ქეთევან ციხელაშვილი - ყველა დედისთვის, იქნება აფხაზი, ქართველი თუ ოსი, ერთნაირად მნიშვნელოვანია შვილების მშვიდობიანი მომავალი და ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის სახელით მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და კონფლიქტით დაზარალებულ, გამყოფი ხაზისპირა სოფლებში მცხოვრებ ქალბატონებს უმასპინძლა.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ როუზ გოტმიოლერის სტუმრობით საქართველოს და მისი ხალხის მიმართ ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა.

„მჯერა, რაც მეტი ქალი იქნება ჩართული სამშვიდობო პროცესში, მით მეტი მშვიდობა იქნება მთლიანად მსოფლიოში, სადაც საუბედუროდ ბევრი კონფლიქტი და ნგრევაა დღესაც. ქალები ხშირად ომის და კონფლიქტის ყველაზე მოწყვლადი მსხვერპლი არიან, მაგრამ იგივე ქალები ხშირად მშვიდობის ყველაზე აქტიურ და გამბედავ აქტორებად გვევლინებიან. თითოეულ თქვენგანს ვუდასტურებ პატივისცემას და ასევე მათ, ვინც დღეს ამ დარბაზში არ იმყოფება, მაგრამ აქტიური მშვიდობისმყოფელია.

აქ არიან სახალხო დიპლომატიაში ჩართული ქალები, რომლებიც წლებია თავდადებით, უხმაურო მუშაობენ და იბრძვიან იმისთვის, რომ ჩატეხილი ხიდები და ნდობა აღდგეს და აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა და ტკივილი. აქ არიან ქალბატონები, რომლებიც ცხოვრობენ მავთულხლართების პირისპირ და ყოველდღე, ამ უმძიმეს რეალობაში, სხვებს აჩვენებენ შეუპოვრობის, მონდომებისა და სიკეთის მაგალითს, თავადაც ეხმარებიან სხვებს.

აქ არიან დღეს აქტიური და მამაცი ქალბატონები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომელთა ვინაობაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მათ შორის მედიკოსები, მეწარმეები განსაკუთრებით მასწავლებლები, ჩვენი დროის გამორჩეული გმირები, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად ზრუნავენ მომავალი თაობის გადარჩენაზე, და ახერხებენ ფაქტობრივად განათლების უფლება აყრილ ქართველ ბავშვებს კარგი განათლება მისცენ. მადლობა მათ ამ გმირებისთვის,“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ციხელაშვილმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს იმ გამბედაობისა და მამაცობისთვის, რაც გამოიჩინეს ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს - საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეჩვენებინათ ომის სისასტიკე.

„ბოლოს, თითოეულ ქალს და დედას ვუსურვებ ყოველი დღე ყოფილიყოს მშვიდობის დღე, რადგან მჯერა, ყველა დედისთვის, იქნება აფხაზი, ქართველი თუ ოსი, ერთნაირად მნიშვნელოვანია შვილების მშვიდობიანი მომავალი და ეს არის ჩვენი საერთო ინტერესიც და შერიგების მთავარი საფუძველიც“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

როუზ გოტმიოლერმა გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ადამიანების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ უწევთ ყოველგვარი სირთულის გადატანა.

"დროდადრო ხალხი მეკითხება მე, ნატო თავდაცვის თვალსაზრისით და მის გარდა რაში არის აქტიურად ჩართული. მე ყოველთვის ვპასუხობ - თავდაცვა, შეკავება და მშვიდობის დამყარება ალიანსის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ამოცანა გახლავთ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც გვასწავლიან მშვიდობის ფასს. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობს გამყოფი ხაზის მიღმა, რომლებზეც ყოველდღიურად აისახება ის სირთულეები, რაც მათ რეგიონში არსებობს. მოგმართავთ თქვენ, რომ თქვენგან გვინდა ვისწავლოთ შერიგების გზები, თქვენგან უნდა შევიმეცნოთ ეს", - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს