თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ოტელოს“ პრემიერა გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის “ოტელო” საპრემიერო ჩვენებები 19 აპრილიდან (19,20,21,26,27,28 აპრილი) გაიმართება. მონტე-კარლოს ოპერის თეატრის ამ ულამაზესი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ალექს აგილერა, სცენოგრაფი ბრუნო დე ლავენერი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, განათების მხატვარი ლორან კასტენი.

სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოწვეული მომღერლები და დირიჟორები. დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი. თეატრის დარბაზებში გამოფენილი იქნება 80-იან და 90-იან წლებში თბილისის ოპერის სცენაზე განხორციელებული ჯ. ვერდის „ოტელოს“ ორი სხვადასხვა დადგმის ფოტოები, პროგრამები და აფიშები.

ჯუზეპე ვერდიმ „ოტელო“ არიგო ბოიტოს ლიბრეტოზე შექსპირის ტრაგედიის მიხედვით 74 წლის ასაკში დაწერა. იგი ცდილობდა შეექმნა ისეთი ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურული პირველწყაროს ღირსი იქნებოდა. შექსპირი ვერდის ყველაზე საყვარელი მწერალი იყო (ვერდის ოპერებს შორისაა შექსპირის მიხედვით შექმნილი „მაკბეტი“ და კომიკური ოპერა „ფალსტაფი“).

„ოტელოს“ პრემიერა 1887 წლის 5 თებერვალს მილანში, ლა სკალას თეატრში, გაიმართა. კომპოზიტორმა უშუალო მონაწილეობა მიიღო დადგმაში. იგი პირველი მოქმედების დროს კულისებში იმყოფებოდა და ქარიშხლის სცენის დასაწყისში თუნუქის ფურცის მეშვეობით ჭექა - ქუხილის იმიტაციას ახდენდა. მაგრამ ვერაფერი შეედრებოდა თავისი სიძლიერით იმ აპლოდისმენტებს, რომელიც ხვდა წილად პრემიერას. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი. ვერდის მილანის საპატიო მოქალის წოდება მიანიჭეს და მის საპატივცემულოთ გამართულ საზეიმო მიღებაზე იგი შექსპირს შეადარეს: „ორივეს აქვთ ფერების ერთი და იგივე ტიტანური სიმდიდრე, პერსონაჟების შექმნის ერთნაირი ძალა. ინგლისელი პოეტის სტრიქონებიდან და იტალიელი მაესტროს მელოდიებიდან ერთნაირი ტრაგიზმი მოდის, რომელიც გვავსებს მღელვარებით და გვატირებს.“

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის „ოტელოს“ პრემიერა მილანური პრემიერიდან წელიწადნახევარში, 1888 წლის 3 ოქტომბერს შედგა და მაშინვე შევიდა თეატრის რეპერტუარში. თბილისის ოპერის თეატრში განხორციელებულ ვერდის „ოტელოს“ დადგმებს შორის აღსანიშნავია 1980 წლის 20 იანვარის „ოტელოს“ პრემიერა, რომლის რეჟისორი იყო დოდო ალექსიძე, მხატვარი ფარნა ლაპიაშვილი, დამდგმელი დირიჟორი გივი აზმაიფარაშვილი (მთავარ პარტიებს ასრულებდნენ: ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა ამირანაშვილი, ელდარ გეწაძე). „ოტელოს“ მეორე დადგმის პრემიერა თბილისის ოპერის თეატრში 1991 წლის 14 ივნისს შედგა. რეჟისორი - რობერტ სტურუა, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი დირიჟორი - ჯანსუღ კახიძე (მთავარ პარტიებს ასრულებდნენ: ზურაბ სოტკილავა, ნაირა გლუნჩაძე, ელდარ გეწაძე). 1991 წლის 2 ივლისს „ოტელოს“ ეს დადგმა იტალიაში (ქ. ბუსეტო), ვერდის ფესტივალზე იყო წარდგენილი და დიდი წარმატება ხვდა წილად. ბოლოს „ოტელო“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 30 წლის წინ, 1994 წლის 18 თებერვალს შესრულდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს