ლევან იოსელიანი - 2023 წელს ერთ - ერთი გამოწვევა მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული - ვნახეთ აქციები, როცა ცარიელი ფურცლების გამო იყვნენ ადამიანები დაკავებული

ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადაიყვანა. მთელ რიგ გასატარებელ რეფორმებთან ერთად, ახლა ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განსაკუთრებული სამუშაო აქვს. ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ მიმართულებით მონიტორინგს ახორციელებს, სახალხო დამცველის აპარატია.

არჩევიდან 10 თვის თავზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში 2023 წელს აჯამებს და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს მომდევნო წელსაც მოუწევს.

- ბატონო ლევან, სახალხო დამცველი ხართ, შესაბამისად, თქვენი მანდატი ადამიანის უფლებების დაცვის შეფასებასაც მოიცავს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში და რა გამოწვევებს ხედავთ, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით?

- პირველ რიგში, საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო ის დიდი წარმატება, რომელსაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღებით მიაღწია. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, ამას გრძელვადიანი შედეგი აქვს და ექნება სამომავლოდ ადამიანის უფლებების განვითარებაზე, ფორმირებაზე და სტანდარტის გაუმჯობესებაზე. სხვანაირად, ევროპული სივრცე, საითკენაც მივისწრაფვით, ვერ იქნება თავსებადი ისეთ ქვეყანასთან, სადაც ადამიანის უფლებები ევროპულ სტანდარტთან არ იქნება მიახლოებული. ეს პროცესი საკმაოდ რთული, საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ მთავარია, რომ ქვეყანა აჩვენებს პროგრესს. ამის ერთ-ერთი მთავარი გასაღები კი სწორედ, კანდიდატის სტატუსია, რომელიც სახელმწიფოს პირდაპირ ავალდებულებს მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე, მთელი რიგი რეფორმები გაატაროს, რომელიც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში მდგომარეობას შეცვლის.

10 თვე გახდება მალე, რაც სახალხო დამცველი ვარ, რა თქმა უნდა, უკვე ნათელია სურათი იმ გამოწვევების და პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხით დავიწყებ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა. სულ ახლახან მოკლული თამაზ გინტურის სამწუხარო ამბავი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად დაუცველია მათი უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, რამხელა ძალისხმევაა საჭირო, რომ ამ ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ამაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს წვლილი გადამწყვეტია. ასევე მნიშვნელოვანია მათი სოციალური საკითხების მოგვარებაც, რადგან ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთ არაუსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ, გამოწვევები აქვთ სოციალური მიმართულებით, ბევრი მათგანის ქონება განადგურებულია, ბევრი მათგანი სრულფასოვნად ვერ ახერხებს სოციალურ პროგრამებში ჩართვას, პრეტენზიები აქვთ, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რაც მათთვის კომპენსაციების გადახდას, დაზიანებული ქონების აღდგენას გულისხმობს. ეს საკითხები ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ასევე, 2023 წელს ერთ-ერთი გამოწვევა მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ვნახეთ აქციები, როდესაც ცარიელი ფურცლების გამო იყვნენ ადამიანები დაკავებული, ჩვენ ვნახეთ მათ შორის, ჟურნალისტებისთვის სამუშაო შეზღუდვის ფაქტები, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ, ასევე იყო თავდასხმის შემთხვევები, ამ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

პრობლემები და გამოწვევები რჩება ხანდაზმულებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ხანდაზმულთა თავშესაფრებში დავდივარ, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა პირობებში უწევთ მათ ყოფნა. ხშირ შემთხვევაში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის პირობები, სადაც მათ თავიანთი ცხოვრების ბოლო წლების გატარება უწევთ, მათი მოვლის, ზრუნვის სტანდარტი უნდა გაუმჯობესდეს, ისევე, როგორც გარემო, სადაც ისინი იმყოფებიან. თუ ხანდაზმულთა კერძო თავშესაფარს, პანსიონებს საჯაროს შეადარებთ, აღმოაჩენთ, რომ ცა და დედამიწასავით განსხვავებულია. კერძო თავშესაფრები ვნახე, რომელიც ევროპული სტანდარტებითაა მოწყობილი.

2023 წელს წელს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად დაუცველი, მოწყვლადი არიან ბავშვები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, ბულინგს. ამ მიმართულებით განათლების სამინისტრომ უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას. 2023 წელს არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობაც მოხდა, ეს სტატისტიკა სამწუხაროდ, მზარდია. სახელმწიფომ ეფექტური მექანიზმები უნდა გაატაროს, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა დაუპირისპირდეს ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკას, ამ ადამიანებმა ერთის მხრივ, თავი დაცულად უნდა იგრძნონ, მეორეს მხრივ, სახელმწიფომ იმის გარანტია მისცეს, რომ მათი ინტერესები ეფექტურად იქნება დაცული. პრობლემაა ის, რომ გოგონები ამის შესახებ არ საუბრობენ, ეს იმ სოციუმში დახურულია, როცა ტრაგედია ხდება, მაშინ ვიგებთ, რომ იქ ნიშნობა იყო ჩატარებული, მისი ნების საწინააღმდეგოდ იყო გათხოვილი და ა.შ. ვფიქრობ, როგორც კანონმდებლობა, ისე ცნობიერების ამაღლებაა ის ორი მიმართულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა გააქტიუროს, მეტი რესურსი ჩადოს. განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

- აღნიშნულ საკითხებს მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით, მანამდე კი გკითხავთ, არის თუ არა, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის პრობლემა კიდევ ერთი გამოწვევა და თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, რამდენად ახერხებთ ჯეროვნად მუშობას, ადამიანის უფლებების დაცვას?

- აღნიშნულზე ერთგვაროვანი პასუხის გაცემა სწორი არ იქნება, რადგან ინსტიტუტებს გააჩნია. არიან ინსტიტუტები, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატთან ძალიან ეფექტურად თანამშრომლობენ, ჩვენს რეკომენდაციებს იზიარებენ, ცდილობენ, თავიანთ გადაწყვეტილებებში ეს რეკომენდაციები დანერგონ და არიან ინსტიტუტები, რომელთაც ასეთი მიდგომა არ აქვთ.

- მაგალითად?

- ასე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ინსტიტუტი მთლიანად დახურულია ჩვენთვის. მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო ჩვენს რეკომენდაციებს ხშირად ითვალისწინებს, ჩვენი რეკომენდაციების დიდი ნაწილი სწორედ მათკენ მიემართება. ჩვენი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებების საქმიანობასთან და ა.შ. მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველად ამირჩიეს და უწყებების წარმომადგენლებს, პირველ პირებს შევხვდი, ვთხოვე მათ, მაქსიმალურად ეთანამშრომლათ სახალხო დამცველთან, ჩემი აზრით, ისინიც ათვიცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია, გვერდითი კონტროლი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სისტემურად ის ხარვეზები, რაც უწყებებში არსებობს, გამოსწორდეს. ზოგ შემთხვევაში, აქვთ მიმღებლობა, ზოგ შემთხვევაში - არა. აქ პარლამენტის როლია მნიშვნელოვანი, რადგან პარლამენტია ის ორგანო, რომელმაც უნდა მოახდინოს ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე ზედამხედველობა.

- თანამშრომლობის მზაობა არის მათი მხრიდან?

- პარლამენტის მხრიდან მზაობა არის, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ გაიზიარონ ჩვენი რეკომენდაციები, საკმაოდ გაუმჯობესებულია ჩვენი რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი. თუმცა, მათ ამის იქით უნდა შეძლონ, ამ რეკომენდაციების აღსრულებაზე ეფექტური ზედამხედველობა.

- ანუ, თქვენ, როგორც სახალხო დამცველს თქვენი მოვალეობის შესრულებისას სხვადასხვა უწყებების მხრიდან ხელი არ გეშლებათ?

- ხელშეშლა იქნებოდა მაგალითად, სახალხო დამცველს რომ არ უშვებდნენ კონკრეტულ ადგილას, დაშვებას რომ არ აძლევდნენ კონკრეტულ ინფორმაციაზე, ასეთი ხელშეშლა არ მიგრძნია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ სახალხო დამცველს საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ აქვს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში, მიმდინარე საგამოძიებო პროცესს ვერ ვაფასებთ, ამაზე რეკომენდაციაც გვაქვს გაცემული. აქ საუბარი არ არის ყველაფერზე, ათიათასობით საქმეს ვერ შევისწავლით, საუბარია იმ საქმეებზე, რომელიც წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან არის დაკავშირებული. გამონაკლისის სახით სახალხო დამცველს კონკრეტულ საქმეებზე დაშვების უფლებას აძლევენ, თუმცა, ეს სრულ სურათს ვერ ქმნის. როგორი კარგი და მისაღებიც არ უნდა იყო, არავის უყვარს, როცა მის საქმიანობას აკონტროლებ. განსაკუთრებით არ უყვართ, სახელმწიფო სტრუქტურებს, ჩვენ კი ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვუყურებთ მათ საქმიანობას და ვაკონტროლებთ ადამიანის უფლებების მიმართულებით სტანდარტი რამდენად დაცულია. ვერ გეტყვით, რომ სახალხო დამცველის აპარატს ყოველთვის სიხარულით იღებენ, თუმცა, შემთხვევა, რომ ვინმეს, ჩვენი წარმომადგენელი სადმე უკანონოდ არ შეეშვა, არ მახსენდება.

- წინა წლებთან შედარებით, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობა როგორია, საით მიდის ტენდენცია?

- აქაც არ არის ერთგვაროვანი სურათი. არის საკითხები, სადაც შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყოს და იყოს მიმართულება, სადაც შეიძლება უკუსვლა იყოს. ამას დიდ სურათში უნდა შევხედოთ. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ან მნიშვნელოვნად გაუარესდაო, რომ ვთქვა, ობიექტური არ იქნება. ყველას ერთ ჯამში მოთავსება, მათიც, ვინც ცდილობს ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, სტანდარტი გააუმჯობესოს და მათიც, ვინც ცდილობს, იგნორირება გაუკეთოს, ჩვენი რეკომენდაციები გვერდით გადადოს, სამართლიანი არ იქნება. საბოლოოდ, ჩვენ ამას წლიური ანგარიშის ფორმატში ვაფასებთ, როცა პარლამენტში წარვადგენ ხოლმე.

- ქვეყანაში ბავშვთა მდგომარეობასა და უფლებებს დავუბრუნდეთ. სად ხედავთ გამოწვევებს - რა ნაწილში? აქვე ჩაგეკითხებით ბავშვთა სახლებში არსებულ ვითარებაზე. თუ სწავლობს თქვენი აპარატი, როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ სიტუაციებს?

- ასე კლასიკური გაგებით ბავშვთა სახლები ანუ დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებები აღარ არსებობს, ეს იყო ადრე. ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან. ნინოწმინდის თავშესაფრის შემდეგ, ერთი დაწესებულება იყო დარჩენილი და ისიც დაიხურა. ნინოწმინდიდან ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან გაყვანილი. თუმცა, იქ რჩებიან, ბავშვები, ვისაც ამის სურვილი აქვს. თავშესაფრის სახელით აღარ ფუნქციონირებს.

ბუნებრივია, ყველა დაწესებულებას ვამოწმებთ, სადაც დახურულ სივრცეში იმყოფებიან არასრულწლოვნები. მათ შორის, არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ისინი მოვინახულე. ვერ ვიტყვი რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო სენსიტიური არ არის, არ მქონია შემთხვევა არასრულწლოვანთან დაკავშირებით რამე ტიპის რეკომენდაცია, ან წინადადება მქონოდა და იგნორირება გაეკეთებინოთ. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, სისტემური პრობლემაა, როცა ნაადრევ ქორწინებაზე ვსაუბრობთ, ინდივიდუალურ შემთხვევებს შეიძლება ეფექტურად უპასუხო, მაგრამ ეს ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემას, რაც ამ მიმართულებით არსებობს. ეს კონკრეტულად ერთ თემს ეხება, სადაც ეს კულტურული ინსტიტუტია ჩამოყალიბებული. ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ პრევენციული მექანიზმები გაატაროს, იმისთვის, რომ არასრულწლოვნებისთვის ქორწინების იძულება არ მოხდეს.

სკოლებიდან ხშირად მოდიან აქ ბავშვები, ვხვდები, ვუსმენ ხოლმე. ბევრმა მათგანმა ბულინგის არსებობის პრობლემა დაასახელა. ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი - ჩაგვრა, ბულინგი მთელ მსოფლიოშია, თუმცა, ამას ეფექტური პასუხი სჭირდება, თუნდაც, განათლების სისტემიდან, რომ გარემო იმდაგვარად იყოს ორგანიზებული, რომ ასეთი დამოკიდებულება ბავშვებს შორის არ არსებობდეს. რა თქმა უნდა, ბულინგის პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს სოციალური მუშაკების, მშობლების, ადმინისტრაციის ჩართულობით. სოციალურმა ქსელმა ბულინგის შესაძლებლობა კიდევ უფრო გააფართოვა, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ამას უჩივიან, რომ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში ხდება და არა სკოლის ტერიტორიაზე. მშობლები უნდა მონაწილეობდნენ როგორც სკოლის პოლიტიკის განსაზღვრაში, ასევე თავიანთი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ცალკე პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო გარემოს შექმნაც, რათა მათ ის სტანდარტი ჰქონდეთ, რაც შშმ ბავშვებისთვისაა განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. ამ მიმართულებით ბევრი რეკომენდაცია და წინადადება გვაქვს მომზადებული. ასევე, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზეც, რამდენად მისადაგებულია ინფრასტრუქტურა იმ საჭიროებებზე, სადაც ბავშვები, ხანდაზმულები, თუ შშმ პირები იმყოფებიან. არის დაწესებულებები, სადაც მისადაგების გონივრული სტანდარტი არსებობს და არის დაწესებულებები, სადაც ასეთი სტანდარტი დაცული არ არის. აუცილებელია, სახელმწიფომ ამ სტანდარტის დაცვისთვის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. ჩვენ ბუნებრივია, ყველა ჯერზე ამაზე დამატებით აქცენტს ვაკეთებთ, შესაბამის უწყებებს მივმართავთ, რომ ეს სტანდარტი იყოს დაცული. მაგალითად, ქუჩაშიც ნახავთ, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო არ არის, ტრანსპორტიდან დაწყებული, გადასასვლელებით დამთავრებული, მათ საჭიროებებს მისადაგებული არ არის, შუქნიშნებიც ხშირ შემთხვევაში, გახმოვანებული არ არის და ა.შ. შშმ პირები მხოლოდ ეტლით მოსარგებლეები არ არიან, არიან სხვა შეზღუდვის მქონე ადამიანები, რომელთა გარემოც, მაქსიმალურად ადაპტირებული უნდა იყოს. ხშირად, მათ გარეთ ვერ ვხედავთ იმის გამო, რომ გარემო მათზე არ არის ადაპტირებული და მათი გადაადგილება უსაფრთხო არაა.

- მოხუცთა თავშესაფრებში არსებულ პრობლემებზე საუბრობდით. რამდენი კერძო და სახელმწიფო თავშესაფარია და სად უფრო მეტ გამოწვევას აწყდებით?

- ქვეყანაში, 19 სათემო და სახელმწიფო ხანდაზმულთა თავშესაფარია. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები მათ საცხოვრებელ პირობებთან, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ საქართველოში მოხუცთა კერძო თავშესაფრები ფუნქციონირებს, რომლებიც ყველანაირი რეგულაციის მიღმა დგანან. ხშირ შემთხვევაში, მათი არსებობის შესახებ არც არავინ იცის. მაგალითად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, მშობლები ასეთი ტიპის კერო დაწესებულებებში ჰყავთ გადაყვანილი. ეს დაწესებულებები ყოველგვარი კონტროლის მიღმა არიან, ჩვენ არ ვიცით, იქ რა ხდება. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს წარმომადგენლებს იქ არც უშვებენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რუსთავში, ქუთაისში ასეთი ტიპის დაწესებულებები არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან მქონდა კომუნიკაცია. იმედი მაქვს, საკანონმდებლო ცვლილება დღის წესრიგში დადგება, რაც ამ სფეროს მოაწესრიგებს. ვიცით, რომ ეს ჯგუფი მოწყვლადია, არ ვიცით ასეთ დაწესებულებებში როგორია მათი მდგომარეობა, ყოფა, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელია. აუცილებელია, სახელმწიფოს, სახალხო დამცველს ეფექტური კონტროლი ჰქონდეს, სულ მცირე, მონიტორინგის საშუალება მიეცეს.

თუ რამდენი კერძო თავშესაფარია, ამას ვერ მოგახსენებთ, რადგან ჩვენთვის ეს არ არის ცნობილი. მაგალითად, რაიონებში, სახლებში აწყობენ ოთახებს და იმ რაიონში მცხოვრები მოხუცები ჰყავთ. ჩვენ არ ვიცით, მოვლა რა სტანდარტით ხდება, როგორ ექცევიან მათ. ხშირ შემთხვევაში, ისიც არ ვიცით, სად არის ეს თავშესაფრები მოწყობილი. ეს სისტემური პრობლემაა, რომელსაც ეფექტური გადაწყვეტა სჭირდება. როგორც გითხარით, ქუთაისში და რუსთავში, ასეთი კერძო თავშესაფრები ფუნქციონირებს, სადაც ჩვენს წარმომადგენლებს არ უშვებენ. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრთან, მოადგილეებთან საუბარი მე პირადად მქონდა, მათ შორის, მერთან, გუბერნატორთან, რომ ეს საკითხი მოსაწესრიგებელია, ველოდები, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

რაც შეეხება სახელმწიფო თავშესაფრებს, არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ გამხდარა. თუმცა, ის გარემო, სადაც ისინი იმყოფებიან, საცხოვრებელ პირობებს ვგულისხმობ, თანამედროვე სტანდარტს არ შეესაბამება. კვება ყველაზე ნაკლები პრობლემაა და ყველაზე ნაკლებად ამას უჩივიან ხოლმე. გარემო, სადაც იმყოფებიან, ოთახები, ინფრასტრუქტურა მოძველებულია. სივრცე უნდა იყოს, სადაც გავლენ, ისეირნებ, ხშირ შემთხვევაში, ეზოც მოხუცებისთვის ადეკვატურად მოწყობილი არა. ისინი ფაქტობრივად, ჩაკეტილი არიან ამ სივრცეში და მათი გარე სამყაროსთან კონტაქტი იმდაგვარად არ არის უზრუნველყოფილი, როგორც ამას ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ.

- ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა არც თუ ისე, სახარბიელოა. რა რეკომენდაციები გაქვთ ამ მხრივ?

- სამწუხაროდ, ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, ბოლო სტატისტიკით, შემთხვევები გაზრდილია. ასევე გაზრდილია ქალთა მკვლელობების სტატისტიკაც. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი, იმისათვის რომ ამ ტენდენციის შეკავება, შეცვლა შევძლოთ. ის მექანიზმი - საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ოჯახური ძალადობის მიმართულებით გვაქვს, ეფექტურია, ეს ჩარჩო, ხშირ შემთხვევაში, პრევენციული ხასიათის მატარებელია, მაგრამ ამის მიუხედავად, უამრავ შემთხვევას ვხედავთ, როცა ქალები ძალადობის მსხვერპლი არიან. ერთის მხრივ, ამის შესახებ უფრო მეტი ქალი საუბრობს, მეორეს მხრივ, ამ ფაქტების მატება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე მიუთითებს.

- გარდა ფიზიკური ძალადობისა, გვაქვს სხვა სახის ძალადობებიც, სექსუალური შევიწროების ფაქტებიც - რამდენად ხშირად მოგმართავენ მსგავსი შემთხვევების შესწავლის მოთხოვნით?

- რა თქმა უნდა, სექსუალური შევიწროების მიმართულებითაც გვაქვს განცხადებები, ვსწავლობთ. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტიპის შემთხვევებსა და გადაწყვეტილებებს არ ვახმაურებთ მედიისთვის, ეს ჩვენი მიდგომა და სტანდარტია, მხარეებს ეგზავნებათ გადაწყვეტილება და მათ ვუტოვებთ უფლებას, გაასაჯაროონ თუ - არა. ხშირ შემთხვევაში, თავად ერიდებიან გასაჯაროებას. თუმცა, ჩვენ ფაქტებს ვსწავლობთ.

- აქვე გკითხავთ ქალი დეპუტატების მისამართით პარლამენტში ბოლო დროს გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზეც და ამავე კონტექსტში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზეც. ხომ არ დაგიწყიათ ამ ფაქტების შესწავლა?

- პრეზიდენტს ჩვენთვის არ მოუმართავს, ჩვენც საჯარო სივრცეში არ შეგვხვედრია მის მიმართ გამოთქმული იმდაგვარი მოსაზრებები, რომელიც ჩვენი მხრიდან შესწავლის საფუძველი იქნებოდა. თუმცა, ასე თუ თუ იქნება, ბუნებრივია, ამას შევისწავლით. რაც შეეხებათ ქალ დეპუტატებს, მათ მიმართ როცა ასეთი ტიპის უხამს გამონათქვამებს აქვს ადგილი და როგორც ქალის მიმართ დამაკნინებელი განცხადებები კეთდება, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ყოველთვის გვაქვს რეაქცია და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიკვლევთ ამ საკითხს, ვუგზავნით პარლამენტს. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება, კონკრეტული ქალი დეპუტატების შემთხვევაშიც შემოსულია განცხადება, ვსწავლობთ და საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ეცნობება მათაც და პარლამენტსაც.

- როგორც თავად ახსენეთ, თქვენი მონიტორინგის ძირითადი ადრესატი პენიტენციური დაწესებულებებია. მუდმივად გვესმის განცხადებები, რომ იქ მდგომარეობა გასულ წლებთან და წინა ხელისუფლების დროსთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რა შეგიძლიათ თქვენ, როგორც სახალხო დამცველმა გვითხრათ, რა ხდება ციხეებში, რა გამოწვევებს და მიღწეულ შედეგებს გამოყოფდით?

- საქართველოში 14 პენიტენციური დაწესებულებაა. არის, როგორც დახურული, ასევე ნახევრად ღია დაწესებულებები. აქედან 10 მათგანი პირადად მაქვს დამონიტორინგებული. ბოლოს, გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში ვიყავი და შემიძლია მეტ-ნაკლებობით ზუსტი სურათი წარმოვადგინო იმ პრობლემების, გამოწვევებისა, რაც არსებობს. ბუნებრივია, შედარება იმასთან, რაც ადრე იყო, არაგონივრულია, მაშინ ადამიანის უფლებები სრულად უგულებელყოფილი იყო, დღეს ეს ასე აღარ არის. მიუხედავად ამისა, გამოწვევები არსებობს და ეს გამოწვევები იმ პატიმრებთანაა დაკავშირებული, რომელთაც მენტალური და ფსიქიკური პრობლემები აქვთ. ისინი ხშირ შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან და იქ უწევთ სასჯელის მოხდა, მათთვის ის გარემო შესაფერისი არ არის, მათ განსხვავებული გარემოც, მიდგომაც, სკრინინგიც, ეფექტური მკურნალობაც სჭირდებათ. როცა პრობლემა გამოვლინდება, მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა ხდება და ისევ დაწესებულებაში დაბრუნება. ასეთ დროს, პრობლემა ისევ ხელახლა იჩენს ხოლმე თავს, ეს ძალიან რთული პროცესია. ამ მიმართულებით, 2024 წელს ძალიან დიდი კვლევა და მისი პრეზენტაცია გვექნება, მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი იმუშავებს ამ კვლევაზე. კვლევის შედეგები იუსტიციის სამინისტროს დაეხმარება, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადადგას.

გარდა ამისა, ზოგადად, პრობლემაა დიდი ზომის დაწესებულებები, სადაც 1000-1500 პატიმარია. თუ გვინდა, რომ ეფექტურად იყოს ადამიანის უფლებები დაცული, პატარა ტიპის დაწესებულებების მიმართულებით უნდა წავიდეთ, მაგალითად, 500-700-კაციანი დაწესებულებები უნდა გვქონდეს. დიდ დაწესებულებებში ერთ-ერთი პრობლემაა მსჯავრდებულებისთვის ისეთი სერვისების, გარემოს შეთავაზება, რაც მათ განთავისუფლების დღისთვის მომზადებაში დაეხმარებათ. როცა წლებს დახურულ დაწესებულებაში ატარებ და გარეთ გადიხარ, აბსოლუტურად შეცვლილი გარემო გხვდება, ადაპტირება რთულია. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის გამო, უამრავი ადამიანი ბრუნდება ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან ის გარემო, სადაც ისინი გამოდიან, ადეკვატურ შესაძლებლობებს არ სთავაზობს.

- პატიმრების რესოციალიზაციაზეც უნდა გკითხოთ. არის თუ არა, სრულწლოვან პატიმრებში აღნიშნულის პრობლემა? როგორც ვიცი, არასრუწლოვნებისგან განსხვავებით, ზრდასრულ პატიმრებს განათლების მიღებაზე უარს ეუბნებიან.

- უცხო ენის სწავლა შეიძლება შეძლოს, მაგრამ ფუნდამენტური განათლების მიღება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. რესოციალიზაციის მიმართულებით, ვერაფერს ვიტყვი არასრულწლოვნებზე, ისინი განათლებას იღებენ და ამის მიღმაც, ბევრ უნარ-ჩვევებს იღებენ. ქალთა დაწესებულებებში ბევრი კარგი პროგრამაა, დანარჩენ დაწესებულებებში და რაც უფრო დიდია დაწესებულება, ასეთი პროგრამების სიმწირეც არის და პროგრამებში ჩართულობის მაჩვენებელიც ძალიან დაბალია. მაგალითად, ქსნის დაწესებულებაში ვიყავი, იქ რესოციალიზაციის პროგრამაში პრაქტიკულად არავინაა ჩართული, რამდენიმე ადამიანის გარდა, იმის ფონზე, როცა ეს დაწესებულება 1 500-1 700 ადამიანს ითვლის.

გამოწვევად რჩება ვადამდე პირობით გათავისუფლების მექანიზმის ამუშავების და სამაჯურების გამოყენების საკითხები, რომელიც კანონით დაშვებულია, თუმცა, მათი გამოყენების ეფექტურობა მაღალი არ არის. უმეტეს შემთხვევაში, მათ გამოყენებაზე უარია და ის დასაბუთებული არ არის.

- ციხის ე.წ. ობშიაკი, ე.წ. მაყურებლები, აზარტული თამაშები, მსჯავრდებულებისგან ფულის გამოძალვის თემა, ისევ პრობლემურ საკითხად რჩება. რა შეგიძლიათ ამ თემაზე გვითხრათ, თუ სწავლობთ ამ ფაქტებს, ან თავად პატიმრები თუ მოგმართავენ მსგავსი საკითხების შესწავლის მოთხოვნით?

- ინდივიდუალური შემთხვევები არის. მათ შორის, არაფორმალური მმართველობის ცალკეულ შემთხვევებზეც გვაქვს მომართვა. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, ვსწავლობთ. ეს ყველაფერი მაინც დაწესებულებების ზომასთანაა დაკავშირებული, რაც უფრო მცირეა დაწესებულება, ასეთი მომართვიანობაც ნაკლებია. არის დაწესებულებები, სადაც მსგავსი რამ საერთოდ არ ხდება. არის დაწესებულებები, სადაც ასეთი პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს და ყველაფერი, როგორც აღვნიშნე, დაწესებულების სიდიდემდე, ტიპამდე მიდის. ბუნებრივია, რეფორმამ სწორედ ეს უნდა მოაწესრიგოს. ახლახან გახსნილი, ლაითურის დაწესებულება ნაკლებ სივრცეს ტოვებს იმისთვის, რომ არაფორმალური მმართველობის შესაძლებლობა გაჩნდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე გკითხავთ. აპირებთ მის მონახულებას?

- მიხეილ სააკაშვილთან, როცა სახალხო დამცველი გავხდი, მაშინ ვიყავი, მოვინახულე. მას შემდეგ არ შემიწყვიტავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. პერიოდულად, მასთან ჩემი მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი შედის და რაც მთავარია, 3 თვეში ერთხელ კონსილიუმი მიდის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს, შემდე კი, დასკვნას საჯაროდ ვაქვეყნებთ. მიხეილ სააკაშვილმა იცის და მისთვის ნათქვამი მაქვს, თუ დამატებით, სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი. თუმცა, ჩემთვის, როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი კრიტიკული აღარ არის, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იანვარში უკვე კონსილიუმს უწევს შესვლა და დამატებით უკვე კონსილიუმი იტყვის, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ის ბუნებრივია, გამორჩეული პატიმარია, თუმცა, უფლებების კუთხით, ის თანაბარი უფლებებით სარგებლობს, ისევე როგორც სხვა პატიმრები. როცა სააკაშვილთან სანახავად მივედი, ყველა პატიმარი მოვინახულე, რომელიც იმ დაწესებულებაში იყო. მიუხედავად იმისა, ვინ არის ადამიანი, უფლებების კუთხით, ყველას თანაბარი გვაქვს. ბუნებრივია, ის ყოფილი პრეზიდენტია და მასზე მეტი ინტერესი იქნება მედიის მხრიდან, თუმცა, ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის მსჯავრდებულების უფლებების დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია.

- და ბოლოს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც მინდა შეაფასოთ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. რას ნიშნავს ქვეყნისთვის ეს გადაწყვეტილება?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი გამარჯვებაა საერთაშორისო არენაზე, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება ვერ აღასრულებს სამართალს, რაშიც დამნაშავეების დასჯას ვგულისხმობ. კომპენსაცია რაც არ არის ის, რა მოთხოვნაც ქართულ სახელმწიფოს აქვს და რაც კონკრეტული დანაშაულის ჩამდენების, მკვლელის პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს, რისთვისაც ქართულმა მხარემ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამ გზაზე ერთ-ერთი წარმატება, ბუნებრივია, სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს საერთაშორისო დონეზე ჩვენს პოზიციებს. მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციამ დატოვა ადამიანის უფლებათა სასამართლოს შესახებ შეთანხმება, ის უარს აცხადებს ყველანაირი ტიპის გადაწყვეტილების აღსრულებაზე. შესაბამისად, აღსრულების პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, მაგრამ ამას უფრო მეტად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ეკა ლემონჯავა

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია