ეროვნული არქივი საეკლესიო საგანძურის აღრიცხვას აწარმოებს

ეროვნული არქივი საცავებში არსებული დოკუმენტების საფუძველზე, დაცული თუ განადგურებული საეკლესიო საგანძურის აღრიცხვას აწარმოებს.

ეროვნული არქივის ხელმძღვანელობამ დღეს საპატრიარქოში პროექტის "საგანძური ეროვნული არქივის ფონდებში" პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მღვდელმთავრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ასათიანმა წარადგინა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ძირითადად უკვე განადგურებული საეკლესიო საგანძურის შესახებ ფოტომასალა. საგანძურის ამსახველი ფოტოები ალექსანდრე როინაშვილის, დიმიტრი ერმაკოვის, თეოდორე კიუნეს კოლექციებიდანაა. XIX-XX საუკუნეების ფოტოებსა და წერილობით დოკუმენტაციებში დაცულია ინფორმაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ექსპედიციების დროს აღრიცხული საგანძურის შესახებ.

ასათიანის თქმით, პროექტი გასულ წელს დაიწყო და უკვე ათასამდე სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შეისწავლეს. მისივე თქმით, ზოგიერთი ძვირფასი ნივთის შესახებ ინფორმაციული მასალა უკვე არქივშია დაცული, თავად ფოტოზე თუ წერილობით გადმოცემული ნაკეთობის ან ნივთების უმეტესობა განადგურებულია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ჭედურობის, ხელნაწერების, ფერწერული ნიმუშების, ნაქარგობების, საეპისკოპოსო შესამოსების შესახებ. დოკუმენტაციების კვლევის დროს პირველად გამოვლინდა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულად ქართული ახტალის ტაძრის წარმოშობის შესახებ მასალა, ასევე კაცხის ვერცხლის ლუსკუმა სახარების ჩასაბრძანებლად. ქეთევან ასათიანის განცხადებით, მხოლოდ ფოტოზეა დაცული მღვიმევის სახარების მინიატურები, ასევე შემოქმედის მონასტრის 1008 წლით დათარიღებული ჭედური ხატები და სხვა.

ეროვნული არქივის მიერ დაწყებული პროექტის მიზანია ერის საგანძურის შესახებ სხვადასხვა ტიპის მასალის მოძიება, სისტემატიზაცია, შესწავლა და განახლებული აღწერების შექმნა, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია არსებული საგანძურიდან რომელია დაცული მუზეუმებში და რომელი განადგურდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ჩვენ გვჭირდება კარგი საცავი და კარგი მუზეუმი.

"მე ვფიქრობ, რომ კიდევ აღმოვაჩენთ ასეთ საეკლესიო ნივთებს, ხატებს. ისინი უცხოეთის მუზეუმებში, კერძო კოლექციებშია შენახული. მე მინახავს რამდენიმე ძალიან ძვირფასი ხატი სვანეთში. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება კარგი საცავი და კარგი მუზეუმი", - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა შეხვედრის დასასრულს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა