ლადო პაპავა - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოინდომებს „ოცნება“ პოლიტიკურ ჯურღმულში ჩაჰყვეს ზურაბიშვილს და ამისთვის გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, რადგან ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების რეჟიმში ცხოვრობს, ჩვენი საუბარიც ამ თემით უნდა დავიწყოთ. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მეექვსეჯერ ტარდება. ფაქტია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში წინა არჩევნებისაგან ბევრად განსხვავდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ მომავალ პრეზიდენტს უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეკვეცილი ექნება.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, სავარაუდოდ, რა თავისებურებებით ხასიათდება 28 ოქტომბრისათვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები?

- პირველი თავისებურება ისაა, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტი უკანასკნელად აირჩევა პირდაპირი არჩევნების წესით, ხოლო მეორე თავისებურება კი ისაა, რომ ახალ პრეზიდენტს ბევრად უფრო შეკვეცილი უფლებები ექნება ვიდრე მის წინამორბედს, ანუ თუნდაც ისედაც უფლებაშეკვეცილ დღევანდელ პრეზიდენტს.

ზურაბიშვილი ქვეყნისთვის მავნებლური განცხადებებით უკვე იმდენად არაპოპულარული გახდა, რომ მისი შესაძლო გამარჯვება მხოლოდ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითაა შესაძლებელი

ამ ფონზე პრინციპულად მიუღებელია, როცა “ოცნების” ზოგიერთი ლიდერი ცდილობს დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეტყობა ვერც კი ხვდება, რომ ამით საჯაროდ აკნინებს საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ასეთს. როგორც ქვეყნის დროშის, გერბის ან ჰიმნის შეურაცხყოფა არის დანაშაული, არანაკლებია ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის დამცირებაც.

კიდევ ერთ თავისებურებას ის წარმოადგენს, რომ მმართველს პარტიას - “ოცნებას” ოფიციალურად არ ჰყავს პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი, თუმცა ამ ფუნქციას წარმატებით ასრულებს ვითომდაც დამოუკიდებელი კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

ის, რომ “ოცნებას” არ ჰყავს პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი ეს სულაც არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან იმ შეცდომებზე, რომლებსაც უხვად უშვებს ქალბატონი სალომე ჯერ კიდევ კანდიდატის რანგში. ის ქვეყნისთვის მავნებლური განცხადებებით უკვე იმდენად არაპოპულარული გახდა, რომ მისი შესაძლო გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითაა შესაძლებელი.

არც ერთ წინა არჩევნებში საქართველოს მართლმამდიდებლური ეკლესია უშუალოდ ჩართული არ იყო. ამ არჩევნებში კი ზოგიერთმა მაღალმა საეკლესიო მოღვაწემ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და პრაქტიკულად მრევლს მიანიშნა, თუ რომელი საპრეზიდენტო კანდიდატია ქვეყნისთვის საშიში...

ამ არჩევნების კიდევ ერთი მახასიათებელი ისაა, რომ 46 დასახელებულ კანდიდატს შორის არ არის ხალხისათვის განსაკუთრებით სასურველი და აშკარა მხარდაჭერილი ფავორიტი. ამან კი შესაძლოა ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილზე უარყოფითად იმოქმედოს და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

გასათვალისწინებელია, რომ არც ერთ წინა არჩევნებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უშუალოდ ჩართული არ იყო. ამ არჩევნებში კი ზოგიერთმა მაღალმა საეკლესიო მოღვაწემ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და პრაქტიკულად მრევლს მიანიშნა, თუ რომელი საპრეზიდენტო კანდიდატია ქვეყნისთვის საშიში...

- შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ 6 წლიანი მმართველობის შემდეგ „ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებს მთლად კარგ ფორმაში ვერ ხვდება. მხედველობაში მაქვს ის, რომ მმართველ გუნდს აღარ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც მას 2012, ან თუნდაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჰქონდა.

საგრძნობლად არც ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულა, ვითარება არც დასაქმების თვალსაზრისით გამოსწორებულა, არც კომუნალური გადასახადები შემცირებულა, არც ლარი გამყარებულა და არც სხვა სფეროებს დატყობია „ოცნების“ მმართველობა. თქვენი დაკვირვებით, რატომ ვერ შეძლო „ოცნების“ ხელისუფლებამ რომელიმე სფეროში მაინც ჰქონოდა ხელშესახები შედეგი?

- სამწუხაროა, მაგრამ თქვენ ამ ჩამონათვალთან საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტი არ გამაჩნია, რადგანაც ქვეყანამ დააგროვა ან გადაუწყვეტელი ან უკვე მცდარი გზით გადაწყვეტილი პრობლემები.

თავად ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ სატელევიზიო გამოსვლაში აღიარა ეკონომიკაში არსებული სერიოზული პრობლემების არსებობა. ყველაფრის თავი და თავი კი არასწორი საკადრო პოლიტიკაა, როცა პროფესიონალიზმსა და პოლიტიკურ გამოცდილებას ქვეყნის მმართველობაში არანაირი ანგარიში არ ეწევა.

„ოცნების“ წარუმატებლობის თავი და თავი არასწორი საკადრო პოლიტიკაა, როცა პროფესიონალიზმსა და პოლიტიკურ გამოცდილებას ქვეყნის მმართველობაში არანაირი ანგარიში არ ეწევა

დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა, როცა სამთავრობო ეკონომიკურ გუნდში კადრების შერჩევა ხდება მენეჯერული პრინციპებიდან გამომდინარე. მენეჯერის ადგილი კი მთავრობაში არ არის - მისი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესშია. მთავრობაში კი უნდა იყვნენ ქვეყნის მმართველები, პროფესიონალი სახელმწიფო მოღვაწენი, რომლებიც იფიქრებენ არა იმაზე, თუ რა ეკონომიკური მოგების მოტანა შეუძლია მაგალითად მარიხუანის პლანტაციების გაშენებას მისი ექსპორტისათვის, არამედ ადამიანების კეთილდღეობას რომელიც მარტო დამატებითი ეკონომიკური ხეირის მიღებით არ მიიღება...

- წინა კვირის პარასკევს, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ იყალთოში განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ახალი გეგმა წარმოადგინა. გეგმა საკმაოდ რესპექტაბელურად კი გამოიყურება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ განათლებისა და მეცნიერების რეფორმირებას ფინანსები სჭირდება, ფინანსებს კი მზარდი ეკონომიკა, რაც არ გვაქვს. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა განათლებისა და მენციერების განვითარებასთან დაკავშირებით პრემიერის მიერ პრეზენტირებულმა გეგმამ?

- ის, რომ პრემიერ მამუკა ბახტაძის მთავრობისათვის განათლებისა და მეცნერების სისტემა, მისი რეფორმირება პრიორიტეტულია, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ორიოდე კვირის წინ მქონდა ძალზედ საინტერესო შეხვედრა მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან, რომელსაც დეტალურად გავაცანი ჩემი ხედვა, თუ რა არის ამ ურთულეს სფაროში გასაკეთებელი. ამ შეხვედრამ ჩემზე აშკარად დადებითი შთაბეჭდილება დატოვა და ვიმედოვნებ, რომ განათლების და მეცნიერების ახალი მინისტრი საქმით დაადასტურებს უკვე საჯაროდაც გაცხადებული მიზნების მისაღწევად საჭირო ნაბიჯების გადადგმას.

საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის პრინციპულია, რომ ქვეყანამ შექმნას ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა. აქედან გამომდინარე უნდა გაძლიერდეს მეცნიერების სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა.

მივესალმები მთავრობის ხედვას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიეცეს პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. ასევე აუცილებელია აღდგეს ”ჩატეხილი ხიდი” სკოლასა და უნივერსიტეტებს შორის

აუცილებელია ამ სისტემის ინსტიტუციური, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, უნივერსიტეტების, სამეცნიერო ინსტიტუტების და ფინანსური გაძლიერება, როცა ნიჭიერი ახალგაზრდობა მატერიალურადაც იქნება დაინტერესებული რომ ბიზნესში კი არ დასაქმდეს, არამედ თავისი თავი იპოვოს სამეცნიერო დაწესებულებაში.

მივესალმები მთავრობის ხედვას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიეცეს პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. ასევე აუცილებელია აღდგეს ”ჩატეხილი ხიდი” სკოლასა და უნივერსიტეტებს შორის, როცა სკოლას ექნება იმის უნარი, რომ ჯეროვნად მოამზადოს პოტენციური აბიტურიენტები. სხვა სიტყვებით განათლების და მეცნიერების რეფორმირებისას უნდა გამოვიდეთ მიზნიდან, ანუ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნიდან.

- საპრეზიდენტო არჩევნებში საკმაოზე ბევრად მეტი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, მაგრამ მათგან მხოლოდ რამოდენიმეს აქვს გამარჯვების შანსი და 4-5-ს მიიღოს ხმების 2-5%. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 2018 წლის არჩევნების შედეგი ძნელადპროგნოზირებადია, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებზე ელექტორატის პასიურობის გამო მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი იქნება.

ნაწილი ვარაუდობს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილი - ვაშაძე გავლენ, ნაწილი კი თვლის, ზურაბიშვილი-ბაქრაძე. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ „ოცნების“ დიდი ნაწილი არა ზურაბიშვილის, არამედ ბაქრაძის გაპრეზიდენტებაზე იმუშავებს. თქვენ როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს და მათ შანსებს არჩევნებში და თუნდაც ამ თემაზე აქამდე გამოთქმულ ვარაუდებს?

- ყველაფერი დამოკიდებულია ორ რამეზე - რამდენად მოინდომებს „ქართული ოცნება“ ”პოლიტიკურ ჯურღმულში” ჩაყვეს ქალბატონ სალომეს და ამისთვის გამოიყენოს ადმინისტრაციული რესუსი. დღეს სახეზეა, რომ „ოცნებამ“ თავი ჩაიყენა ქალბატონი სალომეს მასწავლებლის როლში, ასწავლის, აშკარაა, რომ უწერს კიდეც თუ რა და როგორ უნდა ილაპარაკოს. მაგრამ ”გაფრენილ სიტყვას” რა ეშველება?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის განცხადებით რუსეთის ფედერაციას მხოლოდ 2009 წლის ნოემბერში მიმართა და როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჯიბეში რუსული პასპორტი ედო, რის გამოც მცირედ დისკომფორტსაც არ განიცდიდა

ალბათ ქალბატონი სალომეც და „ოცნებაც“ ნანობენ საქართველოსთვის დამაზიანებელ გამონათვამებზე და ისურვებდნენ, რომ ამომრჩეველმა ეს გამონათქვამები რაც შეიძლება მალე დაივიწყოს, მაგრამ უკვე გვიანია... და არც ოპოზიცია გაუშვებს შანს გამოიყენოს ეს გამონათქვამები იმისთვის, რომ ამომრჩევლებში გააძლიეროს სახელისუფლებო კანდიდატის საწინააღმდეგო განწყობა.

„ოცნებისთვის“ ერთ-ერთი სცენარი, რომ ქალბატონი სალომე გახადონ პრეზიდენტი, ეს არის მეორე ტური თქვენ მიერ ხსენებული მეწყვილეებით, რითაც კიდევ ერთხელ უნდა შეშინდეს საქართველოს მოსახლეობა იმით რომ ”მგელი მოდის”, ანუ „ნაცმოძრაობა,“ თუნდაც ”გაევროპელებული”, რაც ძნელი დასაჯერებელია რომ მართლაც გაევროპელებულია, ბრუნდება ხელისუფლებაში.

მარტო ქალბატონ სალომეზე რომ არ გვქონდეს საუბარი ფოკუსირებული, მოკლედ მოგახსენებთ ჩემ უარყოფით აზრს ბატონების გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძის შესახებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის განცხადებით რუსეთის ფედერაციას მხოლოდ 2009 წლის ნოემბერში მიმართა და 2008 წლის ომის შემდეგ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მცირედ დისკომფორტსაც არ განიცდიდა იმის გამო, რომ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჯიბეში რუსული პასპორტი ედო.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ბაქრაძე არ იქნება ბოკერიას ზეგავლენის ქვეშ, რომლის მიმართაც არც თუ უსაფუძვლოდ ჩამოყალიბებულია უკიდურესად უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი

ნამვილად არ შეშვენის მას მეუღლის, შესანიშნავი ხელოვანის, ქალბატონი ნინო ანანიაშვილის წილ წამოწევა. ცოლის ხარჯზე არჩეული პრეზიდენტი გამოადგება ქვეყანას?

რაც შეეხება ბატონ დავით ბაქრაძეს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის არ იქნება ბატონი გიგა ბოკერიას ზეგავლენის ქვეშ, რომლის მიმართაც არც თუ უსაფუძვლოდ ჩამოყალიბებულია უკიდურესად უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი.

- მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა, არ ცხრება მსჯელობა იმაზე, სავარაუდოდ, რის გამო დაუჭირა მხარი მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილს. დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძის აზრით, - „ხელისუფლებამ არჩევანი უკიდურესად კონფრონტაციულ ზურაბიშვილზე იმიტომ გააკეთა, რომ იგი ვერასდროს ვერავის გააერთიანებს მმართველი გუნდის წინააღმდეგ“. ასეთ აზრს ამ დღეებში ბევრი გამოთქვამს. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ქალბატონი ხათუნას აზრს, ნამდვილად აქვს არსებობის უფლება.

- ცალკე საუბრის თემაა რუსეთთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც მან რამოდენიმე დღის წინ უარყო. ხათუნა ლაგაზიძის აზრით, - რუსეთში საქართველოსთან მიმართებაში შესაძლოა ახალი, სახიფათო სცენარი მზადდებოდეს, შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მის ნაწილად მიიჩნეოდეს? - შეიძლება.“

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს მიმართ რუსეთის სახიფათო სცენარის ნაწილი იყოს?

- კატასტროფული იქნება ჩვენთვის, თუ ქალბატონი სალომეს თუნდაც ერთი შეხედვით გაუაზრებელი მავნებლური განცხადებები გამიზნულია იქითკენ, რომ დააზიანოს საქართველოს ინტერესები ჰააგასა და სტრასბურგში.

თუ ზურაბიშვილის განცხადებები გააზრებული იყო, მაშინ იგი საქართველოს აშკარა მტერია, რაც ჩემთვის დაუჯერებელია, ხოლო თუ გაუაზრებელი იყო, მაშინ რაში გვჭირდება პრეზიდენტად ისეთი ადამიანი, ვისაც არ გააჩნია სათანადო გააზრების უნარი

„ოცნების“ ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის ამ თემაზე აბსოლუტურად სწორი გაფრთხილების მიუხედავად, თუ საქართველო ჰააგა-სტრასბურგში დაზარალდება, „ოცნება“ პასუხისმგენლობას ამაზე იმით, რომ ვითომდა ქალბატონი სალომე დამოუკიდებელი კანდიდატია, ვერ მოიხსნის...

ისე ერთიც არის ხაზგასასმელი, თუ ზურაბიშვილის განცხადებები გააზრებული იყო, მაშინ ქალბატონი სალომე საქართველოს აშკარა მტერია, რაც ჩემთვის დაუჯერებელია, ხოლო თუ გაუაზრებელი იყო, მაშინ რაში გვჭირდება პრეზიდენტად ისეთი ადამიანი, ვისაც არ გააჩნია სათანადო გააზრების უნარი. თანაც რა გარანტია გვაქვს, რომ ის პრეზიდენტის რანგშიც არ ”გვაჩუქებს” ამგვარ გაუაზრებელ გამონათქვამებს?

- საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო არ ყოფილა კომპრომატების გამომზეურება და კომპრომატების ომი. ახლა ვხედავთ, რომ კომპრომატების ომი აუდიოსკანდალების გამოყენებით მიმდინარეობს.

უცნაური ისაა, რომ ამ აუდიოსკანდალზე, რომლიდანაც ნათლად ჩანს ზუგდიდის შემთხვევაში მერის კორუფციაში მონაწილეობა, ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ შემთხვევაში სიგარეტის ბიზნესში წილების გადანაწილებაზე მსჯელობა, ასევე სიგარეტის ბიზნესიდან 50% -ის „ფონდში“, ანუ მმართველი პარტიაში ჩარიცხვაზე საუბარი, ხელისუფლებას ოპოზიციის ბრალდებებზე დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია. თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ რას ნიშნავს გავრცელებულ აუდიომასალებში მოსმენილი დიალოგები და მათზე ხელისუფლების არც ისე მკაფიო და გასაგები რეაქცია?

- აქ ორი მომენტია. ერთია შინაარსობრივი მხარე, რომელიც აშკარად გამოხატულ კორუფციულ ხასიათს ატარებს, ხოლო მეორე ისაა, რომ გრძელდება ფარული ჩანაწერების განხორციელება-გასაჯაროება.

ბიზნეს-კომპანიებს არ უნდა ჰქონდეთ არანაირი საგადასახადო შეღავათები თუნდაც იმისთვის, რომ ამ შეღავათების ხარჯზე დაფინანსდეს ტელევიზია.

მთავარია, აუდიოჩანაწერებზე ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და არავის მიეცეს ”პოლიტიკური ინდულიგენცია”

იმავდროულად, უკვე სიმპტომატური გახდა კრიტიკულ მედიაზე სახელისუფლებლო ზეწოლა. მთავარია ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და არავის მიეცეს ”პოლიტიკური ინდულიგენცია”

- რადგან მარიხუანის ლეგალიზაციის თემა აქტიურად განიხილება, ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლით. ფაქტია, რომ მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხს მმართველი გუნდი სერიოზულად განიხილავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ეკლესიის წარმომადგენლებისგან პოლიტიკური გზავნილები მოისმინეს, უკან დაიხიეს და ამ თემაზე მსჯელობა მომავლისთვის გადადეს.

თქვენ როგორ აღიქვით ერთი მხრივ მარიხუანის წარმოების თემაზე მმართველი გუნდის გეგმები, ხოლო მეორე მხრივ ამ საკითხზე ეკლესიის გააქტიურება?

- ეკლესიის გააქტიურებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. რაც შეეხება ჩემ შეხედულებას საქართველოს ეკონომიკაზე, ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ - ერთადერთი სწორი გზა ქვეყნის განვითარებისთვის არის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა.

მარიხუანის ექსპორტზე გატანისას საუბარია ქვეყნიდან ნედლეულის და არა მზა პროდუქტის ექსპორტზე. მხოლოდ სწრაფი შემოსავლების მიღებაზე ზრუნვა მენეჯერული და არა სახელმწიფო მოღვაწის მმართველობითი ხედვაა

რაც შეეხება მარიხუანას, ის საფრთხეების შემცველი რომც არ იყოს, რაზეც ეკლესია საუბრობს, მისი საექსპორტოდ გაშენების წინააღმდეგი მაინც ვიქნები, რადგანაც საუბარია ისევ და ისევ ქვეყნიდან ნედლეულის და არა მზა პროდუქტის ექსპორტზე. მხოლოდ სწრაფი შემოსავლების მიღება ეს მენეჯერული და არა სახელმწიფო მოღვაწის მმართველობითი ხედვაა, რაზეც ასევე უკვე გითხარით.

ნიშანდობლივია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია არა იმდენად შინაარსობრივად ეწინააღმდეგება „ოცნების“ ”სამარიხუანო კამპანიას”, რამდენადაც აცხადებს, რომ „ოცნება“ ამ კულტურას კორუფციული მიზნებით გამოიყენებსო. იქმნება საფუძვლიანი განცდა იმისა, ისევ „ნაცები“ რომ იყვნენ ხელისუფლებაში (ღმერთმა დაიფაროს!) ისინი თავად იქნებოდნენ მარიხუანის გაშენება-ექსპორტირების ინიციატორები.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა