საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი აუდიტის სამსახურის დასკვნაზე - თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი იმის გამო, როგორ მოხდა თემის დამახინჯებული გაშუქება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო იმ ინტერპრეტაციების გამო, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაკეთდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სიმართლის დადგენით პირადად არის დაინტერესებული.

"აუდიტის დასკვნას არ ვიცნობ. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა დამახინჯებული გაშუქება ამ თემის. ყველა საკითხს აქვს თავისი ობიექტური, ტექნიკური და სამართლებრივი პასუხი. მე მეტს ვერაფერს დავამატებ. მე საგარეო საქმეთა სამინისტროში ფუნქციებით არ ვარ დატვირთული, არც იმ კომისიაში და არც პროცესებში მონაწილეობა არ მიმიღია. მეტსაც გეტყვით, ამ ყველაფრის საქმის კურსში არ ვიყავი, მაგრამ გამოხმაურებების შემდეგ პირადად ვარ დაინტერესებული, ვინაიდან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. 18 წელია ამ უწყებაში ვმუშაობ და მთელ რესურს ვახმარ და მოვახმარ საგარეო ინტერესების დაცვას, შესაბამისად, აუდიტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა უწყება, მივესალმები დასკვნას. ჩემს ინტერესებშიც არის, მაგრამ თუ აუდიტმა რაიმე გამოავლინა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი გასცემს პასუხს", - განაცხადა მახარობლიშვილმა.

„რუსთავი 2“ აუდიტის სამსახურის დასკვნას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, უწყება მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურების მხრიდან წარმომადგენლობითი ხარჯების ზუსტი გაწერა არ ხდებოდა. აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ეს პრობლემა და დეტალურად გაწეროს ყველა ხარჯი.

„ეს წარმოადგენდა კონტროლის მექანიზმის სისუსტეს. გარკვეული დიპლომატიური დაწესებულებების მიერ გაწეული წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, როდესაც არ იყო დამატებით წარმოდგენილი დასაბუთება აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობა, კონკრეტული აქტივობა რის გამო იყო გაწეული ესა თუ ის ხარჯი,“- განაცხადა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაც, რომელიც კორუფციულ რისკებს შეიცავს. კერძოდ, საუბარია 700 ათას ლარიან ხელშეკრულებაზე, რომელიც სახელმწიფო ფონდიდან გამოიყო და სამინისტროს ახალი შენობის საპროექტო სამუშაოებზე დაიხარჯა.

დასკვნაში ფიგურირებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვატო მახარობლიშვილი, რომლის ძმა იმ კომპანიის დამფუძნებელია, ვისაც სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა. კომპანია თანხის გადარიცხვამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო