2018 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, 100% - იანი სახელმწიფო დაფინანსება, კახეთის რეგიონში სულ 62-მა ახალგაზრდამ მოიპოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან შვიდი ახალგაზრდა გრანტის მფლობელი გახდა.
დღეს, ახალგაზრდების დაჯილდოვების ცერემონია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის კოორდინირებით თელავის ისტორიულ ეთნიკურ მუზეუმში გაიმართა. გუბერნატორმა გრანტის მფლობელ სტუდენტებს გამარჯვება საზეიმოდ მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე ყველა ახალგაზრდა საკუთარი მუნიციპალიტეტის მერის მიერ სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა.
„ვულოცავ ყველა ახალგაზრდას სტუდენტობასთნ ერთად, 100%-იანი გრანტის მოპოვებას. დაფინანსების მიღება ეს უკვე დიდი წარმატებაა. გისურვებთ, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი, განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი იყოს თქვენთვის. განათლებული თაობა ჩვენი სიამაყე და ქვეყნის წარმატების საფუძველია“-განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.