დავით ბერძენიშვილი - ბიძინა ივანიშვილი შეცდა: არც გიორგი აღმოჩნდა პლასტელინი და არც სალომე ჯიბის პრეზიდენტი - ჩვენ სალომეს ვგულშემატკივრობთ!

ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ერთსულოვანი არ იქნება. ამაში, თითქმის, დარწმუნებული ვარ - არ ვიცი რომელი ქალი თუ კაცი აღმოჩნდება „ნაცი“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამართლებრივი თუ მისი პოლიტიკური ნაწილიდან რომელიმე ხელისუფლებისთვის წამგებიანი აღმოჩნდება.

„ვვარაუდობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ერთსულოვანი არ იქნება, ამაში, თითქმის, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება იმას, 6/3-ზე იქნება, 7/2-ზე თუ 5/4-ზე ანუ გადაწყვეტილება იქნება თუ ვერ იქნება მიღებული, ამაზე მსჯელობას ვერ დავიწყებ - არ ვიცი. ჩემი პასუხია, ერთადერთი სწორი, უტყუარი პასუხი - არ ვიცი. ისეთი პროცესის წამოწყება, რომელსაც პერსპექტივა, პრაქტიკულად, არ აქვს, მაინცდამაინც დიდ პოლიტიკურ გამჭრიახობაზე არ მეტყველებს. ამ თვალსაზრისით, მისი სამართლებრივი ნაწილი ანუ საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებული შედეგები, თუ მისი პოლიტიკური ნაწილი, პარლამენტში კენჭისყრა, რომელიმე ნამდვილად იქნება ისეთი, რაც დღევანდელი ხელისუფლებისთვის წამგებიანი აღმოჩნდება. არ ველოდები 100 ხმას პარლამენტში. ბიძინა ივანიშვილის ვეზირების - ირაკლი 1-ის, ირაკლი 2-ის ქმედებებში რაიმე ინტელექტის დანახვა, სულ უფრო და უფრო ჭირს. რატომ დააწიოკეს მთელი ქვეყანა რუსული კანონით, როცა იძულებულები იყვნენ უკან წაეღოთ? ხომ გასაგები იყო? და თუ მათთვის გასაგები არ იყო, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ იქნებოდა მასობრივი პროტესტი, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ამ ქვეყანაზე, 9 აპრილზე, 20 ივნისზე, 7 ნოემბერზე. რამდენი რამ ჰქონდათ ისეთი, რომელიც წამოიწყეს, შემდეგ უკან წაიღეს, საკუთარი შემადგენლობიდან გამოყვეს ხალხი, დაარქვეს „ხალხის ძალა“ და უძლურება დაადასტურა ამ ხალხმა. ახლა პეტიციას აგროვებს ხალხი, თურმე 78-ე მუხლი კონსტიტუციაში ეზედმეტება. ეს ყველაფერი ერთად აღებული ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო და უფრო აღრმავებს მისი მომხრეების ბარბარიზაციას, ორ ფერში ხედავს ამ პოლიტიკას. ყველა ვინც „ქოცი“ არ არის, არის „ნაცი“. ისეთი მოსამართლეებიც ხომ იქნებიან, რომლებიც არ დაუჭერენ მხარს, ამის მოლოდინი მათაც აქვთ და წინასწარ არის შეტევა, დაღდასმული, რომ ისინიც „ნაცები“ არიან. არ ვიცი, რომელი ქალი თუ კაცი აღმოჩნდება „ნაცი“.

მე არ ველოდები პრეზიდენტის იმპიჩმენტს, პრეზიდენტი ნამდვილად არ არის მშიშარა ადამიანი. ის, რომ ქართველ ხალხს სალომე ზურაბიშვილი არ აურჩევია, ეს ჩვენ გვახსოვს. მეორე ტურში მას სახე წართვა კობახიძემ და ივანიშვილმა. გვახსოვს ბილბორდები, სადაც სახელი და გვარი ეწერა სალომე ზურაბიშვილის, მაგრამ სახე იყო კობახიძისა თუ ივანიშვილის. გვერჩივნა, მათ შორის ოპონენტებსაც, ესთეტიკის თვალსაზრისითაც, სალომე ზურაბიშვილის სახე დაგვენახა, ვიდრე მათი, ვინც იყო გამოსახული. მე არ ვვარაუდობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ელექტორალური წარმატება მოიპოვა მისი, ამ ბოლო 1.5 წლის ასეთი აქტიურობით, მაგრამ მან მის მიმართ კეთილგანწყობა რომ გააჩინა იმ ადამიანებში, რომლებმაც არ მისცეს თავის დროზე ხმა და გულისწყრომა გააჩინა „ქართული ოცნების“ შეკვეთის შემსრულებლებში, აშკარაა. გავიხსენოთ გიორგი მარგველაშვილი, ისიც ბიძინა ივანიშვილის შერჩეული კანდიდატი იყო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, გიორგი მარგველაშვილმა ადრეულ სტადიაზე გადაწყვიტა ივანიშვილისგან დისტანცირება. ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია საკუთარი შეცდომის დანახვა, მან მარგველაშვილზე თქვა, ის შეცდომა კი არა კურიოზიაო. ის, რაზეც თვლის, რომ არ გამოუვიდა, დაარქვა კურიოზი. ალბათ, ახლა სალომე ზურაბიშვილიც კურიოზია ან რაღაც მსგავსი. ბიძინა ივანიშვილი მცდარად ვარაუდობდა, რომ მარგველაშვილი იქნებოდა პლასტილინი, სალომე ზურაბიშვილი კი სრულად მართული. არც გიორგი აღმოჩნდა პლასტელინი და არც სალომე ჯიბის პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი ბოლო ხანებში უფრო ცდილობს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას, ამიტომ მისი გადაყენება და ვიღაცა ხელის ბიჭის დანიშვნა პოლიტიკურად არ ივარგებს. წმინდა პრაგმატულად ქვეყნისთვის შიგნით და გარეთ, სჯობს პრეზიდენტი იყოს სალომე ზურაბიშვილი. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, ჩვენ სალომეს ვგულშემატკივრობთ. ასევე, მე სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, ამ სრულიად გაუგებარ, აუხსნელ გადაწყვეტილებას, რომ ფარცხალაძე ჯერ კიდევ რჩება ქვეყნის მოქალაქე, დაუსვას წერტილი. ამით სალომე ზურაბიშვილი აიცილებდა იმ ბრალდებებს, რომ „ის ყველას უპირისპირდება, ბიძინა ივანიშვილის გარდა“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტების მიერ ხმების დანაწილებას ან თავად პოლიტიკოსების შესაძლო გაერთიანებას, დავით ბერძენიშვილის თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მომავალ არჩევნებში რამდენად უფრო დასავლური იქნება პოლიტიკური ოპოზიცია.

„პოლიტიკური ოპოზიცია რამდენიმე სუბიექტით იქნება წარმოჩენილი. არის სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, ვვარაუდობ რომ 20%-ის მიდამოებში მათ ექნება შესაძლებლობა მიიღონ ხმები, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება მათი აქტიური ლიდერი. არის გახარიას პარტია, რომელიც ბარიერის გადალახვის შანსის მქონეა. რაც შეეხება დანარჩენებს, ყველასგან ერთობლივად, შესაძლებელია, ერთი ან მაქსიმუმ, ორი ისეთი პოლიტიკური სუბიექტის შექმნა, რომელიც იქნება წამყვანი პოლიტიკური გაერთიანება ოპოზიციაში და არჩევნების შედეგად და შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გახარიასთან კოალიციის შემქმნელი. ეს იქნება შუაშისტური დიდი გაერთიანება. დღეს ოპოზიციაში ყველაზე მეტი ამომრჩეველი, სწორედ ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველია და გვყავს ბევრი პატარა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ბარიერის გადამლახველი არაა. რაც შეეხება გახარიას და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებას, როცა ასეთი ინფორმაციის გავრცელებას სახელისუფლებო ძალები ან მედიასაშუალებები იწყებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის მორიგი სახელისუფლებო შეკვეთა. არა „ნაცური“ ამომრჩევლის დასაბნევად არის ეს ნაბიჯები“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს