ნინო ბურჯანაძე - გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს ის „სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში ამყოფებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც“.

„პირველი რიგში, მიხარია, რომ პოლიტიკოსები როგორმე მიდიან იმ აზრამდე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან დიალოგი არის საჭირო და აუცილებელი. როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, სამშობლოს მოღალატედ მაცხადებდნენ და ლამის დასახვრეტად მიმეტებდნენ. დღეს იგივეს ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილს დაავიწყდა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - როდესაც ის იყო ახლად არჩეული პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად იყო შეხვედროდა საქართველოს ახლად არჩეულ ლიდერს. თუმცა, მაშინ გიორგი მარგველაშვილმა სამარცხვინო პასუხი გასცა, ჯერ დავეკითხებიო ჩემს დასავლელ პარტნიორებს და თუ უფლებას მომცემენ, მერე შევხდები ვლადიმერ პუტინსო. ეს იყო სამარცხვინო საქციელი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მარგველაშვილის ამ შეთავაზებას არ მიიღებს, რადგან მისთვის უკვე საინტერესო არ არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩა ვადის ამოწურვამდე.

„ახლა ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის მარგველაშვილის მზადყოფნა, როდესაც მისი ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც თვეებია დარჩენილი, რატომ უნდა შეხვდეს მას რუსეთის პრეზიდენტი?! გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს ის სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც. ამის გარდა, მარგველაშვილი ამბობს, რომ შეხვედრას და დიალოგს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ აქვს აზრი. ესეც არარაციონალური და სულელური განაცხადია, რადგან დიალოგი სწორედ იმისთვის არის საჭირო რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს. ამას არავინ გააკეთებს, ვიდრე დიალოგი არ შედგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას არანაირი რეალური შედეგი არ მოყვება, გიორგი მარგველაშვილს მინიმუმ 4 წლით დააგვიანდა“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის ნატრობს რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგს, როცა იგი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება.

"მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს "ძერჟავას" ინტერესებიდან გამომდინარე და არ ითარგმნება ეს "ძერჟავას“ ინტერესები ოჯახის ინტერესებამდე. არ მიდის „ძეეჟავას“ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე. ასე რომ, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა