ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნით, რაიან სმიტს ზემოდან ესროლეს, მალხაზ კობაური კი სმიტზე დაბალია

ადვოკატის მტკიცებით, რაიან სმიტისთვის ჩატარებული ექსპერტიზა მალხაზ კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს და იმ ვერსიას ამყარებს, რაც დაცვის მხარეს აქვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ განუცხადა.

კობაიძის ინფორმაციით, მოკლულ რაიან სმიტს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმადაც, სმიტის მიმართ განხორციელებული პირველი გასროლის ტრაექტორია „ზემოდან ქვემოთაა“. აქვე ადვოკატი განმარტავს, რომ ასეთი ტრაექტორიით გასროლას კობაური ვერ განახორციელებდა, რადგან ის სმიტზე დაბალია. გარდა ამისა, ლექსო კობაიძის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ რაიან სმიტს სიცოცხლის პერიოდში ჰქონდა მიყენებული სხვადასხვა დაზიანებები.

„ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვალებამდე, სიცოცხლის პერიოდში რაიან სმიტს მიაყენეს ბლაგვი საგნით დაზიანებები მუცლის არეში და ფეხებზე. ასევე წერია, რომ პირველი გასროლის ტრაექტორია არის ზემოდან ქვემოთ, შესაბამისად, ეს გამორიცხავს მალხაზ კობაურის მიერ დანაშაულის ჩადენას. კობაური რაიან სმიტზე დაბალია. რა გამოდის?! ჯერ იჭიდავეს კობაურმა და სმიტმა, მერე ადგა კობაური, ავიდა გორაკზე ერთი მეტრის ზემოთ და იქიდან ესროლა? - ეს არის წარმოუდგენელი ზღაპარი. ექსპერტიზის დასკვნა ამყარებს დაცვის ვერსიას და თავად კობაურის ნათქვამს, რომ ერთ პირთან სმიტმა იჭიდავა და მეორემ ამ დროს ესროლა ზურგში“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს