“ქართული ოცნების“ დადგენილების თანახმად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც სამართალდამცავებს უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის

ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე, - ამის შესახებ ნათქვამია “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ავტორობით მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტში, რომელიც სესიაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან ერთად გავა.

როგორც დადგენილების პროექტშია აღნიშნული, კომისიის შექმნის მომენტისთვის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა მთავარი კითხვები, თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა და ხომ არ ჰქონდა ადგილი გამოძიების პროცესის მწარმოებელ პირთა მხრიდან გამოძიებისათვის ხელის შეშლას, მათი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

უმრავლესობის ავტორობით მომზადებულ დადგენილების პროექტში ხაზგასმულია, რომ კომისიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამოცანად დაისახა დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელ პირის იდენტიფიცირება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება.

“სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა დავით სარალიძის მკვლელობაში არასრულწლოვან გ.ბ.-ს მიმართ, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის შესაბამისი სტანდარტისათვის საკმარისად არ მიიჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა არ დასრულებულა. განაჩენი გასაჩივრებულია, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ და საქმეს განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომისიის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესწავლა, საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო არასწორი მოლოდინი დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელ პირთან და ზოგადად მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან დაკავშირებით, რომელიც მათივე განცხადებებით განსხვავდებოდა გამოძიების ვერსიისგან - კომისიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამოცანად დაისახა დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება.

საგამოძიებო კომისიის ზემოთ ხსენებული ლეგიტიმაციის მიუხედავად, კომისიის წევრების კითხვებიც ახსნა-განმარტების მიმცემ პირთა მიმართ უმეტესწილად ამ კონკრეტული გარემოების დადგენას ისახავდა მიზნად.

შესაბამისად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე“, - ნათქვამია დადგენილების პროექტში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს