რომან გოცირიძე - ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი - მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე ღარიბაშვილმა "მოინელა"

ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი - მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე ღარიბაშვილმა "მოინელა", "გადაყლაპა", - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მოწმობს იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს ერთიანი პოზიცია და შეთანხმება.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომიდან მეორე დღესაც კი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კომენტარი ან შეფასება არ გაუკეთებია, რითაც, გოცირიძის თქმით, საზოგადოებას ეუბნება, რომ მას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ნდობა აქვს.

„ეს კიდევ მორიგი აურზაურია „ქართული ოცნების“ გუნდში, მორიგი პოლიტსაბჭოს წევრი მიდის და ამბობს, რომ რჩება პოლიტსაბჭოში - ეს არის ფორმალური განცხადება. ეს ნიშნავს, რომ სადღაც წავა. ჩვენ ვიცით, სად წავიდა მაია ცქიტიშვილი, რომელიც ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, რომლის კვალიფიკაცია გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჯანდაცვის მინისტრის? თუმცა, ხომ გაქრა? ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი ღარიბაშვილმა მოინელა, გადაყლაპა. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობაში არ არის ერთიანი პოზიცია, თანხმობა თუნდაც ამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. ამ მთავრობამ, რომლის შემადგენლობაში ტიკარაძე იყო, - როგორადაც არ უნდა გვინდოდეს მისი შეცოდება, რადგან ის ბოლო ეტაპზე დაუპირისპირდა ღარიბაშვილს ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ჰუმანურად მოიქცა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, როდესაც მან კომისია შექმნა და ფაქტობრივად, ციხის საავადმყოფოდან ნახევრად სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას შეუწყო ხელი - ეს არ ამართლებს იმ პოლიტიკას, რომელმაც 12 700 ადამიანი მოკლა. საქართველო დღეს არის ყველაზე მძიმე და ცუდ მდგომარეობაში პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. საქართველო არის სიკვდილიანობით უკვე მთელ მსოფლიოში მერვე ადგილზე და ინფიცირების მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის, პრემიერ-მინისტრის მომყვანის და მთელი ამ გუნდის არის. ბიძინა ივანიშვილი ვერ აიცილებს იმ პასუხისმგებლობას, რომ პანდემიის განმავლობაში ასეულობით მილიონი ფული გაიფლანგა და ამდენი ადამიანი დაიხოცა, კიდევ რა მოხდება მომავალში, არავინ იცის. შეიძლება ვთქვათ, რომ მოკვდება კიდევ 1000 კაცი წლის ბოლომდე.

ეკატერინე ტიკარაძე არა მარტო გუნდის, ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მინისტრი გადადგა, რომელსაც ასეთი სფერო მიჰყავდა, თანაც ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და ხმა არ ამოუღია ღარიბაშვილს. ერთი დღე გავიდა, არც მადლობა, არც კომენტარი, ან საყვედური, „ღირსია, რომ წავიდა,“ „მე ანტივაქსერი ვარ და კოვიდპასპორტების ჩემს პოლიტიკას არ დაეთანხმა,“ - გატრუნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დემონსტრაციულად გვეუბნება საზოგადოებას, რომ მას, ტიკარაძის დემარში იქნებოდა თუ მისი პოზიციები, მას ივანიშვილისაგან ნდობა აქვს. ივანიშვილს, რომ ნდომოდა, დაიცავდა ტიკარაძეს და გააგდებდა ღარიბაშვილს. რატომ არ უშვებს ღარიბაშვილს? - მას სჭირდება ადამიანი, ეს არის „უკანასკნელი მოჰიკანი,“ ამ შემადგენლობაში ბოლო, რომელიც ნებისმიერ დავალებას ბიძინა ივანიშვილისგან სიამოვნებით მიიღებს და იქით ეტყვის „მადლობა, ბატონ ბიძინას“. მისი მსგავსი შემსრულებელი, მონური მორჩილებით და დიდი აზარტით, ამ კაბინეტის შემადგენლობაშიც კი ძალიან ძნელად მოიძებნება. ამიტომ, მას ის სჭირდება, როგორც ყველაზე მორჩილი და ნებისმიერი საქმის გამკეთებელი. ამიტომ გაწირა თავისი საახლობლო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორის, ლევან რატიანის კანდიდატურა განიხილება, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, რადგან, მისი შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა და არა ექიმი.

„ტიკარაძის დანიშვნა იყო საბჭოური ტრადიციის გაგრძელება, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს ექიმი, სოფლის მეურნეობის მინისტრი უნდა იყოს აგრონომი, განათლების მინისტრი უნდა იყოს პროფესორი და ა.შ. მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა. ექიმი არის მკურნალი და უმკურნალოს ავადმყოფებს. [ლევან რატიანი] არის პროფესიონალი ადამიანი, თუმცა, პოლიტიკური სიმპათიების მქონე რას დადის საარჩევნო ყრილობებზე?! - ის სიყვარული, რომელიც მან მოიპოვა თავისი საქმიანობის რაღაც ეტაპზე, შემდეგ გაცვალა პოლიტიკურ კონიუნქტურაში“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ