ზვიად გონაძე - ვახტანგ მახარობლიშვილი ტენდერთან დაკავშირებულ პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზვიად გონაძის განცხადებით, ვახტანგ მახარობლიშვილი ტენდერთან დაკავშირებულ პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. ასე გამოეხმაურა გონაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ტენდერში მახარობლიშვილის ძმის კუთვნილმა კომპანიამ გაიმარჯვა.

„ყურადღებით გავეცანით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას და უწყებაში შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც შეისწავლის საქმის ყველა დეტალს, რათა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის გაფორმებულ ხელშეკრულებას, მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვების კანონი არ გვავალდებულებს ელექტრონული ტენდერის ჩატარებას და ბაზრის მოკვლევას, ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და მოვიძიეთ შესაბამის არქიტექტორთა ჯგუფი, რომელსაც ხელეწიფებოდა აღნიშნული სამუშაოს ჩატარება მაღალი ხარისხით, მოკლე დროში და ხარისხიანად. ჩვენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს არქიტექტორთა აღნიშნულ ჯგუფთან და შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებაც მოხდა იმ კომპანიასთან, რომელშიც დასაქმებული იყვნენ შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე ადამიანები“, - განაცხადა დონაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, რაც დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნით. მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტის განხორციელების არც ერთ ეტაპზე ეჭვი არ გაჩენილა არც კვალიფიკაციასა და არც მათ შესაბამის პირობებზე.

„რაც შეეხება კომპანიის დამფუძნებლებთან ჩვენი კოლეგის ნათესაურ კავშირს, მოგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს ანგარიშვალდებულ პირთა წრეს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ხელშეკრულების მხარეები არ უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული ერთმანეთის მიმართ. აი, ეს არის ზუსტად ჩვენი შემთხვევაც. ამის გარდა, მის კომპეტენციაში არასდროს შედიოდა ის სფერო, რომელსაც ჩვენ ვკურირებთ. შესაბამისად, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა ამ პროცესებზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ.

„რუსთავი 2“ აუდიტის სამსახურის დასკვნას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, უწყება მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურების მხრიდან წარმომადგენლობითი ხარჯების ზუსტი გაწერა არ ხდებოდა. აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ეს პრობლემა და დეტალურად გაწეროს ყველა ხარჯი.

„ეს წარმოადგენდა კონტროლის მექანიზმის სისუსტეს. გარკვეული დიპლომატიური დაწესებულებების მიერ გაწეული წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, როდესაც არ იყო დამატებით წარმოდგენილი დასაბუთება აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობა, კონკრეტული აქტივობა რის გამო იყო გაწეული ესა თუ ის ხარჯი,“- განაცხადა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაც, რომელიც კორუფციულ რისკებს შეიცავს. კერძოდ, საუბარია 700 ათას ლარიან ხელშეკრულებაზე, რომელიც სახელმწიფო ფონდიდან გამოიყო და სამინისტროს ახალი შენობის საპროექტო სამუშაოებზე დაიხარჯა.

დასკვნაში ფიგურირებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვატო მახარობლიშვილი, რომლის ძმა იმ კომპანიის დამფუძნებელია, ვისაც სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა. კომპანია თანხის გადარიცხვამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ