თეიმურაზ ჯანაშია - არანაირი დანაშაული არ არის, აქ არის რამდენიმე ადამიანის ახირება, მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯოს გაფლანგვის მუხლი

აქ არ არის არანაირი დანაშაული, აქ არის რამდენიმე ადამიანის ახირება, მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯოს გაფლანგვის მუხლი, - ამის შესახებ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულმა, თეიმურაზ ჯანაშიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მოწმის სახით პროცესზე თემურ მღებრიშვილია დაბარებული.

„ზოგადად, ვართ დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე. დღეს ჩვენ წარვადგენთ კონკრეტულ მტკიცებულებას, რომლიდანაც ნათლად დაინახავთ, რომ ეს საქმე არის აბსოლუტურად სამართლისგან დაცლილი, შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია და კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ დავალებებს აძლევენ მიკერძოებულ სასამართლოს, პირდაპირ არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. გვყავს მოწვეული მოწმე, არ ვიცი გამოცხადდება თუ არა. ეს არის თემურ მღებრიშვილი. ის იყო, ჩემ მერე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ასრულებდა იგივე განკარგულებებს, რასაც მე, მაშინ, როცა ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. აქ არ არის არანაირი დანაშაული, აქ არის რამდენიმე ადამიანის ახირება, მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯოს გაფლანგვის მუხლი. მოკლედ, რომ ვთქვათ, 2013 გამოცემული განკარგულება იყო 4 მილიონზე. მე ვმუშაობდი თებერვლამდე და დავხარჯე, პირობითად, მესამედი ნაწილი, დანარჩენი დახარჯა ჩუბინიძემ, ზუსტად იგივე სქემით, იგივე განკარგულების საფუძველზე. ამაზე, თითქოს, იგი დაკითხულია. ჩვენ ვიცით, რომ განკარგულებებს გრიფი ადევს და არ ხსნიან. მე როცა ორი საათის განმავლობაში ბრალი გამომიცხვეს და შემრაცხეს დამნაშავედ, ანზორ ჩუბინიძის შემთხვევაში, მე-10 წელია, პროკურატურა ფიქრობს წაუყენოს თუ არა ბრალი. ისევ იქამდე მივდივართ, აქ არ არის დანაშაული, რა თქმა უნდა, არც ანზორ ჩუბინიძეს არაფერი დაუშავებია, ისევე როგორც მე, ოთარ ქველიძეს, არც თემურ მღებრიშვილს. აქ საუბარია იმაზე, რომ ვიღაცის ახირებაა, ვიღაც პასუხისგებაში მიეცეს“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია.

აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ავთანდილ წულაძე - სამხრეთ კავკასიაში ვითარება ცვალებადია, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არასტაბილურია იმის გამო, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში სუსტდება, მაგრამ ამავე დროს დასავლეთის პოზიციების გაძლიერების ნიშნები ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.06.2024
ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადება
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მაისის ანგარიშს აქვეყნებს
BTU-ს AI ჰაკათონის მონაწილეებისთვის MIT მასტერკლასს გამართავს
„თიბისის“ მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა
ცელიაკია – ავიმაღლოთ ცნობიერება გლუტენის აუტანლობაზე
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი პარტნიორის - შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადება