ღვინის იმპორტიორები ჩინეთიდან ქართლსა და კახეთს სტუმრობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Meiburg Wine Media-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგისა და ჩინელი ღვინის იმპორტიორების 8-კაციანი ჯგუფი საქართველოს ეწვია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

ღვინის ტურის ფარგლებში, სტუმრებმა ქართლსა და კახეთში მოინახულეს ღვინის საწარმოები: „შატო მუხრანი“, „იაგოს ღვინო“, „თელედა/ორგო“, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „კახური ღვინის მარანი“, GWS, „თელიანი ველი“, „მეგობრების მარანი“, „ფაფარი ველი“, „ბადაგონი“, „ხოხბის ცრემლები“, „ვაზისუბნის მამულები“ და “მეღვინეობა ლუკასი“. მეთუნე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების პროცესს.

თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც 27 ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დაგემოვნდა.

დებრა მეიბურგის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან იმპორტიორები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ღვინის უნიკალურ სახეობებში.

„წარსულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება ძალიან წარმატებულია. მაგალითად, ქართულმა ღვინომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე მე-18 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადმოინაცვლა. ჩვენ ყველა აღფრთოვანებულები ვართ ქართული ღვინის ამ წარმატებით აზიურ ბაზარზე. ამჯერად ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არა მარტო ღვინის იმპორტიორებში, არამედ მის მომხმარებლებშიც. ასე რომ, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, რათა მეტი მომხმარებლის ყურადღება შევაჩეროთ ქართულ ღვინოზე“, - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 4 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს