განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ოთხ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის, ოთხ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ირანის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ყ.-მ, ჟ.ყ.-მ, ა.ჯ.-მ და ს.ბ.-მ საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს 1033,79 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ფეხსაცმელებში მოათავსეს და 2018 წლის 17 სექტემბერს სასაზღვრო გამშვები პუნქტის სადახლოს გავლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე პირი 2018 წლის 18 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტის სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა რ.ყ.-ს, ჟ.ყ.-ს, ა.ჯ.-ს და ს.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. რ.ყ.-სთვის, ჟ.ყ.-სთვის, ა.ჯ.-სთვის და ს.ბ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს