ზვიად ფხაკაძე - ბრალდებულის ჩვენება, რომელიც მან დღეს სასამართლოს მისცა, აცდენილია იმ მტკიცებულებებისგან, რომელიც საქმეში დევს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის შეფასებით, ბრალდებულის ჩვენება, რომელიც მან დღეს სასამართლოს მისცა, აცდენილია იმ მტკიცებულებებისგან, რომელიც საქმეში დევს.

როგორც ფხაკაძემ ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა, ბრალდებულმა საერთოდ უარყო მის მიერ გარდაცვლილზე არათუ დაზიანებების მიყენება, არამედ დაჭრაც კი. პროკურორის თქმით, ბრალდებულის ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა შეფასდეს.

"მკაფიოდ და ცალსახად ვაცხადებ, რომ ხსენებული პირის ჩვენება აბსოლუტურად აცდენილია საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მხოლოდ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ემყარება. გარკვეულ დეტალებზე ვარაუდით ისაუბრა, დეტალურად არ უსაუბრია კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პირზე დანის დარტყმასთან დაკავშირებით. ისიც ვერ დაადასტურა ხსენებულმა პირმა, სხვა რომელიმე პირს ეჭირა თუ არა დანა, დაუნახა თუ არა, ესეც ვერ დაადასტურა. ასახელებდა გაურკვეველ ნივთს, ამბობდა, რომ ვარაუდით დაინახა. თუ რამდენად რეალური იყო მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, დასკვნით სიტყვაშია შესაფასებელი და რა თქმა უნდა, სასამართლოს მიერაა შესაფასებელი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ჩვენება გაზიარებადია, მას დაეყრდნობა. თუ მიიჩნევს რომ გაზიარებადი არაა, შესაბამისად, არ დაეყრდნობა ამ ჩვენებას", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

რაც შეეხება საქმიდან ბრალდებულის ჩვენების გაქრობას, პროკურორის თქმით, ეს ალოგიკურია, ვინაიდან მისი ჩვენება ბრალდების სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს. "ხსენებული ბრალდებული გამოძიების სტადიაზე დაკითხული არ არის, დუმილის უფლება გამოიყენა, მაგრამ მასთან განხორციელებული არის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის დეტალებზე საუბრობს. მან განაცხადა, რომ ეს იყო მის მიერ ზემოქმედების ქვეშ მიცემული ინფორმაცია და იმ მომენტში, რაც გაახსენდა, ის გააჟღერა. აცხადებს რომ იმ დროს, როცა ფარული ჩაწერა მიდიოდა, ნაწილს სიმართლეს ამბობდა, ნაწილს კი - არა. ბრალდებულის დაკავებიდან დაახლოებით 6 თვეა გასული და სწორედ დღეს განაცხადა ამ დეტალების თაობაზე, რომ თითქოს, არასწორი ინფორმაცია მიუწოდებია ფარულ ჩანაწერში. მას დაკავებისთანავე ჰყავდა ადვოკატი, თუმცა დღემდე ეს ინფორმაცია, რაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, არც მისმა ადვოკატებმა გააჟღერეს და არც მანამდე მისცა ჩვენება. რაც შეეხება ჩვენების დაკარგვას, თუ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება საქმიდან დაიკარგა, ეს ნონსენსია, ვინაიდან ბრალდებულმა ისაუბრა, თითქოს, იმ რაღაც დოკუმენტში ჰქონდა დაფიქსირებული გარკვეული დეტალები და დამერწმუნეთ, ეს მხოლოდ ბრალდებისთვის სასარგებლო ინფორმაციაა. ბრალდების სასარგებლო ინფორმაციას ბრალდების მხარე როგორ გააქრობდა საქმიდან, ალოგიკურია", - განაცხადა პროკურორმა.

ზვიად ფხაკაძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ ბრალდებულის ჩვენება არ უნდა გაიზიაროს, რადგან მან სასამართლოს აბსურდული ინფორმაცია მიაწოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს