ხონის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების პირობით მსჯავრზე ინფორმაცია პრესით შეიტყო და ოფიციალური განაჩენის მიღების შემდეგ, კანონის შესაბამისად იმოქმედებს

ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს და სხვა საჯარო მოხელეებს პირობითი მსჯავრი მიესაჯათ და 40 000 ლარით დაჯარიმდნენ. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, საქმე დოკუმენტაციის გაყალბებით კინჩხაში სახელმწიფო მიწების გასხვისებას ეხება. განაჩენი ჩაბარდათ საჯარო მოხელეებს და ისინი ამ დრომდე თანამდებობებს ინარჩუნებენ.

როგორც ხონის მერი ლადო ჯურხაძე აცხადებს, ფაქტის შესახებ ინფორმაცია პრესის მეშვეობით შეიტყო. როგორც მან განაცხადა, ოფიციალურად განაჩენი არ მიუღია და შესაბამისად, არც რაიმე ღონისძიება გაუტარებია.

„როდესაც ოფიციალურად მოვა ჩემთან უწყება, რაღაც ღონისძიებებს გავატარებ, რა თქმა უნდა. ოფიციალური ინფორმაცია არ მოსულა. ჩემთვის კანონი არის ამოსავალი და ყველა ის ნორმატივი, რაც გააჩნია კანონს. როდესაც ოფიციალურად შემოვა ინფორმაცია, ამის შემდგომ ვისაუბროთ დეტალურად. კანონიდან გამომდინარე, თუ რაიმე ვალდებულება მექნება, ამ ღონისძიებებს გავატარებ. რა ფართობზეა საუბარი, არ ვიცი, რადგან ეს წინა პერიოდის ამბავია“, - განაცხადა ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ.

ფაქტს ადასტურებს თავად მერის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე. მისი თქმით, საქმეზე განაჩენი უკვე ჩაბარდა, თუმცა გასაჩივრებას არ აპირებს, რადგან ფაქტზე საპროცესო შეთანხმება შედგა.

არსებული ინფორმაციით, საქმე 2016 წელს აღიძრა და განაჩენი წელს, აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. საქმის განხილვა თბილისის სასამართლოში გაიმართა.

გელა ჩოგოვაძე იმ დროისთვის ხონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობდა. მერის მოადგილის პოსტზე ის 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024