ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი თბილისში ერთი საუკუნეა არსებობს.მის დაარსებაში, გამოჩენილ ქართველ მიკრობიოლოგ გიორგი ელიავასთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის კანადელ მეცნიერს, ფელიქს დერელს, რომელიც ბაქტერიოფაგის ფენომენის ერთ-ერთი აღმომჩენია. 1930-იან წლებში, ეს ორი მეცნიერი ერთად მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, სადაც დაიბადა იდეა, საქართველოში უკვე არსებული ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის, ბაქტერიოფაგიის მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბების შესახებ.

საბჭოთა პერიოდში, ელიავას სახელობის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული წარმოშობის დაავადებების წინააღმდეგ ახალი ბიოლოგიური პრეპარატების (ვაქცინები, შრატები, დიაგნოსტიკუმები, იმუნოგლობულინები, ფაგური პრეპარატები) შემუშავებასა და წარმოებაში. დღეს, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი გამორჩეულია მსოფლიოში ყველაზე ფართო და ღირებული ბაქტერიული შტამებისა და მათ მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების კოლექციით. კოლექციაში დაცულია 1000-ზე მეტი ფაგი, 44 გვარისა და 180 ბაქტერიული სახეობის 12 000-ზე მეტი ბაქტერიული შტამი, რომლებიც გამოყოფილია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

ელიავას ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის, მის მიერ შეთავაზებული „ერთი ფანჯრის პრინციპისა“ და ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით ფაგების მომავლის შესახებ თავად გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე გვესაუბრება.

რას საქმიანობს იორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი დღეს?

ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, ბაქტერიოფაგების შესწავლის კუთხით მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი სამეცნიერო ცენტრია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით საქმიანობს. აქ ხდება ფაგების გამოყოფა, შესწავლა, შერჩევა და მათი სხვადასხვა სფეროში გამოყენების შესაძლებლობების დადგენა.

გარდა ამისა, გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტი, მასთან ასოცირებულ დაწესებულებებთან ერთად წარმოადგენს ე.წ. კონსორციუმს, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს. კერძოდ, ჩვენს ტერიტორიაზე თავმოყრილია ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი, ფაგური პრეპარატების წარმოება, ფაგოთერაპიის ცენტრი - სამკურნალო დაწესებულება და აფთიაქი. ეს ორგანიზაციები, რომლებიც გაერთიანებული არიან საერთო იდეებისა და მიზნების გარშემო, უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის, ეფექტურ, ფაგზე დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას. სწორედ, ერთ სივრცეში არსებული სუბიექტების ჯანსაღი და კოლეგიალური თანაარსებობა აძლიერებს და აუმჯობესებს ჩვენს საქმიანობას, რაც თავის მხრივ, სამეცნიერო ინსტიტუტს ხდის მოწინავესა და წარმატებულს მსოფლიო მასშტაბით.

მოგვიყევით მიმდინარე პროექტების შესახებ

ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება, თუმცა კვლევების ძირითადი მიზანი სხვადასხვა ბაქტერიების მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გამოყოფა, მათი დეტალური შესწავლა და ახალი ფაგური პრეპარატების შექმნაა, ასევე შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარება ფაგების პრეპარატების პრაქტიკული გამოყენებისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი მთავარი მიმართულებაა ფაგების გამოყოფა ადამიანის, ცხოველის თუ მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ასევე ვსწავლობთ ინფექციური დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებსაც. . დღეს მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ანტიბიოტიკორეზისტენტობა. ჩვენ, ფაგების შესწავლით ვცდილობთ ამ საკმაოდ საშიშ გლობალურ პრობლემას და გამოწვევას გარკვეულწილად გავუმკლავდეთ, რადგან ფაგების, როგორც ანტიბაქტერიული საშუალებების წარმატებით გამოყენებას ჩვენთან დიდი ხნის ისტორია აქვს.

ინსტიტუტში რამოდენიმე სამეცნიერო პროექტი მიმდინარეობს, რომელიც დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებით. ახლახანს, ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერებმა გაიმარჯვეს ძალიან პრესტიჟულ კონკურსში - ევროკავშირის HORIZON-WIDERA-2023-ACCESS-02 პროგრამის ფარგლებში და მოიპოვეს გრანტი პროექტისათვის ASCLEPIUS. პროექტი, რომელსაც ელიავას ინსტიტუტი უხელმძღვანელებს, ფოკუსირებული იქნება ფაგოთერაპიასა და კონსორციუმის წევრებს შორის ცოდნის მიმოცვლაზე. ზოგიერთი პათოგენით გამოწვეული ინფექციების ფაგებით მკურნალობისთვის შესაბამის ერთობლივ სამეცნიერო კვლევებზე. პროექტში ელიავას ინსტიტუტის პარტნიორები არიან სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი საფრანგეთიდან და პორტუგალიის მინჰოს უნივერსიტეტი. პროექტი 2024 წლის ოქტომბერში დაიწყება და 36 თვე გაგრძელდება.

რას თვლით ელიავას ინსტიტუტის ყველაზე დიდ მიღწევად?

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ბაქტერიოფაგების ის დიდი კოლექცია, რაც ამ პერიოდში შეგვიგროვდა. თუმცა, ჩვენი ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი მიღწევა ის ადამიანური რესურსია, რომელიც ინსტიტუტს გააჩნია.

მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს გარკვეული ნოუ-ჰაუ, რომელიც წლიდან წლამდე თაობიდან თაობას გადაეცემა. სწორედ ეს ადამიანური რესურსია დღეს ჩვენთვის ყველაზე ღირებული და სწორედ ეს უსვამს ხაზს მსოფლიო მასშტაბით ჩვენს უდიდეს გამოცდილებას.

როგორია დღეს მსოფლიო გამოხმაურება ფაგებსა და ელიავას ინსტიტუტზე?

დღეს ელიავას სახელი ე.წ. ბრენდია. მსოფლიოში ის სამეცნიერო ორგანიზაციები თუ კომპანიები, რომლებიც ფაგებზე მუშაობას იწყებენ, ჩვენ გვიკავშირდებიან და ჩვენს გამოცდილებას იზიარებენ.

მეორე მხრივ, უამრავი ქვეყნის მედია საშუალებები გვიკავშირდებიან და ჩვენზე იღებენ სიუჟეტებსა თუ დოკუმენტურ ფილმებს, ასევე იქმნება უამრავი სამეცნიერო და პოპულარული პუბლიკაცია ჩვენი ინსტიტუტის მიღწევებზე. ჩვენი საარქივო მასალები, უცხოელი ჟურნალისტების მიერ შექმნილ არაერთ ვიდეოში მოხვედრილა. გამოვყოფდი, ისეთ სახელგანთქმულ პროგრამებს და საინფორმაციო საშუალებებს, როგორიცაა BBC, რომელმაც რამდენჯერმე გადაიღო ჩვენზე სიუჟეტი, ასევე Arte, National Geographic, France24, Vice, Stern და ა.შ.

დღეს მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების ფონზე რა განაპირობებს ელიავას ინსტიტუტის პოპულარობას?

ეს გახლავთ ცოდნა და ნოუ-ჰაუ, რომელიც ამ ერთი საუკუნის განმავლობაში დაგვიგროვდა. ფაგოთერაპიის ისტორია, ფაქტობრივად, პარიზის პასტერის ინსტიტუტთან ერთად ჩვენთანაც, თბილისის ინსტიტუტში იწყება.

თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს მსოფლიოში უამრავი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაცია იწყებს ფაგებზე მუშაობას. მხოლოდ აშშ-ში რამდენიმე ათეული კლინიკური კვლევა მიმდინარეობს. დიდ ბრიტანეთში კი სახელმწიფო დონეზე ხდება ფაგების კვლევის სტრატეგიის შემუშავება და აქტიური საქმიანობა. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები არიან ასევე ბელგია და ავსტრალია.

ფაგებსა და ფაგოთერაპიაზე მუშაობა აქტიური პროცესია. ეს რთული გზაა, რომელიც ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს და ლიდერებიც ვართ ამ მიმართულებით. . ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილება მაქსიმალურად გავუზიაროთ ყველას, ვისაც აინტერესებს ფაგებზე მუშაობა. ამიტომ შევქმენით ზაფხულის სკოლა, რომელიც ძირითადად უცხოელ სტუდენტებსა და მეცნიერებზეა გათვლილი. პირველად ეს სკოლა 2017 წელს ჩავატარეთ. რამოდენიმე წლის შემდეგ, პანდემიის გამო სწავლებები ვეღარ ჩატარდა. წელს კი კვლავ განვაახლეთ და მზად ვართ 50-მდე უცხოელი მივიღოთ. მონაწილეობის მსურველები არიან როგორც ახალგაზრდა, გამოუცდელი სტუდენტები, ისე უკვე შემდგარი მეცნიერები. ამ საზაფხულო სკოლით ჩვენ ვუერთდებით ახალგაზრდულ სამეცნიერო ფესტივალს, რომელსაც წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ატარებს. და ბოლოს, გვითხარით, რატომ არის ფაგოთერაპია მკურნალობის უნიკალური მეთოდი?

ფაგოთერაპია მკურნალობის მეთოდია, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ. ფაგები გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ინფექციების შემთხვევაში, მათ შორის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ინფექციების დროს. ფაგი წარმატებით ებრძვის ისეთ მავნე ბაქტერიებს, რომლებიც ავლენენ მრავლობით რეზისტენტობას ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ ( მაგ. მეტიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკი (MRSA), ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი ბაქტერიები (ESBL), კარბაპენემ-რეზიტენტული (CRE) და ვანკომიცინ-რეზისტენტული (VRE) შტამები) რაც დღევანდელი მედიცინის დილემას წარმოადგენს. ფაგი, ასევე გამოიყენება ბაქტერიული ბიოფილმების დროს, როდესაც მედიკამენტის შეღწევა ბიოფილმებში საკმაოდ გაძნელებულია. ფაგის ბუნებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება არ იწვევს გვერდით მოვლენებს, როგორიცაა, მაგალითად, ალერგიული რეაქციები. ეს ბაქტერიული ვირუსი, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში ნორმალური ბაქტერიული ბალანსის შენარჩუნებასა და აღდგენას.

მსოფლიოში, დღევანდელი მზარდი ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის პირობებში, ფაგოთერაპია, რომელიც თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის, განსაკუთრებული თავისებურებების გამო, შეიძლება ჩაითვალოს მომავლის მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად, რომელშიც ჩვენი, ელიავას სახელობის ინსტიტუტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქცია ასრულებს.

ჩვენ, ელიავას სახელობის ინსტიტუტში მოხარულები ვართ და მივესალმებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ბაქტერიოფაგების ერთ-ერთ სახელმწიფო პრიორიტეტად ჩათვლის შესახებ. გვიხარია, რომ ის გამოცდილება, პროფესიონალიზმი და საქმიანობა, რასაც ელიავას სახელობის ინსტიტუტი თითქმის საუკუნეა აწარმოებს დაფასდა, ჩაითვალა მნიშვნელოვნად. სახელმწიფო მხარდაჭერით, ჩვენს ინსტიტუტს, მის გუნდს, თავის საქმის პროფესიონალებს - მეცნიერებს, ექიმებს, ყველა თანამშრომელს კიდევ მეტი სასარგებლო საქმის გაკეთება შეეძლებათ, კიდევ მეტი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ