კახა კუჭავა - მთავარი მიზანი ყველას ერთი გვაქვს - მივიღოთ წყლის შესახებ ისეთი კანონი, რომელიც იქნება ეფექტური აღსრულების კუთხით და მასში ყველას ინტერესი იქნება რაციონალურად გათვალისწინებული

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, პარლამენტში გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი, თემაზე: „წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი: შესაძლებლობები და გამოწვევები“.

„დღევანდელი განსახილველი თემა მნიშვნელოვანია - ესაა ვალდებულება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული. „ენერგო ქარტიის“ წევრობაც გვავალდებულებს, რომ ჩვენი წყლის რესურსების მართვა გახდეს მდგრადი და კიდევ უფრო მივუახლოვოთ ისინი საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც მსოფლიოში არის აღიარებული და, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოვახდინოთ ევროდირექტივებთან“, - განაცხადა ღონისძიების გახსნისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

მისი თქმით, პირველად ხდება, როცა ასე საჯარო ფორმატში იმართება კანონპროექტთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვები და კომიტეტი მზადაა მიიღოს შენიშვნები, წინადადებები, რომელთა გათვალისწინებაც კანონს სრულყოფილ სახეს მისცემს.

„დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც ხელს შეგვიწყობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გვაქვს - წყალი, ვმართოთ უფრო რაციონალურად, უფრო ეფექტურად და თავიდან ავირიდოთ ის ზიანი, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში წყალსაც შეეხო“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, USAID/კავკასია, ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა ვერონიკა ლიმ, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კაციაშვილმა.

ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წყლის რესურსების მართვის რეფორმასა და შესაბამისი რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) შედეგებზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის ძირითადი დებულებები, რომელიც მომხსენებლის განცხადებით, ქვეყანაში წყლის მდგრადი განვითარების და გამოყენების ახალ მიდგომებსა და პრინციპებს დაამკვიდრებს. მისი თქმით, 1997 წელს მიღებული კანონი წყლის შესახებ საკმაოდ მოძველებულია და არ პასუხობს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ,,ენერგო ქარტიის“ მოთხოვნებს, ასევე აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომ მოხდეს წყლის რესურსების მართვის დარგში მოქმედი კანონმდებლობის ევროდირექტივებთან თავსებადობა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ევროკავშირის ,,წყლის ჩარჩო დირექტივის’’ პრინციპების შესრულება შეიძლება გახდეს საქართველოს წყლის რესურსების მართვის კუთხით არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარების შესაძლო გზა, რომელთაგან უმთავრესი წყლის დაბინძურება და წყლის რესურსების არაეფექტური გამოყენებაა.

ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა კანონპროექტის ძირითად სიახლეებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წყლის რესურსების მდგრადი მართვის პრინციპები უნდა დაინერგოს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ლევან ფავლენიშვილმა კი წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება წარმოადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საპარლამენტო განხილვებისათვის კანონპროექტის წარდგენა დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება, მანამდე კი, კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, რათა პარლამენტში საბოლოოდ ყოველმხრივ შეჯერებული ვარიანტი წარადგინონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა