ირმა ჭკადუა - ოთარ აბესაძეს შეუქმნეს ყველანაირი პირობა, რომ ის იყოს ძალიან ცუდად და გარდაიცვალოს

ოთარ აბესაძეს შეუქმნეს ყველანაირი პირობა, რომ ის იყოს ძალიან ცუდად და გარდაიცვალოს, - ამის შესახებ ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჭკადუას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ოთარ აბესაძეზე შური იძიოს და სამაგალითოდ მოხდეს მისი დასჯა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვაზე - თუ ვის და რატომ სურს აბესაძეზე შურისძიება, ადვოკატი კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა, აღნიშავს, რომ მას მსგავსი ინფორმაციები სმენია. ირმა ჭკადუას განცხადებით, მიმდინარე პროცესებზე მთლიანად პასუხისმგებელი არიან როგორც სასამართლო, ასევე ის ექსპერტები, რომლებმაც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა დადეს, ასევე, სასჯელაღსრულების #8-ე პენიტენციური დაწესებულება.

„ფაქტია, რომ აბესაძე განსაკუთრებულად ისჯება სამაგალითოდ, რადგან ის იყო ოცნების წევრი და აქტივისტი. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება შურისძიებას ახორციელებს მასზე. ის ინანიებს დანაშაულს. რა უნდა გავაკეთოთ, მაინც და მაინც უნდა გარდაიცვალოს, რომ დავიჯეროთ, რომ ის მართლაც ინანიებს ჩადენილ ქმედებას და რომ ცუდადაა?! ოთარ აბესაძეს შეუქმნეს ყველანაირი პირობა, რომ ის იყოს ძალიან ცუდად და გარდაიცვალოს, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. მოსამართლე პროცესს ისე აგრძელებდა, რომ ეს ადამიანი ცუდად იყო. აქვე გამოაცხადეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და წნევაც არ აღენიშნებოდა, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ის მოგვიანებით გადმოიყვანეს კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებ სასამართლოს და იმ ექსპერტებს, რომლებმაც ბუნდოვანებები ჩაწერეს მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე, #8 პენიტენციურ დაწესებულებას, ვინაიდან პროკურატურაში გვეუბნებიან, რომ ოთარის ცუდად ყოფნასთან დაკავშირებით დაწესებულებიდან ინფორმაციები არ აქვთ“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს