ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს 28 სექტემბერს ინდოეთში დააბრუნებენ

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 28 სექტემბერს, გამთენიისას საქართველოს დატოვებს და ინდოეთში დაბრუნდება. ამის შესახებ საპატრიარქოს ვებ–გვერდზეააღნიშნული. საპატრიარქოს ინფორმაციით, მანამდე, 18-21 სექტემბერს წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სულთმოფენობის ეკლესიაში იქნება დაბრძანებული; 21-24 სექტემბერს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში არსებულ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში; 24-26 სექტემბერს – ალავერდის მონასტერში; 26 სექტემბერს, ქეთევანობას კი ეროვნულ მუზეუმში.

წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან ერთი წლის წინ 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. თავდაპირველად წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვით, 1-ელ მარტამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის თხოვნით მიმართა და წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დამატებით, 6 თვით დატოვება ითხოვა.

წმინდა ნაწილები საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორმხრივი სამთავრობო შეთანხმების შედეგად ჩამოაბრძანეს.

წმინდა ქეთევან დედოფალი სარწმუნეობისთვის შაჰ-აბასის ბრძანებით 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

წმინდა დედოფლის საფლავი 2006 წელს ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად, ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ აღმოაჩინა. კვლევის შედეგები 2013 წელს ჟურნალ ARCHEOLOGY-ში დაიბეჭდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურის კოლექციაშია დაცული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს