ნინო ბურჯანაძე - „ბასიანში“ შევარდნა იყო დადგმული და კონტრაქციაშიც იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც უშუალოდ სუს-იდან იმართებოდა

„ბასიანში“ შევარდნა იყო დადგმული და კონტრაქციაშიც იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც უშუალოდ სუს-იდან იმართებოდა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არის ადამიანი, რომელიც ნარკოტიკების გასაღებას მფარველობს.

„მე ძალიან ნათლად ვხედავდი დადგმულ სცენარს თავიდან ბოლომდე. „ბასიანში“ შევარდნა დადგმული იყო ერთი კონკრეტული მიზნის გამო, რომ ხელისუფლებას ეჩვენებინა, რომ მისი ინტერესი არ არის „ბასიანში“ და იქ წილი არავის აქვს. საჩვენებელმა აქციამ გამოიწვია პროტესტი. ასევე, დადგმული იყო ის კონტრაქციის ნაწილი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, რუსთაველზე ორივე მხარეს იყვნენ აბსოლუტურად გულწრფელი ადამიანები და იყვნენ ისინი, ვისაც შეიძლება ფორმა არ მოეწონა და არ იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის მომხრე. კონტრაქციაშიც იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც უშუალოდ სუს-იდან იმართებოდა და ვინც გულწრფელად მივიდა გასაპროტესტებლად. ეს ვითარება ცეცხლთან თამაშს ჰგავს. იმ მომენტში, რაც გახარიამ გააკეთა, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. გულწრფელად მისულმა ადამიანებმა აურიეს ხელისუფლებას ვითარება, მაგრამ მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ ცეცხლს ეთამაშებიან. ისეთი პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსება, რომელსაც ასეთ დროს გამოიყენებ, ძალიან სახიფათოა, რადგან ერთ დღეს შეიძლება გამოვიდნენ კონტროლიდან და ქვეყნის თავის ტკივილი გახდნენ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.