დავით დონდუა ცენტრალური ევროპის კულტურის პლატფორმის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ცენტრალური ევროპის კულტურის პლატფორმის (PCCE) მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პლატფორმა 2001 წელს დაარსდა და ითვალისწინებს სახალხო და კულტურის დიპლომატიის ფარგლებში ავსტრიის, ჩეხეთის, უნგრეთის პოლონეთის და სლოვაკეთის თანამშრომლობას, არაფორმალური დიალოგის მეშვეობით კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების წახალისებას, ორმხრივი და მრავალმხრივი კულტურული პროექტების განხორციელებას.

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ კულტურული დიპლომატიის საშუალებით ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სახალხო დიპლომატიისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებს და ამ მიმართულებით ცენტრალური ევროპის კულტურის პლატფორმის მონაწილე ქვეყნებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

მინისტრის მოადგილე მიესალმა საქართველოს დედაქალაქში პლატფორმის მიერ ინიცირებული პროექტის - თბილისის ციფრული ექსპო-ს ჩატარებას და ხაზი გაუსვა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე პლატფორმის მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მნიშვნელოვანი ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია და გამოთქვეს საქართველოსთან სახალხო დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს