მეეჭვება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი, ეს მათი დასასრულის დასაწყისი იქნება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ყაზახეთის ქალაქ აქტაუში რუსეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს კონვენციას კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ, რომელზეც მხარეებს მოლაპარაკებები 1996 წელს ჰქონდათ დაწყებული.

მიუხედავად იმისა, რომ კონვენციაზე შეთანხმებისათვის მხარეებს 22 წელი დასჭირდათ, მასზე ხელმოწერის შემდეგაც არ ცხრება კამათი კონვენციის ზოგიერთ მუხლებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით აქტაუში ხელმოწერილ დოკუმენტს? ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თურქმენეთი ჩაერთვება თავისი გაზის აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს გავლით ევროპაში ტრანსპორტირების პროცესში?

- ამ მოლაპარაკებებში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეთმობა კასპიის ზღვის მეოთხე, სამხრეთ ბლოკს, რომელიც მდიდარია ნახშირწყალბადებით და რომელზეც პრეტენზიას ხუთი ქვეყანა - აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, თურქმენეთი და რატომღაც რუსეთი - აცხადებს.

ამ ისტორიაში ყველაზე საკვირველია, რომ თურქმენეთი გამორიცხული იყო მოლაპარაკებებიდან და ამიტომ არ მეჩვენება, რომ მიღწეული შეთანხმება უმალვე შედეგს გამოიღებს. წინ კიდევ მრავალთვიანი ტექნიკური პრობლემების შეთანხმების პროცესია

ოცდაორწლიანი უთანხმოების შემდეგ ეს ქვეყნები მიხვდნენ, რომ რესურსები გამოუყენებელი რჩება და აუცილებელია შეთანხმების მიღწევა. ამ ისტორიაში ყველაზე საკვირველია, რომ თურქმენეთი გამორიცხული იყო მოლაპარაკებებიდან და ამიტომ არ მეჩვენება, რომ მიღწეული შეთანხმება უმალვე შედეგს გამოიღებს. წინ კიდევ მრავალთვიანი ტექნიკური პრობლემების შეთანხმების პროცესია.

რა თქმა უნდა, ხელმოწერილი დოკუმენტი მოლაპარაკებების არსს არ ასახავს და მასში ძალიან ბევრი საიდუმლო მუხლია. ამიტომ ეხლა პროგნოზის გაკეთება მიჭირს - ყველაფერი ქვეყნების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და კიდევ იმაზე, როგორ აღიქვამს მიღწეულ შეთანხმებას თურქმენეთი.

- გასულ კვირას ლარის კურსის მორიგი ვარდნა დაფიქსირდა. მიზეზად თურქული ლირისა და რუსული რუბლის კურსის ვარდნა დასახელდა, ანუ იმ ქვეყნების ვალუტების, რომლებიც საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორები არიან. გასაგებია, რომ გლობალისტურ სამყაროში, როცა ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, ქართული ლარი მყარად ვერ იქნება, მაგრამ თქვენი აზრით, ვითარებაში, როცა ტურიზმი პიკზეა, ექსპორტი იზრდება, რა შეიძლება იყოს ლარის გაუფასურების შიდა მიზეზი?

ვინაიდან ეროვნული ბანკი ძირითად მაჩვენებლებს აღარ აქვეყნებს, ვერ ვიტყვი როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება

- მე თქვენს მიერ გამოთქმული მოსაზრებების არ მჯერა. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოში არსებული ფულის მოცილობაში ლარისა და კონვერტირებადი უცხოური ვალუტების მასების ფარდობაზე. ვინაიდან ეროვნული ბანკი ძირითად მაჩვენებლებს აღარ აქვეყნებს, ვერ ვიტყვი როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ჩვენი მთავრობა ბანკებთან მიმართებაში უფრო ეფექტური და არაპროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას ცდილობს. ამ თვალსაზრისით პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივები ბევრმა მოიწონა, მაგრამ მისი ეფექტურობა ჯერ არც ხალხს და არც ეკონომიკას აშკარად არ უგრძვნია. როგორც ჩანს, ბანკების მიმართ ახალი მიდგომები არც მეზობელ ქვეყნებში ვალუტების ვარდნაზე ქართული ლარის რეაგირებას არ დატყობია.

თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობის ინიციატივებს ბანკებთან მიმართებაში? თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს იმის თავიდან ასაცილებლად, რაც მეზობლებთან ვალუტების რყევების შემთხვევაში ქართულ ლარზე მინიმალურად აისახებოდა?

პრემიერი აბსოლუტურად მართალია, კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო არ უნდა ჩაანაცვლონ და მათ თარეშს ძალიან ხისტი შემაკავებელი რეგულაციები სჭირდება

- არაერთხელ მითქვამს, რომ დღეს გატარებული ღონისძიებები შედეგს რამდენიმე თვეში გამოიღებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი კი უდავოა: პრემიერი აბსოლუტურად მართალია, კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო არ უნდა ჩაანაცვლონ და მათ თარეშს ძალიან ხისტი შემაკავებელი რეგულაციები ჭირდება.

- საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ოქტომბერი განისაზღვრა. ფაქტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საკმაოდ ბევრი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

ფაქტია ისიც, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად დაწყებულია საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია. თქვენ როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას? მხედველობაში მაქვს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური განწყობები, პოლიტიკურ ძალებს შორის დამოკიდებულება და მათ შორის ძალთა სავარაუდო ბალანსი...

- ჯერ მხოლოდ რამდენიმე კანდიდატია გამოკვეთილი: სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე. მართალი გითხრათ, არც ერთი მათგანი ჩემ ხმას ვერ მიიღებს: „ნაცმოძრაობის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება თქვენ კარგად იცით.

გამოიკვეთოს ყველა კანდიდატი და შემდეგ პროფესიულად და დეტალურად დავახასიათოთ ისინი

ამასთან მინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში იყოს დაბადებული და ქართულად კარგად მეტყველებდეს. ენა ხომ ფორმალური კრიტერიუმი არაა, იგი მენტალიტეტის ნაწილია. ამიტომ გთავაზობთ, გამოიკვეთოს ყველა კანდიდატი და შემდეგ პროფესიულად და დეტალურად დავახასიათოთ ისინი.

- ვითარებაში, როცა მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ შეკვეცილია და შეიძლება ითქვას იგი უუფლებოც კია, მართლაც გაუგებარია თუ როგორ წაადგება პრეზიდენტად ოპოზიციონერი კანდიდატის გაპრეზიდენტება ქართულ დემოკრატიას.

თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ ივანიშვილს სურს ძალაუფლებაზე „ოცნების“ მონოპოლიის შემცირება?

- ეს ყველაფერი პოლიტიკის გასასამართლებელ საბუთად მესახება - „ქართული ოცნების“ მოკლე სათადარიგო სკამზე ვერ გამოინახა სათანადო კანდიდატი ან კიდევ პოლემიკა იმდენად ცხარე იყო, რომ პოლიტსაბჭომ კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„ქართული ოცნების“ მოკლე სათადარიგო სკამზე ვერ გამოინახა სათანადო კანდიდატი ან კიდევ პოლემიკა იმდენად ცხარე იყო, რომ პოლიტსაბჭომ კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავა

კოჰაბიტაცია კი „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს შესწავლილი: ჩნდება შესაძლებლობა წარუმატებლობა მას დაბრალდეს.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა შენიშნავს - როგორც წინა საპრეზიდენტო არჩევნებისას, წელსაც ხელისუფლება კი არაა ძლიერი, არამედ - ოპოზიციაა სუსტი. როგორ პოლიტიკურ ფორმაში ხვდებიან პოლიტიკური პარტიები 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს?

- როგორც სიძლიერე ასევე სისუსტე შედარებითი ცნებებია - არ შეიძლება იყო ძლიერი თუ არ გყავს სუსტი მეტოქე და პირიქით. ამიტომ მეტოქის სისუსტეზე საუბარი მხოლოდ დემარშია.

ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და არსებული რეალობებით და არა აბსტრაქტული იდეებითა თუ იმპერატივებით უნდა ვიხელმძღვანელოთ

ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და არსებული რეალობებით და არა აბსტრაქტული იდეებითა თუ იმპერატივებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

- თავიდან ისეთი პირი უჩანდა, რომ მმართველი გუნდი მზად იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის. გია ხუხაშვილი თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილს გამოსაცდელ ვადად 2 კვირა განუსაზღვრა და შეეცდება გაარკვიოს თუ როგორია მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს - „ზურაბიშვილი განიარაღებულია და ასეთ ვითარებაში შეუძლებელია „ოცნება“ სხვა კანდიდატზე არ ფიქრობდეს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა, ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მის გარეშე მიიღება. მმართველი გუნდიდან ბევრს კი ურჩევნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილმა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ამის ალბათობა რომ დაბალია, უკვე ეჭვი არავის ეპარება.

თქვენი დაკვირვებით, საბოლოოდ ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი?

- ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. სალომე ზურაბიშვილმა საკრალური შეცდომა დაუშვა, როცა 2008 წლის ომის გაჩაღება მიხეილ სააკაშვილს დააბრალა. თითქოს არ წაეკითხოს პუტინის ინტერვიუ, რომ რუსეთი ომისთვის უკვე 2006 წლიდან ემზადებოდა. სხვათა შორის, ეს რეალობა ხელს აცლის სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კამპანიის ძირითად პათოსს: რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა მისი დამსახურება არ ყოფილა, რუსეთი საქართველოში თავისი ბაზების არსებობის შემთხვევაში ომს ვერ გააჩარებდა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი მოგებული კი არა, მოტყუებული დაბრუნდა მოსკოვიდან.

სალომე ზურაბიშვილმა საკრალური შეცდომა დაუშვა, როცა 2008 წლის ომის გაჩაღება მიხეილ სააკაშვილს დააბრალა

ასეთ ვითარებაში მეეჭვება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი. ეს დასასრულის დასაწყისი იქნება.

პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა პარტიაში და არ ვიცი, ამ პრობლემას „ქართული ოცნება“ როგორ გაუმკლავდება.

- გასაგებია, რომ ამ არჩევნებში ყველა ძალას თავისი მიზნები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ შეკვეცილია. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც გამარჯვების შანსები შესაძლოა არ ჰქონდეთ, მაგრამ საკმაოდ ხმამაღლა კი ხმაურობენ?

- პარტიები რეიტინგისთვის იბრძვიან, როცა სხვა ტექნოლოგია და იდეები არ გაგაჩნია, ხმაური ერთადერთი შესაძლებლობაა.

- მართალია, არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება აუცილებელი.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს - „ოცნების“ მხრიდან ზურაბიშვილზე არჩევანის შეჩერება დღემდე არნახული რისკია, რომელმაც „ნაციონალური“ ეპოქის მეორედ დადგომა შეიძლება დააჩქაროს.

მეტიც, იგი თვლის, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებიდან წასვლის 6 წლის თავზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება მივიღოთ რეალობა, როცა მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდება „ნაციონალებიდან“ გამოსული ორი კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რაზეც ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს?

მარგველაშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მეტად სახარბიელო პოლიტიკურ-სოციალური ფონი ყალიბდება

- ქალბატონი ხათუნა ყველაფერს შავ ფერებში ხედავს. ჯერ თავისი სიტყვა ამჟამინდელ პრეზიდენტს არ უთქვამს. დავძენ, რომ მარგველაშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მეტად სახარბიელო პოლიტიკურ-სოციალური ფონი ყალიბდება.

- პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც წინა არჩევნებში მხარს ნინო ბურჯანაძეს უჭერდა, ლევან ვასაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მიიღებს თუ არა ვასაძე არჩევნებში მონაწილეობას უახლოეს მომავალში გაირკვევა.

კუკავას მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ ვასაძე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, იგი და მისი თანამოაზრეები საპრეზიდენტო არჩევნებზე „ლიბერალებს“ მარტო არ დატოვებენ.

თუ კუკავას ტერმინოლოგიას მოვიშველიებთ, კითხვა ასე შეიძლება დაისვას - საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა ხომ არ იქნება ლიბერალებისა და არალიბერალების დაპირისპირება?

- არა, არ იქნება. ამ შემთხვევაში გამოწვევა ხმათა სულ რამდენიმე პროცენტს შეიძლება შეეხოს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი გამოწვევა „ქართული ოცნების“ ქმედება იქნება

საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი გამოწვევა „ქართული ოცნების“ ქმედება იქნება.

- აშშ-თურქეთის ურთიერთობები სულ უფრო მეტად შედის ჩიხში. როგორც თურქული ლირის, ისე რუსული რუბლის გაუფასურებაც ვაშინგტონს ბრალდება.

პრეზიდენტ ერდოღანის მტკიცებით - „თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ს ცალმხრივი ქმედებები ანკარას აიძულებს ახალი მოკავშირეები ეძებოს». მეტიც, მან ასევე განაცხადა - „თუ აშშ არ დაიწყებს თურქეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და არ დაამტკიცებს, რომ გააზრებული აქვთ ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი ხალხის წინაშე დგას, ჩვენი პარტნიორობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს“.

ფაქტია, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების გამწვავება ხელს ყველაზე მეტად რუსეთს შეიძლება აწყობდეს. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდეს? თუ მართლაც ასე მოხდა, ასეთ ვითარებაში რა რეალური საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

- ცხადია, რომ თურქეთში ისლამური ინტეგრიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება: სეკულარული სახელმწიფო წყობა ისლამურით იცვლება. ერდოღანმა თურქ ხალხს ათათურქის მთავარი დანატოვარი - ცივილიზებული და განათლებული გენერალიტეტი - ხელიდან გამოაცალა. ცხადია, რომ აშშ მოვლენათა ასეთ განვითარებას ნატოს წევრ ქვეყანაში არ შეეგუება.

ცალსახაა, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა უახლოეს მომავალში არ განეიტრალდება და საქართველო შეიძლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს: ძალიან ძნელი იქნება ლავირება ამერიკულ, ევროპულ და თურქულ ინტერესებს შორის

ამას ყველაფერს პრეზიდენტ ტრამპის მოუთმენლობა ემატება - იგი ხშირად დაუფიქრებლად მოქმედებს. კიდევ კარგი, რომ აშშ-ში ძლიერი ინსტიტუციებია, რომლებიც ტრამპის დაუფიქრებელ დემარშებს ანეიტრალებენ.

ასეთ ვითარაებაში ცალსახაა, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა უახლოეს მომავალში არ განეიტრალდება და საქართველო შეიძლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს: ძალიან ძნელი იქნება ლავირება ამერიკულ, ევროპულ და თურქულ ინტერესებს შორის.

- აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას თებერვალში დაემშვიდობა. მარტის თვიდან მის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს.

რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ვაშინგტონს საქართველოში ელჩი მეექვსე თვეა არ დაუნიშნავს?

- მე მეჩვენება, რომ ტრამპმა არ იცის, რა ტიპის ადამიანი უნდა დანიშნოს საქართველოში ელჩად და ამის მოსაფიქრებლად შექმნილ ვითარებაში მას დრო არა აქვს.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“