, რადგან ამ კანონის საფუძველზე აეკრძალათ ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნება სახელმწიფო სამეცნიერო ჟურნალებში. ამ კანონპროექტის მიღება იქნება ტოტალიტარული სახელმწიფოსკენ გადადგმული სახიფათო სამართლებრივი ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება შემდგომ მიებას ნებისმიერი სხვა რამ. საგანგებოდ არ ვახსენე ავტოკრატიული, ვთქვი ტოტალიტარული, რადგან რუსეთი დროთა განმავლობაში ავტოკრატიულიდან სწორედ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. თითოეული ასეთი კანონი განსაკუთრებით სახიფათოა ისეთ ჰიბრიდულ წყობაში, როგორიც საქართველოშია - ჯერ არც დემოკრატია გვაქვს და არც ავტოკრატია. პროცესი შეიძლება ისეთი მძიმე გამოდგეს, რომ მის შემობრუნებას წლები დასჭირდეს. მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც პროევროპულ პოზიციაზე დგას, შეუძლებელია დაიჯეროს, რომ ეს კანონპროექტი ევროპულია და ევროკავშირთან გვაახლოებს. ეს არ სჯერათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ფსევდოევროპულად განწყობილ მომხრეებსაც. ეს ხალხი დინებას მიჰყვება და მედროვედ არის გადაქცეული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქართული ოცნების” ამომრჩევლის ბაზას, ძირითადად, წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ვერტიკალში მყოფი პირები, მათი ახლობლები და სანაცნობო წრე, რომლებიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე აფასებენ ვითარებას და ფიქრობენ, რომ დინებას თუ არ გაჰყვებიან, კეთილდღეობას დაკარგავენ. შესაბამისად, “ქართულმა ოცნებამ” რაც არ უნდა გააკეთოს, ისინი ყველაფერს მოიწონებენ. ისინი არიან პროევროპელები იმდენად, რამდენად ამას ზემოდან ეუბნებიან, თუ ეტყვიან, რომ მათ პოზიცია უნდა შეცვალონ, მყისვე შეცვლიან. ამ ხალხის დიდი ნაწილი თავის დროზე გამსახურდიას მხარდამჭერი იყო, შემდგომ შევარდნაძის, შემდგომ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის მომხრეა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლის პატარა ნაწილი არის კიდევაც პროევროპულად განწყობილი. შესაბამისად, მათთვის თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ დღეს “ქართული ოცნების” რიტორიკა დასავლურ ორიენტაციაზე ფარსია”, - განმარტავს ჯიპას პროფესორი.

“დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაშიც კარგად ესმით, თუ გინდა რომელიმე ორგანიზაციაში შეხვიდე, უნდა გაითვალისწინო მისი წესები. რაღაცის დათმობა ყველას უწევს. მაგალითად, როდესაც სტუმარი მოდის შენთან და ეუბნები, რომ სახლში ფეხსაცმლით არ შედიხარ, მას მოუწევს გაითვალისწინოს ეს წესი, სხვა შემთხვევაში, თუ ტალახიანი ფეხით დააპირებს შემოსვლას და გეტყვით, მე ღირსებით მსურს შემოვიდეო, მას, უბრალოდ, არ შემოუშვებ და ასე დასრულდება მისი სტუმრობა. ერთი მხრივ, ევროპას ყოველდღე აგინებდე და მეორე მხრივ, ამტკიცებდე, ევროპაში მივდივარო, ასე არ ხდება. ამიტომაც `ქართული ოცნება~ ვერავის მოატყუებს. მისი ამომრჩეველი კი არ ტყუვდება, არამედ მზად არის საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფერი დაიჯეროს, რადგან ეს ამომრჩეველი პრინციპულობით არ გამოირჩევა. დღეს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპულ ღირებულებებზე გადის. აქსიომაა, რაც უფრო შორს ხარ ევროპისგან, საზოგადოდ, დასავლეთისგან, მით უფრო უახლოვდები რუსეთს. ევროპაზე უარი პირდაპირ ნიშნავს პრორუსულობას. არა აქვს მნიშვნელობა, ეს გაუაზრებლად ხდება თუ გააზრებულად”, - ამბობს ექსპერტი.

“მაინც მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება ასე გააზრებულად იქცევა, რადგან არ მჯერა, ვინმეს არ ესმოდეს, რომ იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ყველა მეზობელი ამა თუ იმ ფორმით კონფლიქტურ ვითარებაშია, რაოდენ მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა. კონფლიქტი რუსეთთან წლებია გრძელდება - მცოცავი ანექსია, ლამის ყოველდღიურად ადამიანების გატაცება, წამება, მოკვლა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართველი მოსახლეობის განდევნა. ამ ყველაფერს თუ ვერ ვამჩნევთ, ბრმები და ყრუები ვყოფილვართ. ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში შენ უნდა იყო მტერი რუსეთისგან რაც შეიძლება შორს და ერთადერთი გზა ევროპისკენ გაქვს. მეორე გზა ირანისა და ჩინეთისკენ მიდის, მაგრამ ეს არანაკლებ დამაზარალებელი იქნება ქვეყნისთვის. თუ გვსურს გავყვეთ ევროპულ გზას, უნდა დავსვათ შეკითხვა, რა გვიშლის ხელს ამ გზაზე სიარულში და რა არის ის მექანიზმები, რაც დაგვეხმარება. დამერწმუნეთ, მსგავსი კანონები ამ გზაზე მხოლოდ ხელს შეგვიშლის და ამას ყოველდღე გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თუ ამის გაგება არ სურს ვიღაცას, ეს არის, მსუბუქად რომ ვთქვათ, მავნებლობა”, - მიიჩნევს გიორგი კობერიძე.

“თუმცა უფრო ღრმად თუ ჩავყვებით საკითხს, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ქვეყნის ევროპული რელსებიდან გადაგდებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის რელსებზე გადაყვანის მიზანმიმართული ცდა. მოკლედ, უკეთეს შემთხვევაში საქმე გვაქვს წინდაუხედავ, უგუნურ ადამიანებთან, უარეს შემთხვევაში კი ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკის გამტარებელ ჯგუფთან. დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების” ელიტაში მშვენივრად აქვთ გააზრებული, რომ ეს გზა არ მიიყვანთ ევროპაში. ეს გზა მხოლოდ ქვეყანაში კონფლიქტამდე მიგვიყვანს, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთის დასმენასა და დევნას დაიწყებენ. საქართველოში ოპოზიცია ამ კანონპროექტზე ლაპარაკისას მხოლოდ საგარეო კურსის პრობლემებზე ლაპარაკობს, მაგრამ ის არანაკლებ უარყოფითად აისახება ქვეყანაში ვითარებაზე. თუ ე.წ. აგენტების კანონპროექტი კანონად იქცა, ის ყოველი ადამიანის პიროვნულ დამოუკიდებლობასა და ეკონომიკურ თავისუფლებას ისე შეარყევს, ქვეყანა შესაძლოა დიდ უფსკრულში გადაიჩეხოს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” - ჯერ ერთი ილია ჭავჭავაძემ ეს თქვა იმ შინაარსით, რუსეთისგან დამოუკიდებელი უნდა ვიყოთო. მეორე - მან თავის “შინაურ მიმოხილვაში” გარკვევით თქვა, საქართველომ უნდა მიჰბაძოს ისეთ ქვეყნებს, როგორიც ინგლისი, საფრანგეთი და გერმანიააო. ილია პირდაპირ წერს, საქართველომ სწორება სწორედ ევროპულ წამყვან ქვეყნებზე უნდა აიღოსო. ამასთანავე, ჩვენი თავი ჩვენვე რომ გვეყუდნოდეს, სულ ცოტა, დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ იმ ძალისგან, რომელსაც ჩვენი რუკიდან გაქრობა უნდა. ეს კი სურთ არა ევროპასა და ამერიკას, არამედ ოკუპანტ რუსეთს, რომელიც მიზანმიმართულად ახორციელებს ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას, გენოციდს. აქედან გამომდინარე, თუ დამოუკიდებლობა გინდა, უპირველესად დამოუკიდებელი უნდა იყო მტრისგან, მტრისგან თავდასაცავად კი აუცილებლად გჭირდება მოკავშირეები. ილიას არ უგულისხმია მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან დამოუკიდებლობა, რა დროსაც მოგვიწევს მტერთან პირისპირ დარჩენა”,- ამტკიცებს ჯიპას პროფესორი. და შეკითხვაზე - “აქციებზე მყოფთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა, საპარლამენტო არჩევნები კარს არის მომდგარი...” - პასუხობს:

“ქართულმა ოცნებამ” კანონი მიიღო, რაც იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის საფრთხე, ახალგაზრდები შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიებას დაიწყებენ და მოკლე ვადაში ასეთი გამოსავალი იქნება სწორედ არჩევნები. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდების არჩევნებზე გამოცხადების პროცენტიც ძალიან მაღალი იქნება და ისინი ხმას აუცილებლად ხელისუფლების წინააღმდეგ მისცემენ. თუ ჩააგდო ხელისუფლებამ ეს კანონპროექტი, მაშინ შეიძლება სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები. დღეს ახალგაზრდები ქუჩაში გამოსული არიან ერთი მიზნით - საქართველოს ევროპული გზის დასაცავად. მათ არა აქვთ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა. მათ თუ დღეს მიაღწიეს მიზანს და კანონი არ იქნა მიღებული, შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდეს და არჩევნებზე არც წავიდეს. თუმცა ნაწილი აუცილებლად წავა და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციური ძალების ყულაბაში წავა მათი ხმები. ისე, დღეს რასაც ვხედავთ, პროტესტი მიმდინარეობს ოპოზიციისგან დამოუკიდებლად. სულ განსხვავებული პოლიტიკური პროცესია, რომლის დროსაც ინიციატივა მოდის არა ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ.”

“კომპრომისისა და შეთანხმების შანსი, ჩემი აზრით, ნულოვანია. შეიძლება ითქვას, ამ საკითხის გარშემო შუა გაკრეფილია - ერთ მხარეს არიან ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და დასავლელი მოკავშირეები, მეორე მხარეს კი “ქართული ოცნება” და პრორუსულად განწყობილი მოქალაქეები თავიანთი ტროლ-ბოტებით. ამ პოლუსების გათვალისწინებით, შეთანხმების შანსს მე ვერ ვხედავ. ამ პოლიტიკური პროცესის მთელი უცნაურობა კი ის არის, რომ ხელისუფლებამ ამ პროცესით ძალიან დაიზარალა თავი. ერთი თვის წინ რომ გეკითხათ ჩემთვის, არჩევნებში ვინ გაიმარჯვებსო, აუცილებლად ვიტყოდი, დიდი ალბათობით, “ქართული ოცნება”-მეთქი, მაგრამ ამ ყველაფრის მერე ასე აღარ ვფიქრობ. იბადება ლოგიკური კითხვა, რატომ რისკავს ხელისუფლება და რატომ აპირებს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც მმართველ პარტიას არჩევნების მოგებაში ხელს მნიშვნელოვნად შეუშლის?”, - დასძენს კობერიძე.

ორად გაყოფილი აქცია და ორგანიზატორები? - რა პერსპექტივა აქვთ ცალ-ცალკე ოპოზიციასა და არასამთავრობოებს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება, თუმცა, 15-17 აპრილის გამოსვლებთან შედარებით, პროტესტის მონაწილეთა რაოდენობაც და საპროტესტო მუხტიც თვალში საცემად შემცირებულია. როგორ და რა ფორმით შეიძლება აქციები გაიმართოს და არსებობს თუ არა ამაზე ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აზრთა სხვადასხვაობა? რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან მოწყობილი საგანგებო სცენა დაშლილია, პარტიებმა - “ახალი”, “გირჩი - მეტი თავისუფლება”, “დროა”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო საქართველოსთვის” და “სტრატეგია აღმაშენებელი” გასულ კვირას ერთობლივი განცხადებას გაავრცელეს და ამბობენ, რომ შემდეგი აქცია 29 აპრილს უნდა გაიმართოს, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სადავო კანონის მეორე მოსმენით განხილვაა დანიშნული. პარტიები აცხადებენ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის, რათა ხალხთან ერთად ყველაფერი გააკეთონ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. პარალელურად აქციები გრძელდება. ორგანიზატორები არიან მოძრაობები “ჯიუტი” და “დაფიონი”. დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში მართავენ მსვლელობებს და სხბადასხვა ლოკაციებზე ატარებენ მიტინგებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორად გაყოფილი აქცია და ორგანიზატორები? - რა პერსპექტივა აქვთ ცალ-ცალკე ოპოზიციასა და არასამთავრობოებს.

“19 აპრილს ისინი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ, სადაც ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს არ მიაღებინებენ: “არასოდეს დავთმობთ მოქალაქის თავისუფლებას. არასოდეს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის, დათმობას ცდილობს. დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს მამულსა და ერთობლიობას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოს”. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები განსხვავებული გეგმით მოქმედებენ, მათ შორის დაპირისპირებასა და აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს. ანალიტიკოს პეტრე მამრაძის აზრით, როგორც ჩანს, უცხოური დონორები ფსონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე აკეთებენ და არა ოპოზიციურ პარტიებზე. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, უდავოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვა ინტერესები აქვთ და პოლიტიკურ პარტიებს - სხვა, ფიქრობს, ეს აქციები ვერ ჩაითვლება პოლიტიკურად და ეს პოლიტიკოსებისთვის ცუდია, რადგან მათ მომხრეებს დააკლებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და მათ დონორებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ ეს ოპოზიცია ჩარეცხილია, ბარიერის გადაკვეთა არ შეუძლიათ და არასამთავრობოებს სულ არ უნდათ ახალგაზრდები დაკარგონ და ისინი ოპოზიციამ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. სად ახალგაზრდა რომ დადგება და იტყვის, რომ აქციების ავანგარდში მე ვარ და რასაც მე მსურს იმას გავაკეთებ - ამას სხვა ელფერი აქვს. თუმცა როგორც კი გამოჩნდებიან გვარამია, მელია, ვაშაძე და დაიწყებენ ყვირილს - ეს ხელისუფლება ახლა უნდა დავასრულოთო - ხალხის თვალში აქციები უკვე მარგინალიზებული ხდება. არასამთავრობოები ამას კარგად ხედავენ და ბოლო ყველა აქციაზე, პოლიტიკოსების დისტანცირებას ცდილობენ. ახლაც ასე ხდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“ახალგაზრდები, რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ, პოლიტიკოსებს არ ენდობიან. მათთვის ისინი ავტორიტეტები არ არიან და რა თქმა უნდა, ეს პრობლემას ქმნის. წინასაარჩვენოდ როცა საზოგადოების ყველაზე აქტიურ და მოაზროვნე ნაწილს ვერ იმხრობ, არ გისმენენ და ვერ მიგყავს პროცესები, ასეთ პოლიტიკოსს არჩევნებზე რისი ამბიცია უნდა ჰქონდეს? ფაქტია, არასამთავრობოებს არ სურთ, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე რომელიმე ოპოზიციურმა ლიდერმა, რომელსაც არანაირი რეიტინგი არ აქვს, ქულების დაწერა სცადოს. ამიტომ არის, რომ ისინი ამ აქციებზე აღარ ჩანან. მათ გვითხრეს, რომ მეორედ მოსმენის დროს გამართავენ აქციებს. როგორც ჩანს, პოლიტიკოსები და პარტიები საკუთარი მხარდამჭერების გამოყვანას შეეცდებიან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“საყვარელიძის თქმით, რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ გაგრძელება პროცესები, თუკი ასეთ საპროტესტო მუხტს გამაერთიანებელი პოლიტიკოსი ან პარტიული ლიდერი არ ეყოლება. მისი აზრით, უნდა თუ არა ვინმეს, აქციები ყოველთვის პოლიტიკურია და რამდენიც არ უნდა იძახონ ახალგაზრდებმა, რომ მარტო შეძლებენ რამის მიღწევას, ისინი ცდებიან. “ასე აქციების უსასრულად გაგრძელება გაუჭირდებათ, ვინც არ უნდა იყოს ორგანიზატორი. მით უმეტეს პოლიტიკოსების გარეშე, გეგმის გარეშე... ასე წინ და უკან ბევრჯერ უვლიათ მომიტინგეებს და მერე რა? ამიტომ, მე ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებმა მმართველ გუნდს ჩამოართვან პირობა, რომ ამ კანონს პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს გამართავენ. სხვაგვარად საპროტესტო მუხტი მიილევა და დასასრულს არანაირი შედეგი არ ექნება”, - დასძენს საყვარელიძე. პეტრე მამრაძე კი შარშანდელ ინციდენტსაც იხსენებს, როდესაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, მამრაძე იმასაც ამბობს, რომ ასეთი ქაოტური, უგეგმო და ულტიმატუმების ენით მოსაუბრე აქცია წარმატებას ვერ მიაღწევს და მას მილევადი სახე ექნება”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ხმალაძე - “ამ კანონის შემობრუნების რეალური მიზეზი სულ სხვაა...”

“კომპრომისის შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ და არა იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია, არამედ იმის გამო, თუ რა არის ხელისუფლების მიზანი. პრობლემა სწორედ რეალური მიზანია, რომლის თაობაზე ხმას არ იღებენ. გაცხადებული მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. თუმცა არაერთი კითხვის ნიშანი ჩნდება, რადგან მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების - რადიოსა და ტელევიზიის არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ ხარჯებიც, გარდა პერსონალური მონაცემებისა, დღეს მოქმედი კანონით აბსოლუტურად ღიაა და ინფორმაცია დევს ორ ადგილას - თავად მაუწყებლის ვებგვერდზე და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე”, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არის თუ არა გამოსავალი პოლარიზაციის ჩიხიდან / “ამ კანონის შემობრუნების რეალური მიზეზი სულ სხვაა...”

“ბეჭდურ და ინტერნეტმედიას ამის გამოქვეყნების ვალდებულება არა აქვთ, მაგრამ სახელმწიფოსთვის მათი ყველა შემოსავალი და ხარჯი, პერსონალური მონაცემების ჩათვლით, ანუ კონკრეტულ პირთა ვინაობითა და მათი ხელფასების ოდენობით, ცნობილია, რადგან ყველა ბეჭდური მედია ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს ფინანსური დეკლარაცია შემოსავლების სამსახურში, რომელსაც აქვს უფლება შეამოწმოს ინფორმაციის სიზუსტე. თუ დარღვევა აღმოჩნდა, სახელმწიფოს აქვს კანონით განსაზღვრული სანქციის გამოყენების უფლება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებისთვის ინტერესს არ წარმოადგენს, ვთქვათ, იმის ცოდნა, რომელიღაც გაზეთმა რა შემოსავალი მიიღო და რა ხელფასები გასცა. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაუწყებლებისგან განსხვავებით, მათზე ერთ ადგილას არ არის თავმოყრილი ინფორმაცია. მისი მოძიება სხვადასხვა ადგილას შეიძლება. რაც შეეხება გრანტებს, ინფორმაცია დევს სპეციალურ ვებგვერდზე, რომელიც თუ სწორად მახსოვს, ფინანსთა სამინისტროშია, სადაც მითითებულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტის დასახელება, გამცემის დასახელება, ოდენობა, მიზნობრივი დანიშნულება და მოქმედების ვადა და ყველას შეუძლია ნახოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი რა ხელფასს და რა ჰონორარს იღებს, ამის ცოდნის საჭიროება ყველასთვის არათუ არ არსებობს, არამედ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ამ სახის ინფორმაცია კონფიდენციალურია. რა საჭიროებაა თქვენ იცოდეთ, მე რა ხელფასი მაქვს. მეტიც, მე კანონი მაძლევს სრულ უფლებას გითხრათ, რომ არ გეტყვით. ცხადია, საჯარო სამსახურში საქმე სხვაგვარად არის, სადაც ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და ამდენად, ხელისუფლებისთვის ყველა ინფორმაცია, პერსონალური მონაცემების ჩათვლით, ცნობილია. თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს, ვთქვათ, რა თანხა გაიცემა ხელფასებზე, რა თანხა მატერიალური საშუალებების შეძენაზე, მივლინებებზე და ა.შ., ამის გაკეთება მარტივად შეეძლო. საკმარისი იყო “გრანტების შესახებ” კანონს დამატებოდა ერთი მუხლი, სადაც მითითებული იქნებოდა ის ინფორმაცია, რომელიც საჯარო უნდა იყოს, და მორჩა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სხვათა შორის, კანონის მიღების საერთაშორისო სტანდარტები ასეთია და ამას ასწავლიან იურიდიულ ფაკულტეტებზეც, რომ კანონის მიღებისას პირველ რიგში უნდა განისაზღვროს კანონის საჭიროება, ანუ რა არის მიზანი და შემდეგ ამ მიზნის მიღწევა საჭიროა თუ არა საზოგადოებისთვის. ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს ამ მიზნის მისაღწევად უმარტივესი გზა. ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის მისაღწევად მარტივი გზა იქნებოდა ის, რომ მაუწყებლებს არ შეხებოდნენ, რადგან მეტი რაღა უნდა გახადონ გამჭვირვალე, ისედაც გამჭვირვალეა. თუ მაინცდამაინც უნდოდათ ბეჭდვით საშუალებებზეც გაევრცელებინათ, ეს ნორმა დაემატებინათ, მაგალითად, “გრანტების შესახებ” კანონში. ასევე დაემატებინათ ის ინფორმაცია, რომელიც მიაჩნიათ, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე გრანტის მიმღების მიერ და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, არ მოჰყვებოდა ამხელა ამბავი არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ... აქ ჩნდება კითხვა, ასეთი კანონი საჭიროა?” - ამბობს კონსტიტუციონალისტი.

“მე არ მაინტერესებს, ის რუსული, ყირგიზული, კანადური თუ ფრანგულია. მე მაინტერესებს, საჭიროა თუ არა ასეთი კანონი და ამაზე ჩემი პასუხია, რომ ამ საჭიროებას ვერ ვხედავ. გამჭვირვალობა ამ კანონის გარეშე ისედაც მიღწეულია, მაშასადამე, რეალური მიზეზი სულ სხვაა, რაზეც ხელისუფლება არაფერს ამბობს. გამოდის, მიზანი არის გინდა მედიასაშუალებებისთვის, გინდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ზემოხსენებული იარლიყის მიწებება, რომელიც აღიქმება მკვეთრად უარყოფითად და ეს მაღალი ალბათობით გამოიწვევს მედიასაშუალებების შესახებ უარყოფითი დამოკიდებულების დამკვიდრებას. მაგრამ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, მხოლოდ ეს არის თუ არა მიზანი? და ამ დროს გვახსენდება, როგორ დაიწყო გამჭვირვალობის ეს პროცესი და შემდეგ როგორ განვითარდა რუსეთში, სადაც პირველად გაჩნდა “უცხოური გავლენის აგენტის” ცნება, რაც მანამდე რუსეთში არ ყოფილა, და როგორ გაავრცელეს ეს კანონი ნელ-ნელა ყველაფერზე. რა ნაბიჯებსაც დგამს “ოცნება”, შეიძლება საკმაოდ ალბათურად მივიჩნიოთ მოვლენების შემდგომი განვითარება სწორედ ასეთი მიმართულებით. ეს უკვე პრობლემას შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს იურიდიულ პირებს, არამედ უცხოურ იურიდიულ პირებსაც. მაგალითად, რომელიღაც ფონდს, რომელიც საქართველოში აფინანსებს მართლმსაჯულების ხელშემწყობ პროექტებს, მიაკუთვნებენ უცხოური ინტერესების გამტარებლის სტატუსს”, - დაასკვნის ვახტანგ ხმალაძე.

“ვის ესიამოვნება ასეთი სტატუსი და ეს ორგანიზაციები შეწყვეტენ საქართველოში საქმიანობას. დიდი ალბათობით, მიზანი სწორედ ეს არის. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ კანონპროექტის მიღება ევროკავშირისთვის იქნება ევროკავშირში არსებული წესების საწინააღმდეგო მიდგომა და ეს ოდნავ გამოღებულ კარს ევროკავშირის წევრობისთვის დახურავს. აი, ეს ხომ არ არის ამ ხელისუფლების მიზანი? ცხადია, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არა მაქვს... კანონების მიღებას აქვს თავისი წესები და პირობები, რა შემთხვევაში უნდა მიიღებოდეს და რა შემთხვევაში, არა. ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. კიდევ ერთი რამ არის და ჩემი აზრით, არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, თუ რატომ დაიწყეს ახლა ამ კანონის მიღება. ყურადღება მივაქციოთ, რომ ამ კანონის პირველი მოსმენით მიღების პარალელურად, საგადასახადო კოდექსში დაჩქარებული წესით დაამტკიცეს ცვლილება, რომელიც შეეხება ოფშორული ზონიდან საქართველოში ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე, ფინანსური და მატერიალური რესურსების გადმოტანას და თან 2030 წლამდე გათავისუფლებული იქნება გადასახადების გადახდისგან. იმიტომ ხომ არ იქნა ეს კანონი შემოგდებული, რომ ამ კანონის გამო ატეხილი ხმაურისა და პროტესტის ფონზე ეს ადვილად გაეცურებინათ. ამ რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცებისთვის დაახლოებით კიდევ ერთი თვეა და ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრი სწორედ ამით იქნება დაკავებული და სხვა რაღაცები ყურადღების მიღმა დარჩება”, - დასძენს ხმალაძე და შეკითხვაზე - “მაშინ ე.წ. აგენტების კანონის უკან გაწვევა ან განუსაზღვრელი ვადით გადადება უნდა გაუადვილდეთ, ხომ?” - პასუხობს:

“წესით, რეგლამენტით განუსაზღვრელი დროით გადადება არ შეუძლიათ, რადგან კანონის მიღების დადგენილი ვადები არსებობს. თუმცა რეგლამენტის არაერთი მოთხოვნა დაურღვევია ამ პარლამენტს. მაგალითად, ის, რომ ოპოზიციის მიერ შეტანილი კანონპროექტები თვეებია კომიტეტებშიც კი არ არის განხილული. ყველაზე სწორი იქნება, რომ გააკეთონ იგივე, რაც შარშან - გაიტანონ მეორე მოსმენაზე და ჩააგდონ. თუმცა, თუ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღარ დაამტკიცონ, შესაძლოა მართლა გადადონ და დაელოდონ მოვლენების განვითარებას. ესეც რეგლამენტის დარღვევა იქნება, მაგრამ როგორც გითხარით, რეგლამენტი არაერთხელ დაურღვევიათ”.

უკრაინის დახმარებას რუსული აქტივების კონფისკაციაც დაემატა - მსოფლიოს რეაქცია კონგრესის გადაწყვეტილებაზე

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61-მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა. ახლა კანონი სენატმაც უნდა მიიღოს, რის შემდეგაც მას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოწერს ხელს. ამას გარდა, კონგრესმა ასევე დაამტკიცა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და მისი უკრაინისათვის გადაცემა, რაც მოსკოვში განსაკუთრებულ უკმაყოფილებასა და შეშფოთებას იწვევს. ყოველივე ამას წინ უძღვოდა მრავალთვიანი მოლაპარაკებები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, ასევე უკრაინელი და ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტები ვაშინგტონში. დასავლელი ლიდერები და ანალიტიკოსები 20 აპრილის ამ გადაწყვეტილებებს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის. უკრაინის ხელუსფლება კი მიიჩნევს, რომ ეს “პუტინისთვის ცუდი დღეა”. ამასთან ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები, უახლოეს კვირებში, დიდი ალბათობით, უკრაინაში გაააქტიურებენ შეტევით ოპერაციებს, რათა ისარგებლონ პერიოდით, სანამ უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარება ფიზიკირად ჩავ”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის დახმარებას რუსული აქტივების კონფისკაციაც დაემატა - მსოფლიოს რეაქცია კონგრესის გადაწყვეტილებაზე.

“აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს სამშაბათს, 23 აპრილს უყრიან. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა კი განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი დოკუმენტს ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს, ხოლო დახმარება უკრაინას დამტკიცებისთანავე გადაეცემა. უკრაინის დახარებას მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა და 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინისთვის გამოყოფილი 61 მილიარდ დოლარიანი დახმარება უფრო ფართო პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ისრაელისა და ტაივანისთვის. მთლიანობაში პაკეტი მოიცავს 95,3 მილიარდ დოლარს, რაც შეესაბამება იმ თანხას, რომელიც აშშ-ის სენატმა თებერვალში დაამტკიცა. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის იერიშებს ამ დრომდე იგერიებს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 91 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთი ძირითადი ძალების კონცენტრაციას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, ნოვო პავლოვსკისა და ორეხოვსკის მიმართულებით ახდენს. ამასთან, რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებსაც არ წყვეტს. დაიბომბა ოდესა და ხარკოვი. არის მსხვერპლი, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ნადგურდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა”,- აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის სასარგებლოდ წარმომადგენელთა პალატამ ასევე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 360-მა კონგრესმენმა 58-ის წინააღმდეგ. კანონპროექტი ასევე მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას. ამის შედეგად, აშშ-ის პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება, გამოიყენოს რუსეთის სუვერენული აქტივების კონფისკაციის პროცედურა შესაბამისი სახსრების შემდგომი გადაცემით სპეციალურ ფონდებში - “კომპენსაციის ფონდი” და “უკრაინის მხარდაჭერის ფონდი”. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის გადაცემის ალგორითმის შეთანხმება შეუძლია “დიდი შვიდეულის” ქვეყნებთან. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ მისი მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც მოხსენიებული იქნება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის წინააღმდეგაც შემოღებულია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები; და ყველა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აშშ-ის სასანქციო კანონებისა და განკარგულებების კრიტერიუმებს შეესაბამება”,- განაგრძობს გამოცემა.

“აშშ-ის პრეზიდენტ უფლება ეძლევა სანქციები შემოიღოს ყველა ფიზიკური ან იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ ანგარიშში იქნება მოხსენიებული. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის რუსული აქტივებია გაყინული, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში გაცილებით მეტი - 280 მილიარდი დოლარი. შესაბამისად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ევროპელი პარტნიორები მათ ტერიტორიაზე მოხვედრილი რუსული აქტივების კონფისკაციაზე დაითანხმოს. როგორც “ვაშინგტონ პოსტი” წერს, ევროკავშირში უკმაყოფილი არიან იმით, რომ აშშ მათ “სარისკო მოქმედებებისკენ” უბიძგებს, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთის საპასუხო მოქმედებების მთელი სიმძიმე ევროკავშირს დააწვება და არა აშშ-ს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნულზე საბოლოო გადაწყვეტილება “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა ივნისში უნდა მიიღონ, რომელიც იტალიაში გაიმართება. “ვაშინგტონ პოსტის” თანახმად, “ევროპელი ოფიციალური პირები რუსული აქტივების კონფისკაციაზე უარს იმის შიშით ამბობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ინვესტორების ნდობის დაკარგვა და საპასუხო ზომები მოსკოვის მხრიდან”, - დასძენს გამოცემა.

“ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას იურიდიული რისკები ახლავს თან. მისი აზრით, აქტივების გაყინვიდან მათ კონფისკაციაზე და შემდგომ განკარგვაზე გადასვლა შეიძლება მიზეზი გახდეს “იმ საერთაშორისო წესრიგის რღვევისა, რომლის დაცვაც თქვენ გსურთ და რომელსაც გსურთ, რომ რუსეთი პატივს სცემდეს”. უკრაინისთვის გადასაცემი დახმარების პაკეტის მოცულობა 60.84 მილიარდი დოლარია. აქედან: 23.2 მილიარდი დოლარი მოხმარდება აშშ-ის სამხედრო მარაგების შევსებას, რომელიც უკრაინას უნდა გადაეცეს; 23.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის (პირდაპირი სახით); 11.3 მილიარდი დოლარი დაიხარჯება აშშ-ის ჯარებისთვის იმ რეგიონში, სადაც წვრთნას გადიან უკრაინის ჯარები; 13.8 მილიარდი მოხმარდება სხვადასხვა ტიპის შეიარაღების, სამხედრო აღჭურვილობისა და თავდაცვის სერვისების შეძენას; 26 მილიონი კი მოხმარდება აღნიშნული პაკეტის მონიტორინგს”,- წერს სტატიის ავტორი.

“ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, კანონის საბოლოოდ ძალაში შესვლიდან უკრაინა პირველ სამხედრო დახმარებას რამდენიმე დღეში მიიღებს. უფრო კონკრეტულად, კი მყისიერად დაიწყება გერმანიაში დასაწყობებული ამერიკული იარაღის ტრანსპორტირება უკრაინაში. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდენმა განაცხადა. ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი სამხედრო დახმარების მოლოდინის პარალელურად, რუსეთის მხრიდან სავარაუდოდ, გააქტიურდება როგორც შეტევითი ოპერაციები, ისე სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები. მათივე პროგნოზით, აშშ-დან უკრაინის ახალი დახმარება უშუალოდ ფრონტზე არა მყისიერად, არამედ რამდენიმე კვირაში აისახება. გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მყისიერად გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა ორივე პარტიას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში - სენატში, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ აშშ ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებით, უკრაინას აიძულებს “უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს”. “შეერთებული შტატები თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე, საბოლოოდ ასამარებს მის ეკონომიკას და ართმევს მომავალს... მაგრამ ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე. კიევის კრიმინალური რეჟიმი დამარცხდება”, - აღნიშნა ვოლოდინმა. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცება “კიდევ უფრო გაამდიდრებს აშშ-ს და კიდევ უფრო დააქცევს უკრაინას, გაზრდის კიევის რეჟიმის გამო დაღუპულ უკრაინელთა რაოდენობას”|. პესკოვის თქმით, ამერიკას მოუწევს, ამისთვის პასუხი აგოს. პაკეტის დამტკიცებას მიესალმა ნატო-ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის. ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის" პირად გვერდზე წერს, რომ პუტინისთვის ცუდი დღეა. “ცუდი დღე პუტინისთვის. ცუდი დღე ნებისმიერისთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმის დაცვას, რისიც მას სჯერა. ამერიკამ კვლავ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა”, - წერს კულება, რომელიც ელის, რომ კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული სენატში, ხელი მოეწერება პრეზიდენტის მიერ და ამას ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრები იგრძნობენ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ირაკლი მელაშვილი - “საქართველო შეიძლება დიდი შავი ფულის სამრეცხაო გახდეს”

“ჩვენ ვეძებთ ლოგიკას იმ ადამიანების თავებში, რომლებიც ცოტა სხვანაირად არიან მოწყობილი. თუ გამჭვირვალობა არ აკმაყოფილებდათ და მეტი უნდოდათ, რატომ არ შეიძლებოდა არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანა? ლაპარაკობენ გამჭვირვალობაზე და რეალურად ათასობით ადამიანს აგენტის სტატუსი უნდა მიაკერონ, რაც არ უნდა სახელი შეუცვალონ “აგენტს”. ახლა კიდევ შემოაპარეს და გააპარეს ოფშორების კანონიც, რომლითაც საქართველო შეიძლება დიდი შავი ფულის სამრეცხაო გახდეს. ამათ შორის ერთადერთი ლოგიკური კავშირი შეიძლება ის იყოს, რომ ორივე შემთხვევაში რუსულ ინტერესთან გვაქვს საქმე. რატომ არის რუსულიო, რომ გაიძახის ხელისუფლება, თუნდაც იმიტომ არის, რომ რასაც ამბობს ვოლოშინი, რუსეთის დუმის სპიკერი, ზუსტად იმავეს იმეორებს პაპუაშვილი. რაც მთავარია, თანხვედრაში არიან ისეთ ცნებასთან, როგორიც არის სუვერენიტეტი - ორივე ამბობს, რომ მათ სუვერენიტეტს დასავლეთი ემუქრება”, - აცხადებს პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არის თუ არა გამოსავალი პოლარიზაციის ჩიხიდან / “საქართველო შეიძლება დიდი შავი ფულის სამრეცხაო გახდეს”.

“ჩვენს სუვერენიტეტს დასავლეთიდან როდის დამუქრებია საფრთხე, თქვას რომელიმემ. სინამდვილეში, ჩვენ მანამ გვექნება პრობლემები, ვიდრე რუსეთის დუმის სპიკერის აზრი სუვერენიტეტის თაობაზე ჩვენი სპიკერის აზრის იდენტური იქნება. ცხადია, ორივეს ფეხებზე ჰკიდია ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს კანონები იმისთვის სჭირდებათ, რომ თავისუფალი აზრი მოსპონ... ხელისუფლება არ ამჟღავნებს შეთანხმების სურვილს. მას სურს წელში გადატეხოს ის ახალგაზრდები, ქუჩაში ათიათასობით რომ იყვნენ. 1980-იანი წლების ბოლოს სტუდენტური მოძრაობა რომ დაიწყო, და ქუჩაში გავედით, მაშინ თქვეს პირველად, ჩვენ კარგი ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ მათ ატყუებენ ექსტრემისტები და რადიკალებიო, ანუ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. მას შემდეგ ორმოცი წელი გავიდა და ორმოცი წელია, ვერც ერთი ხელისუფლება ჭკუას ვერ სწავლობს, რომ ასეთი სისულელე არ უნდა თქვას, რადგან ეს ახალგაზრდებს აგიჟებს, რადგან ამით მას ეუბნები, რომ არასრულფასოვანი ადამიანია, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნია. ეს ახალგაზრდები არა მარტო თავისუფლებაში დაბადებული თაობაა, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების სიბინძურეებიც არ ახსოვს. ესენი კი, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, კობახიძე, პაპუაშვილი, მათიკაშვილი თუ სხვები, ის ხალხია, ვინც სააკაშვილის რეჟიმში ცხოვრობდნენ, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და ეზიზღებოდათ თანატოლები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აპროტესტებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“ესენი სააკაშვილის დროსაც კონფორმისტები იყვნენ და არიან ახლაც. კონფორმისტებისთვის ყველაზე მიუღებელი სწორედ არაკონფორმისტები არიან. ვინც დღეს ქუჩაში გამოდის, სწორედ არაკონფორმისტები არიან. ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ადრე მიშას ელაქუცებოდნენ და ახლა ბიძინას ელაქუცებიან, მათთვის მენტალურად გაუგებარია, ამ ახალგაზრდებს რა უნდათ. ხელისუფლებას უკვირს, რა უნდათ, ეს კანონი მათ ხომ არ ეხება, ენჯეოშნიკები ხომ არ არიანო. ვერ გაუგიათ, რომ ახალგაზრდებს პროტესტი გაუჩნდათ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მთელი ქვეყანა გადააგდო - შარშან თქვა, ამ კანონს აღარ დავაბრუნებთო, და ახლა შემოიტანა. ახალგაზრდას არ სურს იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება განუსაზღვრავს, რა იფიქროს და რა არა. როდესაც მათიკაშვილი ამბობს, მუსიკას ის უკვეთს, ვინც ფულს იხდისო, და ჰგონია, ამით ენჯეოებს გაჰკრა კბილი, აი, დასავლეთის აგენტები არიან, რადგან ფულს ის უხდისო, ვერ ხვდება, რომ უპირველესად ეს საკუთარ თავზე თქვა? “ოცნებას” რომ ბიძინა უხდის ფულს, თვითონ რა გამოდის? ხომ არ შეიძლება ასეთ სირეგვნეს ამბობდე და თან პოლიტიკოსი გერქვას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქმე ის არის, რომ ეს მისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობს. ან მიქანაძე რომ უზით, ადეიშვილის მოადგილე რომ იყო, ოპოზიციას დასდევდა და ახლა “ნაცებს” დასდევს, კონფორმისტია. ახალგაზრდების პროტესტში საფრთხეს იმიტომ ხედავენ, რომ ეს მათ ხელისუფლებას ემუქრება. ხელისუფლება მოლაპარაკებაზე რომ წამოვიდეს, უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ დაინახონ, თუ დათმობაზე არ წავლენ, ხელისუფლებას დაკარგავენ. ჯერ დათმობაზე წამომსვლელებს არ ჰგვანან. თუმცა, ბევრი რამ არის შესაძლებელი. მეორე მოსმენის დროს ეს კანონი ისე შეიძლება შეცვალო, რომ რეალურად აღარაფერი დატოვო, მაგრამ ამას არ დათანხმდებიან. სინამდვილეში გაღიზიანებასა და პროტესტს ის მუხლები იწვევს, რომლებიც აგენტის სტატუსს ეხება. ეს რომ გამოაცალო, ამ კანონში რაღა დარჩება. ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი და შეკითხვაზე - “რა შანსია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული?” - პასუხობს:

“თუ დაინახა ხელისუფლებამ, რომ ძალაუფლების დაკარგვა ემუქრება, ან თუ დაინახა, რომ დასავლეთმა შეიძლება მათ პიროვნულად დაუწესოს სანქციები, შეეცდებიან წავიდნენ მოლაპარაკებაზე. როგორც ვხედავ, დასავლეთთან გზას არ იჭრიან, კობახიძე მუდმივად ელჩებთან ლაპარაკს ითხოვს და ხვალ შეიძლება თქვან, აი, ელჩებს შევხვდით და დაგვაჯერესო. მთავარია, გადაწყვეტილების მიღება და მერე ტექნიკურად როგორ შეფუთავენ, მეორეხარისხოვანია. აქამდე “ოცნებას”, როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, აბსოლუტურად გარანტირებული ჰქონდა ამ არჩევნებზე მოგება. ოპოზიციის ბედოვლათობის შედეგად ეს მოცემულობა იყო და ეს შარი რატომ აიტეხეს, არ მესმის. ახლა მათ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდეს ათიათასობით ადამიანი, რომელთაც აქამდე შესაძლოა არჩევნებში არც მიეღოთ მონაწილეობა, ახლა კი წავლენ და ხმას მათ წინააღმდეგ მისცემენ”.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს