ევროპოლთან შეთანხმებით, თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს

თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრია დაკავებული, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა.

„ამჯერად, სპეცოპერაცია საქართველოში ჩატარდა. ევროპოლთან შეთანხმებით, მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრია დაკავებული, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. თბილისში, მახათას აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული დიმიტრი ჭრელაშვილი. სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში - 1973 წელს დაბადებული გივი ბეგიაშვილი, თბილისში, მუხიანი მე-3 მიკრორაიონში კი - 1993 წელს დაბადებული კახა ბეჟიტაშვილი.

ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან - მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან“, - განაცხადა ჭელიძემ.

მისი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით 60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ევროპოლთან აქტიურ თანამშრომლობას და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ინტენსიურ ღონისძიებებს.

ქურდულ სამყაროსთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა გუშინ ერთხმად დაუჭირა მხარი და მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება და დანაშაულად ცხადდება მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა, კერძოდ: ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, - აღნიშნა ჭელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა