თამბაქოს მსგავსად შეზღუდვების დაწესება ალკოჰოლზეც იგეგმება, მათ შორის მოხდება ალკოჰოლის გაყიდვის ადგილების შემცირება

თამბაქოს მსგავსად ალკოჰოლის მოხმარება, ხელმისაწვდომობა და რეკლამირებაც შეიზღუდება. შესაბამისი სამოქმედო სტრატეგია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე მომზადებული აქვს და პარლამენტში ინიცირებას გეგმავს. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ალკოჰოლის საცალო გაყიდვა კონკრეტულ დღეებსა და საათებში შეიზღუდება. ასევე შემცირდება მისი რეალიზაციის ადგილები.

კერძოდ, ალკოჰოლის მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს სამუშაო საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო დაწესებულებებსა და ყველა ტიპის ტრანსპორტში, მათ შორის საზოგადოებრივში.

ინიციატივის ავტორების თქმით, ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული, პირველ რიგში WHO-ს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) რეკომენდაციით, შეიქმნება ორგანო (ინსტიტუტი ან სააგენტო), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეროვნული პოლიტიკის გატარებაზე, ინფორმაციის ფართოდ მიწოდებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შესახებ.

ასევე, იგეგმება ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის საწინააღმდეგო კანონებისა და შესაბამისი ზომების გამკაცრება. კერძოდ კი საუბარია სისხლში ალკოჰოლის შემცველობის ლიმიტის შემცირებაზე. როგორც ინიციატივის ავტორები აცხადებენ, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში იგი დადგენილია 0.2 გ/ლ ზღვარით. საქართველოში დღეს მოქმედი კანონით კი ეს ზღვარი 0.3 გ/ლ-ია.

იზღუდება აგრეთვე ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა. მათ შორის, მოხდება ალკოჰოლის დისტრიბუციისა და ალკოჰოლის გაყიდვის ადგილების შემცირება და ალკოჰოლის მოხმარების (შენობის შიდა და გარე) ადგილების რაოდენობის საკანონმდებლო რეგულირება.

სტრატეგიის მიხედვით, ალკოჰოლის შეძენასა და მოხმარებაზე მინიმალური ასაკობრივი ზღვარი დაწესდება, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ოფიციალურ საჯარო სტრუქტურებში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდება.

გარდა ამისა, შეიზღუდება ალკოჰოლური სასმელების რეკლამირებაც.

შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ალკოჰოლურ სასმელებში ალკოჰოლის დოზის შემცირება მოხდება. გარდა ამისა, იგეგმება მწარმოებლის დავალდებულება, ალკოჰოლის გარეკანზე მისი მავნე ზემოქმედების და შესაძლო შედეგების შესახებ ინფორმაციის დაწერასთან დაკავშირებით.

მოხდება ალკოჰოლური სასამელების ფასების რეგულირებაც. კერძოდ, გეგმაშია ქვეყნის შიდა დაბეგვრის სპეციფიკური სისტემის ჩამოყალიბება; ფასების რეგულარული გადამოწმება ინფლაციასთან და შემოსავალთან მიმართებაში; შეზღუდვების და აკრძალვების დაწესება ალკოჰოლური სასმელების ფასდაკლებებზე, რომელიც ხელს უწყობს უფრო მეტი ალკოჰოლური სასმელის გაყიდვას.

საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ალკოჰოლურ სასმელებზე მინიმალური ფასის დაწესება, არაალკოჰოლურ სასმელებზე დაბალი ფასების სტიმულირება, ხოლო ალკოჰოლური სასმელების სფეროში არსებული ეკონომიკური ოპერატორებისთვის სუბსიდიების შემცირება ან შეჩერება.

გარდა ამისა, სახელმწიფო ვალდებული ხდება ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სისტემის შესაძლებლობები გაზარდოს, რათა მოხდეს ალკოჰოლის მომხმარებლების მკურნალობა და ალკოჰოლით გამოწვეული დარღვევების პრევენცია. მათ შორის, ოჯახების მხარდაჭერა და საჭირო სერვისებით უზრუნველყოფა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნული სტრატეგია ევროსაბჭოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული ნორმატიული დოკუმენტების ბაზაზე მომზადდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო