„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბაჰიტჟან საგინტაევთან, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორ დავით საგანელიძესთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე ესწრებოდა.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბაჰიტჟან საგინტაევმა ოფიციალურ შეხვედრაზე საქართველოში წარმატებით განხორციელებული ყაზახური საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა „საპარტნიორო ფონდის“ როლს საქართველო-ყაზახეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. ყაზახეთის პრემიერმა „საპარტნიორო ფონდის“, ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროსა და ყაზახეთის დაკრედიტების ბიუროს შორის თანამშრომლობის მნიშნელობაზე გაამახვილა ყირადღება. როგორც ბაჰიტჟან საგინტაევმა აღნიშნა, ერთობლივი საინვესტიციო პროექტებისა და ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ორი ქვეყნის ოფიციალური უწყებები აქტიურად მუშაობენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მაღალი დონის შეხვედრაზე მთავარი აქცენტები ტურიზმის, ტრანსპორტის, სარკინიგზო-სატრანზიტო პროექტებისა და აბრეშუმის გზის მარშრუტზე გაკეთდა, რომელშიც საქართველო და ყაზახეთი აქტიურად არიან ჩართულნი.

ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორმხრივი საინვესტიციო პროექტების კიდევ უფრო განვითარებას და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებისთვის ახალი პერსპექტივების შექმნას.

ქართული დელეგაცია, საქართველოს ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მაღალი დონის შეხვედრა იგეგმება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ასტანის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს