ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული რუსთავის N4 და გარდაბნის N4 საჯარო სკოლები გაიხსნება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული რუსთავის N4 და გარდაბნის N4 საჯარო სკოლები 20 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სკოლებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი, ჯონათან ნეში გახსნიან. გახსნის ცერემონიას დაესწრებიან და სტუმრებს მიესალმებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სკოლებს სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განუხორციელდა.

„რუსთავის N4 საჯარო სკოლა 1,650 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის 5,496 კვ/მ ფართი სრულად გარემონტდა. გარდაბნის N4 საჯარო სკოლას 770 მოსწავლე ჰყავს და ფონდმა მის 1,755 კვ/მ ფართს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ მხოლოდ 2017-2018 წლებში ქვემო ქართლსა და კახეთში სრულად რეაბილიტირდა 28 საჯარო სკოლა. შედეგად, 13,000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. ამჟამად, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს სკოლებში, რომლის დასრულებაც რამოდენიმე თვეში იგეგმება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ჯამში, საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მლნ აშშ დოლარის მეორე კომპაქტის/გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის, კომპაქტიდან 54 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს