„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ - ნარკოპოლიტიკის საკითხზე შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა გადაწყვეტს, გაგრძელდება მოლაპარაკებები თუ საპროტესტო რეჟიმი

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის საკითხზე შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობას ითხოვს და აცხადებს, რომ სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს, გააგრძელებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუ გადაინაცვლებენ საპროტესტო რეჟიმში.

„ჩვენი უკმაყოფილება გამოწვეული იყო შეცდომის უმნიშვნელო აღიარებით, რადგან გუშინ ჩვენ ვერ მივიღეთ მინისტრის ბოდიშის სამართლებრივი და პოლიტიკური დასტური. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, დავაყენეთ მოთხოვნა შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, ნარკოპოლიტიკა მომხმარებელთა ნაწილში სწორედ ამ უწყების პრეროგატივა უნდა გახდეს. მოთხოვნაზე მივიღეთ მზაობა და ველით დროის შეთანხმებას. შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია, უკიდურესი ვადა არის ამ კვირის შაბათი. სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუ გადავინაცვლებთ საპროტესტო რეჟიმში“, - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მოძრაობა ბოდიშს იხდის შს მინისტრთან გუშინდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებისთვის და იმ მიზეზებს ხსნის, რამაც მონაწილეთა მხრიდან შეხვედრის თაობაზე გამოხატული უკმაყოფილება განაპირობა.

„შეხვედრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა კლუბებში განხორციელებული ოპერაციის საფუძვლებს, 12 მაისის ღამის დაკავებებს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებსა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას. შეხვედრას ჩვენი მხრიდან კლუბებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგნლები ესწრებოდნენ. ოპერაციის საფუძვლად შსს ასახელებს მანამდე არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 12 მაისის ღამეს კლუბებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, რეალიზაციის ფაქტებს ჰქონოდა ადგილი, თუმცა როგორც მოგვიანებით ვნახეთ, სპეცოპერაციის დღეს კლუბებში არც ერთი რეალიზატორი არ დაუკავებიათ. მეორე მიზეზად სამინისტრო უცნობი სუბსტანციის გამოჩენის ფონზე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს. ითქვა, რომ მათ იციან, კლუბ „ბასიანის „ადმინისტრაცია გარეული არაა რეალიზაციის საქმეში, მაგრამ ეს გარემოება ღონისძიებას ვერ შეაკავებდა. რაც შეეხება კლუბ "გალერის", მათი თქმით, კლუბის ერთ-ერთი თანამშრომლის პასუხისმგებლობა იკვეთებოდა, რომელიც დაკავებულია კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა შიგნით. ვერ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი, თუ რატომ “ბასიანი”, "გალერი", და "ბლოუ-ბარი", როცა სასამართლოს განჩინება ჩხრეკაზე გაცემული იყო სხვა კლუბებზეც“, - ნათქვამია განცხადებაში.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ შეფასებით, კომიკურია, რომ შეიარაღებული სპეციალური რაზმის შესვლა შსს-მ დაცვის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის თავიდან აცილებით გაამართლა.

„სამინისტრო არ თვლის, რომ დაირღვა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ხალხის პოლიციის კორდონებით ხელოვნურად განცალკევებას ისინი გზის გადაკეტვის თავიდან აცილების მიზნით ხსნიან. შსს უკანონო დაკავებებსა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე ამბობს, რომ მათთან განცხადებები არ შესულა, თუმცა გადაცდომების არსებობას არ გამორიცხავს. ადმინისტრაციულად დაკავებულთა მიმართ კი სასამართლო დავები ამ დრომდე არ დაწყებულა. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა უკლებლივ ყველა დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, რაზეც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს