საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია

77 მომხრე 1 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. პროექტის კორექტირებულ ვარიანტში უკვე ასახულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი #8.

ძირითადი ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას.

საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პოლიტიკური დებატებით; პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში; ინტერპელაციის წესის დამკვიდრება - პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები შეკითხვას პირადად უპასუხებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რასაც შემდეგ პოლიტიკური დებატები მოჰყვება; მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე; მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა; დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება; ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე; თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა.

საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას; დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას; პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას; საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგის 3 დღით ადრე გამოქვეყნებას; მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგი საპარლამენტო სესიისთვის და სხვა.

ერთ-ერთი ცვლილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის გამარტივებას შეეხება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში კი მნიშვნელოვნად ძლიერდება კომიტეტების უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც, ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას ფინანსთა მინისტრის და დარგობლივი მინისტრის დასწრების ვალდებულება შემოდის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა