ირაკლი კობახიძე - კოლეგის კორუფციაში დადანაშაულება არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა

კოლეგის კორუფციაში დადანაშაულება არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კოლეგის მიმართ - ვალდებული ვარ, კოლეგის ინტერესები დავიცვა, ნუ დაარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას და განცხადებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

კობახიძე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს გამოექომაგა, რომლის მისამართით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის 2020 წლამდე გადავადების ინიციატივა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებულ უნივერსიტეტს უკავშირდება და ის კანონპროექტს პირადად ლობირებს. როგორც რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა განაცხადეს, “კორუფციამ უკვე პარლამენტის დარბაზშიც შემოაღწია“.

კობახიძეს პასუხად უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მიმართა და შეახსენა, რომ მისი კოლეგები მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები არ არიან და კოლეგებს მაშინაც სჭირდებათ გამოქომაგება, როცა პარლამენტის დარბაზიდან მათი მისამართით ისმის ბრალდებები სისხლის სამართლის დანაშაულზე. “გთხოვთ, როგორ პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური იყოთ“, - მიმართა ბოკერიამ ირაკლი კობახიძეს.

პასუხად კობახიძემ აღნიშნა, რომ განცხადებები 9-წლიან, პირსისხლიან რეჟიმზე მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, ხოლო დღევანდელი განცხადებები კონკრეტულ კორუფციულ ბრალდებას ეხებოდა.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდის, ვადა ავტორიზაციისთვის 2020 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდება. შესაბამისი ცვლილებები “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა 2018-2019 წლებში გასდის, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა არ მიეცათ.

აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის შემთხვევაში, ავტორიზებულად 2020 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაითვლებიან.

კანონპროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლებმა მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და სიმონ ნოზაძე მოამზადეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა