22-23 სექტემბერს საჯარო სკოლის დირექტორებისთვის თბილისში ორდღიანი კონფერენცია გაიმართება

თბილისში 22 და 23 სექტემბერს საჯარო სკოლების დირექტორებისთვის ორდღიანი კონფერენცია გაიმართება.

“სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ - ამ სახელწოდების ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან“ აცნობეს, კონფერენციის მიზანი სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, დირექტორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელ კონფერენციაში 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას.

სასწავლო პროცესსა და განათლების სფეროში არსებულ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე მათთან ერთად კონფერენციაზე ორი დღის განმავლობაში საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმსჯელებენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, ფონდი ხელს უწყობს საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებსა და ისეთი პროგრამების დავნერგვას, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

„მსგავსი კონფერენციები საშუალებას გვაძლევს დირექტორებისა და სკოლის ბაზაზე მოქმედი ფასილიტატორების პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, იმისათვის, რომ წარმატებით და ეფექტიანად მოხდეს ჩვენი საჯარო სკოლების მართვა და 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა”, - აცხადებს მაგდა მაღრაძე.

მისივე თქმით, სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციის მონაწილეები პრეზენტაციებს წარმოადგენენ შემდეგ თემებზე: ინკლუზიური განათლება და თანასწორობა, არაფორმალური განათლება, ძალადობა სკოლაში - მისი პრევენცია და რეაგირების გზები, სკოლების თვითშეფასების მექანიზმები და სხვა.

როგორც ფონდში განმარტავენ, აღნიშნული ღონისძიება განათლების სპეციალისტებს მისცემს შესაძლებლობას, ერთმანეთს სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ და განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელონ.

„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციის“ მონაწილეები მსგავსი პლატფორმების არსებობის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე საუბრობენ. „სკოლის დირექტორებისთვის და მასწავლებლებისთვის ასეთი სახის კონფერენციები უმნიშვნელობანესია. ამით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ ყველაზე წარმატებული, ეფექტური და ისეთი საჭირო გამოცდილება, რაც სკოლებში აუცილებლად უნდა დაინერგოს და ვისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილებით კიდევ უფრო მეტი“, - განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, მორის დანდურიშვილმა.

„გასულ წელს კონფერენციაზე იმდენი საინტერესო და ახალი რამ შევიტყვე ჩემი კოლეგებისგან, რომ გადავწვიტე წელსაც მიმეღო მონაწილეობა. ერთმნიშვნელოვნად, ყველასთვის აუცილებელია ასეთ ღონისძიებებში ჩართულობა. ჩვენ ამით პროფესიულ უნარებს კიდევ უფრო ვავითარებთ და ვამყარებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, რაც განათლების სფეროს განსავითარებლად აუცილებელი წინაპირობაა“, - აცხადებს ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, თეონა ადეიშვილი.

ცნობისთვის, სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია გასულ წელსაც ჩატარდა. ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ზოგადი განთლების „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში გაიმართა.

ლიდერობის აკადემია, რომელიც დირექტორებს პროფესიული განვითარების გრძელვადიან და ეფექტურ კურსს სთავაზობს, 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო და პირველ ეტაპზე მასში უკვე 2000-მდე საჯარო სკოლის დირექტორმა მიიღო მონაწილეობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა