სერგო ჩიხლაძე - თურმე უნდა ვიმსჯელოთ, რაჟდენ კუპრაშვილი კარგად იმუშავებს თუ არა და ვიღაც შარდის ანალიზს ჩააბარებს თუ არა - „ქართული ოცნება“ ძლიერია იმაში, რომ მთავარი საკითხები გვერდით გადადოს და მეათეხარისხოვანი თემებით და ვითომ კანონებით დაგვხუნძლოს

ყველა მიმართულებით კატასტროფა ხდება და ამ დროს ხალხი მსჯელობს, ვიღაც შარდის ანალიზს ჩააბარებს, თუ - არა - მეათეხარისხოვან თემებზე დაღლას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარლამენტში წარდგენილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაში ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება უქმდება.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი არარელევანტურია, ვინაიდან, ანალიზების შედეგად რომელიმე პირის თანამდებობაზე დაბლოკვის შემთხვევა არ არსებობს.

„ადამიანებს უჭირთ, ქვეყნიდან გარბიან, ბავშვებს შიათ, სკოლის სწავლის ხარისხი ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, 65 ათასი პაციენტი გავიდა გასულ წელს საზღვარგარეთ, რადგან აქ ვერ მიიღო მკურნალობა, ყველა მიმართულებით კატასტროფა ხდება და ამ დროს ეს ხალხი მსჯელობს ვიღაც შარდის ანალიზს ჩააბარებს, თუ - არა.

არარელევანტური თემაა და არამნიშვნელოვანი. დამისახელეთ 1 შემთხვევა, როდესაც ანალიზების შედეგად რომელიმე ადამიანი დაიბრაკა და ვერ მოხვდა პარლამენტში, ან თანამდებობაზე. ასეთი შემთხვევა არ არსებობს, ისედაც მკვდარი კანონი იყო. გააუქმებენ, თუ გააძლიერებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. არავის აინტერესებს, ვინ რა ანალიზს აღებს, აინტერესებთ კანონები, რომლებიც ევროკავშირს დაგვაახლოებს, რეფორმა, რომელი 9 ნაბიჯის შესრულებას სჭირდება.

„ქართული ოცნება“ ძლიერია, რომ პირველი და მეორეხარისხოვანი გვერდით გადადოს, მეათეხარისხოვანი ვითომ კანონებით დაგვხუნძლოს. თურმე უნდა ვიმსჯელოთ, რაჟდენ კუპრაშვილს იმუნიტეტი თუ ექნება, ანტიკორუფციული კარგად იმუშავებს, ვიღაც შარდის ანალიზს ჩააბარებს, თუ არა. „გამარჯვების კოალიცია“ მეათეხარისხოვან თემებზე საუბარს და დაღლას არ ვაპირებთ“,-აღნიშნა ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, ჩიხლაძემ პრემიერის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. როგორც ჩიხლაძე განმარტავს, დიდი რისკია, რომ საავადმყოფოს ტერიტორია გასხვისდეს და კორპუსები აშენდეს.

“ფაქტია, რომ ერთ-ერთი პრემიერი ტყუოდა. განსხვავებული მიდგომა დავინახეთ. თანამშრომლების პრინციპულმა პოზიციამ შედეგი გამოიღო. ეს არის მოქალაქეებისთვის გადადგმული ნაბიჯი. მთავარია, რომ პროცესი გამჭვირვალე იყოს. ჩვენ მოვიწვევდით კომპანიას, აუდიტს ჩაატარებდნენ და დადებდნენ რამდენიმე ალტერნატივას. რაც ვნახეთ, ეს იყო სრული ტყუილი. იგივე გააკეთეს ონკოლოგიურზე, გაუშვეს თანამშრომლები, დაგასაქმებთო და 80% უმუშევარი დარჩა, დღესაც გამოშიგნულია ის შენობა. დასანგრევიც რომ იყოს, არც დანგრევის ტენდერია, არც აშენების. მარტო 1 წელი დასჭირდებოდა ამ პროცესს. ძალიან დიდი რისკი რჩება, რომ შეიძლება ფორმალურად დატოვონ შენობა, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერია ნათქვამი იმ დიდ ტერიტორიაზე, რომელიც არის საავადმყოფოს წინ. რისკია, რომ კომერციული მიზნებისთვის გასხვისდეს და კორპუსები ჩადგან. ეს არის დიდი მწვანე ტერიტორია, რომლის დაკარგვაც არ შეიძლება. ეს საბურთალოს „ფილტვები“ არის. დიდი ეჭვი მაქვს, ხელისუფლებას ამ ადგილის გასხვისება უნდა, რათა ვიღაცებმა, ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა, ბევრი მილიონი იშოვონ, ჩვენ კი ამ ქალაქში ამოვიხრჩოთ“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება